15 ოქტომბერი, 2021

ვასილ ბესელიას გამორჩეული წერილი

მწერალი და პოეტი ვასილ ბესელია თავისი შემოქმედებიდან ერთ-ერთ ნოველას “წერილები” გვიზიარებს:

“ჩუმათელეთის ფიჭვნარში პიონერთა ბანაკები ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგა. ერთის დირექტორი იასონ სანიკიძე იყო და მას სანიკიძის ბანაკს ეძახდნენ. მეორეს ერეთეოზ ჯოლია განაგებდა და შესაბამისად, ჯოლიას ბანაკი ერქვა. ეზოებს მავთულბადის ღობე ჰყოფდა. ღობეს სამეზობლო ჭიშკარიც ჰქონდა დატანებული.

12 წლის ვიყავი. გამხდარი. ძვალი და ტყავი. ჩემს მშობლებს ექიმებმა ურჩიეს, ჩუმათელეთის ჰაერი მოუხდებაო. თვრამეტდღიანი საგზურით ხელდამშვენებულმა მამაჩემმა ჯოლიას ბანაკში პირდაპირ დირექტორს ჩამაბარა. თვითონ კი, ბანაკებშორის სამეზობლო ჭიშკრისა და სანიკიძის ეზოს გავლით, დაბლა, სამანქანო გზისკენ დაეშვა.

არ მინდოდა დარჩენა, მამაჩემს გავეკიდე, მაგრამ ჭიშკრის გაღება ვერ გავბედე, იქვე, ხის ძირას, გაზონის ბორდურზე ჩამოვჯექი. მავთულბადის იქეთ, სანიკიძის ეზოში, ორი გოგონა, ჩემსავით, ბორდურზე იჯდა. ერთს, ასე, ჩემი ხნისას, ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები, მეორე, შედარებით უფროსი, ამშვიდებდა და ცხვირსახოცით უმშრალებდა სახეს. კარგა ხანს ვუყურებდი გოგონებს, მერე უფროსს ვკითხე, რა ატირებს-მეთქი. დედა მოენატრაო, დღეს ჩამოვედით და უკვე ტირისო. სიმართლე გითხრათ, მრცხვენოდა, თორემ მეც ვიტირებდი, იმ დღეს ჩამოსულს, მეც მენატრებოდა დედა. გოგონებისგან შევიტყვე, რომ დები იყვნენ და რუსთავში ცხოვრობდნენ. ისინი ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს.

დილით უთენია წამოგვყარეს, ხელ-პირი დაგვაბანინეს და პიონერულ ხაზზე გაგვამწკრივეს. მუსიკის მასწავლებელმა ბაიანზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი შეასრულა. კომუნისტური პარტიის საქმისათვის საბრძოლველად იყავით მზადო, ტრიბუნიდან მოგვიწოდა უფროსმა პიონერთხელმძღვანელმა. ჩვენ წარბებსშუა გავაშეშეთ გაწვართული მარჯვენა ხელი და ერთხმად ვიქუხეთ:
– მზად ვარ!

მერე ჩაგვიტარეს საუბარი აქტუალურ საკითხებზე, დაგვირიგეს გაზეთი „პიონერი“, გაგვაცნეს დღის წესრიგი და ასე შემდეგ. ბოლოს ისევ დაგვაფიცეს დედა, რომ კომუნისტური პარტიის საქმეებს შევაკვდებოდით და დაშლის ნება დაგვრთეს. ნახევარ საათში საუზმეზე მობრძანდით სასადილოშიო.

მე იმწუთას მეზობელი ბანაკისკენ გავიქეცი. გოგონები იქ დამხვდნენ. ხასიათი გამოკეთებოდათ.. ერთმანეთი უცებ გავიცანით, იმ მტირალას კესო ერქვა, ერთი წლით უფროს დას – ქეთათო. გვასალიები გახლდნენ, მამა ხორშელი ჰყავდათ. მეგრულიც მშვენივრად იცოდნენ.

მთელი თვრამეტი დღე იმ მავთულბადესთან გავატარე; მე აქეთ, ჯოლიას კარ-მიდამოში, ისინი იქეთ – სანიკიძის მამულში იდგნენ. როგორც კი გამოვეხსნებოდით პიონერულ ღონისძიებებს, გავრბოდით ერთმანეთისკენ, სხვადასხვა მხრიდან მივადებდით ხელებს მავთულბადეს და ვსაუბრობდით დაუსრულებლად. კესო ყოველთვის ჩემ პირდაპირ იდგა, ქეთათო – ცოტა მოშორებით. ის ზოგჯერ საერთოდაც არ მოდიოდა, კესოს კი, დღე არ გაუცდენია, პირობა დავდეთ, რომ მომავალი წლის აგვისტოშიც აქ მოვიდოდით, მანამდე კი ერთმანეთს წერილებით მოვიკითხავდით.

კვირა არ გამოგვიტოვებია, ვწერდით და ვწერდით წერილებს. ვყვებოდით ყველაფერზე, თავგადასავლებზე, მასწავლებლებზე, გაკვეთილებზე, მშობლებზე… მოკლედ – რაც თავში მოგვივიდოდა…

ერთხელაც კესომ მომწერა, რომ დედამისი ჩვენს მიმოწერას ეწინააღმდეგებოდა, რომ ჩემი წერილის წაკითხვას უშლიდა და ყველაფერ ამას მის უჩუმრად აკეთებდა. მეზიზღებოდა დედამისი, მაგრამ კესოსთვის მასზე საყვედური არასოდეს მიმიწერია.

გაზაფხულზე კესომ წერილები შემიწყვიტა. მე ისევ გულმოდგინედ ვაგრძელებდი წერას და აგვისტომდე დღეებს თითებზე ვითვლიდი. დადგა ეს დღეც, მაგრამ დები არ გამოჩენილან.

ვიდექი მავთულბადეზე ხელებმიდებული და მეჩვენებოდა, იქეთა მხარეს კესო იდგა… როგორც იქნა ჩამოთავდა ის უსაშველო თვრამეტი დღეც და შინ მიბრუნებულმა ისევ გავაგრძელე წერილების წერა. პასუხებს უკვე არ ველოდი, რუსთავში გაპარვა მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. სად წავიდოდი სოფელში გაზრდილი, ტლუ ბიჭი.

ბოლოს მივწერე, რომ მე ის მიყვარდა და თუ დუმილს მაინც გააგრძელებდა, სწავლას მივატოვებდი და თავსაც მოვიკლავდი…

მოხდა სასწაული, კესოსგან პასუხი მივიღე… მთხოვდა, რომ დავმშვიდებულიყავი, რომ დედამისს ჩემი წერილები უკვე მოსწონდა, რომ მასაც ვუყვარდი, მაგრამ ჩვენ ჯერ ბავშვები ვიყავით და სკოლის დამთავრებამდე უნდა მოგვეცადა. კიდევ ორი წელი გაგრძელდა ჩვენი მიმოწერა, ბოლოს უფრო და უფრო იშვიათად ვახსენდებოდი კესოს და ცოტა ხანში ჩვენი ეპისტოლარული მიჯნურობაც დასრულდა…

ეს იმდენად ბუნებრივად მოხდა, ვერც კი ვიგრძენი.
მერე დრომ, თავისი გაიტანა…
. . .
შარშან კოვიდის ვირუსი შემეყარა. ავადმყოფობა გამირთულდა და ოცი დღე საავადმყოფოში გავატარე. გამოწერის წინა დღეს მკურნალმა ექიმმა მითხრა, ენდოკრინოლოგი საკონსულტაციოდ გელოდებაო.
ენდოკრინოლოგის კაბინეტი პირველ სართულზე იყო. ლიფტით ჩავედი. კარი ღია დამხვდა. მაგიდას ხანში შესული, მშვენიერი ქალბატონი უჯდა.
– შეიძლება?
-მობრძანდით ბატონო…! – სახელით მომმართა, არც გამკვირვებია, ჩემი ანკეტა წინ ედო.
-ამ დილით შაქარი გაიზომეთ?
-კი, ნორმალური მქონდა, არ ვჭამ, მადა საერთოდ არ მაქვს და როგორ ამიწევდა…
ექიმს არაფერი უთქვამს.
– მე თქვენი ბავშვობისდროინდელი წერილები მაქვს, – მოულოდნელად მომახალა, კარადის კარი გამოაღო და წერილების რამდენიმე, კარგა მოზრდილი შეკვრა მაჩვენა, – თქვენთვის წამოვიღე, ვიცოდი აქ რომ იყავით…
თვალები შუბლზე ამივიდა, დავიბენი…
– გაგიკვირდათ?
– თქვენ კესო ხართ თუ ქეთათო? – უცებ გამინათდა გონება.
– ქეთათო ვარ, ქეთათო გვასალია…
ერთხანს ვდუმდი, გონებაში ჯოლიას ბანაკში გატარებული დღეები დატრიალდა…
– კესო როგორაა, ქეთათო?
– კესო აღარაა, იმ პიონერული დღეებიდან შვიდი თვეც არ იქნებოდა გასული, მენინგიტით რომ გარდაიცვალა… ექიმებმა ვერ გაუგეს… არაფერი ეშველა.
თვალები ცრემლებით გამევსო… თავი ჩავქინდრე და ფიქრში ჩავიძირე – კესო ღობის იქეთ იდგა, ქარმა წამოუბერა, წითელი აბრეშუმის კაბა აუფრიალა და წითელი, მაქმანებიანი საცვალი გამოუჩნდა… კესო გაწითლდა, კაბა ხელებით დაიჭირა და ტირილი მორთო… მე ძალიან მომინდა, ჭიშკრიდან მომევლო და კესოსთვის მეკოცნა…

ფიქრი გამიგრძელდა.
– როგორ, – ქეთათოს ავხედე,- მთელი ორი წელი მისგან წერილებს ვიღებდი!
– გაქვთ ის წერილები, თუ გადაყარეთ?
– არა, რას ამბობთ, მე ყველაფერს ვინახავ.
– წერილებს დედაჩემი გწერდათ, მიყვარხარო, რომ მოიწერეთ, დედა მთელი ღამე ტიროდა, შენ გამოც ტიროდა. დილით კესოს ნაცვლად მან მოგწერათ… მერე ისე მიეჩვია, არ გაჩერებულა, სანამ უყვარს და წერილს წერს, კესო ცოცხალიაო, ისტერიულად იმეორებდა, თავს იმშვიდებდა, იმშვიდებდა კი არა, ამით ცოცხლობდა, ამ წერილებით გააჩანჩალა ის ორი წელი… მძიმედ რომ დაავადდა, მწოლიარე წერდა, არ შეეძლო და მაინც ცდილობდა, არ ნებდებოდა, ბოლოს კესოსთან წავიდა, მშვიდად, დაუნანებლად… თქვენ, ალბათ, არ დაკვირვებიხართ, თორემ შეამჩნევდით, კესოსმერენდელი წერილები ბავშვის ნაწერს რომ არ ჰგავდა, თუმცა დედა ძალიან ცდილობდა, თხრობა და ხელწერა მიემსგავსებინა… მან სიკვდილის წინ ერთი კონვერტი დამიტოვა თქვენთვის გადმოსაცემად, არ დაკარგო, არც იჩქარო, როცა იქნება მოძებნე და გადაეციო. მეც ბავშვი ვიყავი, ვერ მოვახერხე, მერე მიმრჩა და მიმრჩა. ახლა მოგცემთ, ნახევარი საუკუნის მერე, ეს თქვენი წერილებიც თქვენთან იყოს, თქვენ უკეთ მიხედავთ და მოუვლით…

ქეთათო წამოდგა, ჩემი წერილები დასტა-დასტა ჩამილაგა წინასწარ გამზადებულ ჩანთაში, დედის ბარათი უჯრიდან ამოიღო და მომცა.
– ხომ ხედავთ, კონვერტი არ გამიხსნია, ასე მთხოვა დედამ!
მადლობა გადავუხადე და კაბინეტიდან გამოვედი, რისთვისაც ვიყავი მისული, არც მას გახსენებია და არც მე. არც ტელეფონის ნომერი გამომირთმევია, არც არაფერი მიკითხავს. ფირნიშზე სხვა გვარი ეწერა და მივხვდი, დაოჯახებული იყო. კარამდე გამომაცილა, ნიღბები გვეკეთა, თორემ აუცილებლად ვაკოცებდი. გავყევი დერეფანს ჩემი გამოღლილი ნაბიჯებით. სანამ ლიფტში შევიდოდი, იდგა და მიყურებდა…
. . .
პალატაში დაბრუნებულს, მოუთმენლად მინდოდა ჩემი ერთი წერილი მაინც წამეკითხა, მაგრამ ვერ გავბედე, ვიცოდი, ვერ გავუძლებდი.
ნეტა, ეს კონვერტიც არ გამეხსნა:
„ჩემო კარგო ბიჭო, ორი წელია შენი წერილებით ვცოცხლობ, მალე იმქვეყნად წავალ და კესოს შენს სიყვარულზე მოვუყვები! ვიცი, ეს ბარათი ძალიან გვიან მოვა შენამდე… თუ ოდესმე იგრძნო, რომ ბედნიერი ხარ, გახსოვდეს, ეს იმიტომაცაა, რომ შენს ცხოვრებაში ერთ დროს ჩემი ყვავილივით ლამაზი და უხანო კესოც იყო…“
სიყვარულით, კესო გვასალიას დედა, მადარია ანთელავა”