2 ნოემბერი, 2021

დინა მირცხულავას შესანიშნავი წერილი

ნოველისტი დინა მირცხულავა თავისი შემოქმედებიდან ერთ-ერთ შესანიშნავ წერილს გვთავაზობს:
“ECCE HOMO (აი ადამიანი – ლათინურად) – ორიათას ცხრამეტი წლის წინ თქვა პილატემ ქრისტეზე.
და ორიათას თვრამეტი წლის შემდეგ მე და ის ვიდექით ადამიანების წინაშე და ველოდებოდით, რომელს გაგვაკრავდნენ ჯვარზე.

მას უთქმელობა ჰქონდა დათესილი და ჯვარცმა მოიმკა.
მე ვწერდი.
ვწერდი ნოველებს, ურითმო ლექსებს, სულელურ მოთხრობებს და ბარათებს… ვბედავდი კიდეც და ვუგზავიდი იმ ადამიანს, ვისზეც პილატემ თქვა – ECCE HOMO !
იმიტომ ვთავხედობდი, რომ მე ხატი და მსგავსი ვიყავი მისი.
მასავით მქონდა სული და სხეული და ზოგჯერ (მასავით) ისე მემძიმებოდა, რომ მეც დამხობილი ვემუდარებოდი – აეცილებინა ეს სასჯელი.
მაგრამ მე არ შემეძლო იმნაირად მეთქვა – იყავნ ნება შენი…

და თუ გადარჩენა ჰქვია ამას, გადავრჩი იმიტომ რომ წერა შემეძლო, სასვენ ნიშნებს სწორად ვსვამდი და ყველაზე ადამიანს ყველა ბარათში ვახსენებდი თავის ადამიანურ სისუსტეებს…

196-ე ბარათში ისიც კი მივწერე, რომ მამაჩემი ღმერთი არ იყო და მამაჩემს არ შეეძლო აერიდებინა ჩემთვის რამე…
მეტიც – მამაჩემს სწორედაც რომ მამაშენის მოზელილი ტალახისაგან გაუთეთრდა – მეთქი-თმა…

ახლაც მგონია, რომ მე იმ უპასუხო წერილებმა მიშველა.
ის კიდევ უთქმელობამ აიყვანა ჯვარზე.
მან არსად არასოდეს არ იმართლა თავი.

ადამიანებმა კი მე – ბარაბა – ამირჩიეს და მასზე ამბობდნენ : “ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი”… გრგვინავდნენ დედამიწელები.

და მე გადარჩენილი, მაგრამ მისი ცოდვით სავსე ვწერ განუწყვეტლივ და ყოველი ბარათის ბოლოს ვამუქებ წინადადებას – “შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი!!!”

ჯვარზე გასაკრავად…..”