დინა მირცხულავას საუკეთესო წერილი

დინა მირცხულავას საუკეთესო წერილინოველისტი დინა მირცხულავა საუკეთესო წერილს აქვეყნებს, რომელიც მამას ეძღვნება:

“ხომ უნდა დაბერდეს, ღმერთო, მამაჩემი.

ხომ დიდი ხანი უნდა მოუნდეს სიბერეს მამაჩემი.

ჯერ ჩვენი ეზოს უზარმაზარ კაკლის ხეს, ჯოხის ერთი მოქნევით ვეღარ დააყრევინოს გვიან შემოდგომამდე შერეჩნილი კაკლები.

ჯერ ხელის მეტვენები ისე უნდა დაეგრიხოს, როგორც მისი დარგული ვაზი შემოგრეხია ჭიგოს.

ძალიან უნდა დაბერდეს მამაჩემი, ისე ძალიან, რომ ჩვენი ძროხის ზანზალაკის ხმაზე უწინდებურად ვეღარ წამოხტეს.

დაბერდეს ისე, რომ ომში მის თვალწინ მოკლულ ადამიანებს ცხადლივ ელაპარაკებოდეს და ეგონოს რომ შინ არის, შინ დაბერდა.

ეგონოს რომ, სახლის უკან ფორთოხლის უზარმაზარი ბაღი ისევ გვაქვს და მუხლში ძალა რომ ერჩოდეს, ეჰ, მუხლი რომ უვარგოდეს, გავიდოდა და ნახავდა, შარშან ჩაყრილმა ნერგებმა თუ იხეირეს.

ისე დამიბერე მამაჩემი, ღმერთო, რომ მისი სამხედრო „ბუშლატის“ ტარების თავი აღარ ჰქონდეს, იჯდეს ჩვენს სვანურ ღუმელთან და წითელ კოპლებიან ჩაის ჭიქაზე ითბობდეს დაღლილ ხელებს და ამბებს მიყვებოდეს – ცხოვრების ამბებს.

ოღონდ დამიბერე მამაჩემი, ღმერთო და ხელში აყვანილს ვატარებ.

იმ უსამართლობასაც შევეგუები – რომ მამაჩემი ნელი ნაბიჯებით და ტაატით უნდა ვატარო ხოლმე ჩემი ძმის საფლავზე და ისე პატარა და დალეული უნდა იყოს მამაჩემი, რომ ძმის ყორღანზე დამხობილი წერტილივით მოსჩანდეს.

და მეც იმ სიბერეში, მის სიბერეში, ნელ-ნელა ვისწავლო იქნებ, რომ ერთ დღესაც უნდა წავიდეს მამაჩემი და ბუნების ეს კანონზომიერება ძალიან არ მეტკინოს…”