თემურ ქორიძის შესანიშნავი წერილი

თემურ ქორიძის შესანიშნავი წერილილიტერატურის მკვლევარი და კრიტიკოსი თემურ ქორიძე არჩევნების თემას თავის პუბლიციტიკაში ეხება:

“არჩევნები

სპორტულ მარათონად ქცეული ხმაურიანი შეჯიბრი… გამარჯვებულის “დამსახურებული ჯილდო” – ძალაუფლება!

დიახ, რატომღაც ჯილდო და არა ტვირთი, რომლის ზიდვასაც ნამდვილად არ უხდება ტრიუმფი და მხიარული ყიჟინა; არ უხდება, რადგან აქ ხმებს კი არ “წონიან” (ილია), არამედ მხოლოდ ითვლიან და ამდენად, დიდი ალბათობაა იმისა, რომ გამარჯვებულის ჩირაღდანს პრომეთეს ნაცვლად ჰეროსტრატე დაეუფლოს.

ხმათა უმრავლესობა?

არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ “სისულელე, მაშინაც კი, როცა მას ხმაშეწყობილად იმეორებს თუნდაც ოცდათექვსმეტი მილიონი ყბა, მაინც სისულელედ რჩება” (ანატოლ ფრანსი).

ძველ რომში კონსულობის ან სენატორობის მაძიებელი კანდიდატი არჩევნებში გასამარჯვებლად ფანტასტიკურ თანხას ხარჯავდა. თითოეული მოქალაქის ხმა ერთობ ძვირად ფასობდა, რადგან მარადიულ ქალაქში საარჩევნო ხმის უფლებით მხოლოდ თავისუფალი მოქალაქე იყო აღჭურვილი. აი, საბჭოთა საკანონმდებლო დაწესებულებაში მოსახვედრად კი მაშინდელ “რჩეულებს” კაპიკის დახარჯვაც არ უწევდათ. გასაგები მიზეზების გამო “საბჭოთა ადამიანის” ხმა კაპიკიც არ ღირდა…

აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს მოქალაქის ხმის “წონა” დღეს ზედმიწევნით შეესაბამება მისი თავისუფლების ხარისხს (10-50 ლარი).

მართლაც საოცარი ვინმეა ჩვენებური ამომრჩეველი. ამომრჩეველს პირობითად ვუწოდებთ, თორემ თუ ასეთ ღრმა კრიზისში მყოფ ადამიანს კვლავაც შერჩენილი აქვს ავ-კარგის გარჩევისა და, საერთოდ, ამორჩევის უნარი, ანუ პოლიტიკური აზროვნებისა და საზოგადოებრივი აქტივობის სასურველი ხარისხი, ეს მართლაც დიდ ინტელექტუალურ მიღწევად უნდა ჩაითვალოს.

ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ჩვენი ამომრჩეველი არცთუ ძვირად აფასებს თავის პოლიტიკურ “ხმას”: ორიოდე კილოგრამი ბრინჯი, ფქვილი, მაკარონი და ზედ დართული ოცლარიანი სავსებით საკმარისია, რათა თავისი უნიკალური საგანძური მან ოთხი-ხუთი წლით ჩააბაროს პოლიტიკოსად სახელდებულ ხმების მოყვარეს.

ამ მარტივი სავაჭრო-კომერციული გარიგების შედეგად მოგებული, რაღა თქმა უნდა, “რჩეული” გამოდის. მან ხომ სულ რამდენიმე ათასის საფასურად აიხდინა ბავშვობის ოცნება და ამაყად შეაბიჯა პარლამენტის (ან სხვა მსგავს) შენობაში.

უცნაურია, მაგრამ წუთისოფელი ასეა:

ჩვენი და ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა, თავისი უმანკო სისხლიც დაღვარა… ამიტომაა, რომ ჩვენ “სისხლითა მისითა სყიდულ ვართ” და, მაინც, ორი ათასი წელია ვერა და ვერა აგვირჩევია იგი – უფალი ჩვენი, ვერ აგვირჩევია ქრისტეს გზა.

… და რა უპრობლემოდ ვირჩევთ პრეზიდენტებს, პარლამენტარებს, მერებსა და ა.შ.

დიახ, მხოლოდ თავისუფალ მოქალაქეთა შორის, თავისუფალ გარემოში მოპოვებული წარმატებაა ნამდვილი წარმატება და დაფნის გვირგვინსაც მაშინ აქვს ფასი, როცა მას თავისუფალი მოქალაქის ხელიდან იღებენ ხოლმე!”