23 ნოემბერი, 2021

აკა მორჩილაძის საუკეთესო წერილი

მწერალი გიორგი ახვლედიანი იგივე აკა მორჩილაძე ნამდვილად გამორჩეული შემოქმედია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.

“არტინფო” გთავაზობთ მის ძალიან კარგ წერილს, რომელიც ამაში დაგარწმუნებთ:

“ცხოვრებაში სულ ერთხელ დავინახე მეფე. თბილისობის დროს, რომელიღაც აღდგენილი სახლის აივნიდან გადმოდგა და ხალხს ყანწი დაანახა. იმ დროს ერთი მუშა კაცი, მგონი ქურთი იყო, ცდილობდა, ხალხში შეეღწია და მეფე კარგად დაენახა. ვიღაც გალსტუკიანმა და ულვაშიანმა კაცმა ჯერ ხელი ჰკრა, მერე კიდევ წიხლიც მიაყოლა ფერდში. იმ ქურთს ხელში ეჭირა ქაღალდის პარკი, უფრო სწორად იღლიაში ამოედო. წაიქცა, გაუვარდა პარკი და იქედან გადმოვარდა სქელ ქაღალდში გახვეული ხორცის ნაჭერი.

მე მაშინ ვიყავი ცამეტი წლის. შეიძლება უფრო პატარაც. რაღას გაიხსენებ, როდის აღადგინეს ის სახლები? თუნდაც უფრო პატარა ვყოფილიყავი, შვიდი წლის ვიყავი და მეფე იყო, ოცდაჩვიდმეტის ვარ და ისევ მეფეა. მგონი მადლობა უნდა ვუთხრა, სტალინის დროს ბევრმა ვერ გაუძლო ოცდაათ წელიწადს. ანუ ვინც შვიდის იყო, იმათგან ბევრი ვერ გახდა ოცდაჩვდმეტის. ვინც გახდა, უმეტესობა ტიროდა, სტალინი მოკვდაო.

მე ვარ უბედური ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ნაირგვარი ღირსების თხელ-თხელ წიგნებს წერს და ახლა ამ ქვეყნიდან ძალიან შორს არის, სხვა ქვეყანაში, სადაც შუქის ფულს მეზობლისგან არ სესხულობს ხოლმე. ამბები აქეთ ექოდ უფრო აღწევს ხოლმე, საკომპიუტერო ხაზები ცუდია და ტელეარხების დაჭერა ჭირს. რაღაც ნაწყვეტებს თუ მოვკრავ ყურს.

თუმცა ტელევიზორით ამბების შეტყობას დიდი ნაკლი აქვს. ამბავზე კი არ ფიქრდები, არამედ იმ ამბავზე, რომელიც ტელევიზორში მოისმინე. ამიტომ ამას ისედაც არ მივდევ. ახლა შინ დაბრუნება კიდევ ჩემგან მეტიჩრობა იქნებოდა, რომელი მოღვაწე მე ვარ, ანდა ბრანეპოეზდის უფროსი, რომ რევოლუციას შევუერთდე. მე არც ინტელიგენტი ვარ. სიმართლე რომ ვთქვა, მუშა გახლავართ და ვამაყობ ამით. ყველა ჩემი წინაპარი გლეხი იყო, უკანასკნელ სამას წელიწადს მაინც. მანამდე აზნაურებიც რევიათ და დადიანის ძროხის მკვლელობის გამო, ანუ დადიანთან ქიშპობის გამო გაუგლეხებიათ.

ერთხელ, როცა კიტოვანის გვარდია რკონში გავიდა და გვარდიის სხვა ნაწილებმა კი გამსახურდიას უერთგულეს, მთავრობის სახლთან ხალხი ირეოდა: უფრო ამბის გასაგებად, ვიდრე მიტინგის მოსაწყობად. იქ მოვხვდით მე და ჩემი ამხანაგი და იქვე ერთი შავებში ჩაცმული პატარა ხნიერი ქალიც იყო. გამოკითხვა-ლაპარაკში გვითხრა, შვილო, ახალგაზრდების სიცოცხლის გამო მეშინიაო, ძალიან მეშინიაო, ამბობენ ომი მოხდება და ისევ მეფე ჩამოვაო. ახ, რა მტკიცედ დავარწმუნეთ, რომ მისი წინააღმდეგიც ვიყავით. რას ამბობ, დედი-თქო, ეგ ხომ უკვე გამოვიარეთ-თქო, ვინ ჩამოუშვებს-თქო, ჩვენ გვინდა რო საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული იყოს-თქო. ბიჭები ვიყავით. თუმცა რაღა ბიჭი, ერთი შვილი კი მყავდა უკვე.

ის ქალი მერე იჯდა დელისთან და პატარა მუყაოს ყუთში ნამცხვრები ელაგა. იქით ვმუშაობდი და ყოველდღე მიწევდა მის წინ გავლა. მიწა გამსკდომოდა, მერჩია, ახლაც სირცხვილისგან არ ვიცი, სად დავიმალო. მაშინ, მთავრობის სახლთან, დაღუპული შვილის სურათი გვაჩვენა და კარგად დამამახსოვრდა ეს საბრალო ქალი. როგორ შევხედავდი? ეს რომ ვუთხარი, იმის მერე ხომ მეფის დამკვირვებლად გამამწესეს სამსახურიდან. ყველანი გაგვამწესეს ბიჭები, ნაირგვარ უბნებზე. რომელი მებრძოლი ვარ? წავედი. ჩემი უბანი იყო ონკოლოგიური საავადმყოფო, საიდანაც გვიან ღამით ფეხით დავბრუნდით მთა-მთა მე და ერთი პატიოსანი ექიმი. დიდი მადლობელი ვარ ამ დღისათვის. ნამდვილი სირცხვილი ვისწავლე, ნამდვილად მომაკვდავი ადამიანები ვნახე, რომელთაც საარჩევნო ყუთს ჩრიდნენ. ეს სიმწარე დაუვიწყარია. როგორღა შემეხედა იმ კეთილი ქვრივისთვის თვალებში?

იმ მოხუცი ქალის ამბავმა ბევრად უფრო იმოქმედა ჩემზე, ვიდრე ომებმა. მე არ მიომია. მე კაცის მოკვლა არ შემიძლია და ამის არ მრცხვენია. პოზიციის გამოსახატავად ომში წასვლა კი სისულელეა. ომში სასროლად მიდიან. იმ დროს, როცა ომი იყო, მე ეროტიკული სურათებით გამოტენილ გაზეთს ვაკეთებდი. ოთხ ნომერში მაინც იყო ეროტიკული ფოტოები. აი, რა დამემართა. იმ მოხუცის მოტყუებაზე არანაკლებ ცუდი ამბავი. ამ საქმეზე იმიტომ დავთანხმდი, რომ ორმოცდაათი დოლარით მეტი მქონოდა. აი, რა დღეში ჩავვარდი. მაშინ დავწერე წიგნი, „მოგზაურობა ყარაბაღში“, რადგან ვეღარაფრით მოვითმინე, რომ არ დამეწერა.

მე ერთ რამეს მივხვდი: ჩვენ, ქართველები, ჩიტები ვყოფილვართ. ჩიტები ვიყავით და მოგვატყუეს, მიგვიჩვიეს საკენკით, აგერ მოდი, ეს მოკენკე ბიძიაო და ამ კენკვა-კენკვაში ფრენა დაგვავიწყდა. სულ მიწაზე ვიყავით და ფრენა რაღაში გვინდოდა. ქათმებად გადავიქეცით. ქათამს კიდევ აჭმევენ, კვერცხს აართმევენ და მერე კიდევ კოხტადაც დაკლავენ. გიყურებიათ ხომ ქათმის დაკვლისთვის: თავი კუნძზე და ნაჯახი. ბასრიც არ არის სავალდებულო.

როგორია, რო მიხვდები, რომ ქათამი ხარ?

როგორც ვხედავთ, მეფე აღარ მინახავს. ორი წლის წინათ 26 მაისს მოსაწვევი მომივიდა, დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და მობრძანდით სამეფო დარბაზობაზეო. აკაკი წერეთელი არ მივიდა ნიკოლოზ მეორესთან და მე რაღატო უნდა მივსულიყავი; აკაკის კი არ ვადარებ თავს, მარგამ არ მინდოდა, იმიტომ, რომ ის შავებიანი ქალი მოვატყუე, თორემ მეფეს კი არ მივუწვევივარ. იმან საერთოდ არ იცის, ვინ ვარ და საერთოდ რატომ უნდა იცოდეს. მეფის მოგონილმა ქვეყანამ მიმიწვია.

მე მჯერა, რომ ჩვენ ჩიტები ვიყავით და ქათმებად გადაგვაქციეს. მაგრამ ქათამსაც შეუძლია გაფრინდეს, თუ ძალიან ეცდება. ბევრს იწვალებს, მაგრამ მაინც. მერე ეგებ წიწილებსაც ასწავლოს. ეს ძველმოდური შედარებაა, მაგრამ ასეა.

ამ მოგონილ ქვეყანას არაფერი სცხია ვეფხისტყაოსნის, არც იმ საბრალო ილია ჭავჭავაძის, რომელსაც, როცა არ დაეზარებათ, მაშინ შეანჯღრევენ ხოლმე, არც მიხა ხელაშვილის, არც სხვა ვინმესი, ვინც მიყვარს და ვაფასებ. ამ ქვეყანას მოუკლეს ავთანდილები, მეგობრის დასახმარებლად წასული ბიჭები, ამ ქვეყანას მოუკლეს ტარიელები, მართლა შეყვარებული ბიჭები, ამ ქვეყანას არც თინათინები დაუტოვეს და არც ნესტან დარეჯანები. ერთი კოშკში გამოკეტილი ქალიც კი არ შეარჩინეს, რათა რომელიმე რაინდი მის გათავისუფლებას ცდილიყო. თუ ქალი არ არის, რაინდი საიდანღა მოვა?

და რახან ეს არ იყო და რახან მოგონილია კოჭის გორება, ცრუ ღიმილები და უბედურება, როგორი გამოვიდოდა ჩემს მიერ მოგონილი საკუთარი თავი? საშინელი გამოვიდოდა.”