19 ნოემბერი, 2021

დავით წერედიანის არაჩვეულებრივი ჩანაწერი

პოეტ დავით წერედიანის შემოქმედებაში არის ლექსები, რომლებიც მკითხველს გამორჩეულად უყვარს.

“არტინფო” შემოქმედის პოეზიიდან ერთ-ერთ შესანიშნავ ლექსს შემოგთავაზებთ:

ლაზარე
I
ცხრა განწირული ძახილი
საბლად ჩავკიდე შავეთს,
ცხრა მზე ბრუნავდა, ცხრაბნელი,
უკუნს მაფენდა ცხრავე.
რას ითვლი, მუხის მერქანო,
რამდენისა ვართ ხანად,
ხვალ თექვსმეტისა ვიქნები,
თუ გაზაფხულმა ბრძანა,
და ვიდრე ჟამი დაკრავდეს,
კვლავ ჩამიხვევდეს ჩქერი,
გლეხის ბიჭი ვარ ლაზარე,
ხნულში ვდგევარ და ვმღერი…
– სამი ასული მცილობდა,
როკვად მიწვევდა ყარიბს,
ერთი მათგანი მზის იყო,
ერთი მათგანი მთვარის,
ერთი სულ უცხო ერია,
ჩემთვის უვლია ცხრამთა,
შავ ცხენზე იჯდა, საღარზე,
შავი ეჯიბი ჰყავდა.
ცის ნათელს მღერის ლაზარე,
მთებზე დაფენილ ციაგს,
აპრილის ფერად კალთაზე
მღერის ქსანსა და ლიახვს,
თუ გაზაფხულმა ინება,
წილი თავიდან ვყარო,
შენი ვარ, მწვანე მერეხო,
ყვავილდასხმულო ღვარო,
ქართლის ნაზამთრალ გულისპირს
ნელი წვიმებით ნამავს,
ვაჰმე, რა მშვიდად თამაშობს
სიკვდილ-სიცოცხლის თამაშს…
II
მოზარე ქალთა კრებული
რისთვის დამსხდარა მცხეთას?
რისთვის მოარწევს მდინარე
წითლად შემოსილ ცხედარს?
რისთვის მოდიან მხედრები
ანანურით თუ არშით?
– შენი ღიმილი მიყვარდა,
წყვილი პეპელა ქარში.
– შენი გულმკერდი მიყვარდა,
მწიფე თავთუხის ხვავი.
– შენი ფერდები მიყვარდა,
მჟავე სურნელი ჭვავის.
მუხლებზე ხელებდაყრილი
ვზივარ ეკვდერის კარად.
აღმდგარა ყველა ლაზარე,
ჩემი ლაზარე – არა.
როგორ მოარხევს ბინდისფერს
ქარში ალვების წყება,
მზის გულზე მოვის პერანგი
როგორ თოვლივით დნება.
სხივთალხით განათებულა
სალაზარობო ნათლით,
ქართლი, გვირგვინი ეკლისა,
მწირის არგანი, ქართლი.
ამოდის მწუხრის ვარსკვლავი.
ვზივარ გზისპირას მარტო.
– არ ჩაქრე, მწარე სახმილო,
მაცოცხლებელო დარდო…”