14 ოქტომბერი, 2021

სვეტიცხოვლობის შესანიშნავი განმარტება

სვეტიცხოვლობა 14 ოქტომბერს აღინიშნება და ამ დღეს მორწმუნეები მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში იკრიბებიან.

დღესასწაულის ძალიან კარგ განმარტებას გვთავაზობს კონსტანტინე გამსახურდია:

“დღეს სვეტიცხოვლობაა. დავით აღმაშენებლის შეკითხვა “რაი უწყით, რაი არს სვეტსა ამას შინა და რასა თაყვანს ვცემთ” ლეგიტიმური შეკითხვაა ცნობიერი ადამიანისა, რომელიც სამყაროს წინაშე დგას და არ სურს იგი მისთვის რაღაც ამოუცნობ ენიგმად დარჩეს: თუნდაც იმიტომ, რომ ამ სამყაროში საკუთარი როლი დაინახოს და განსაზღვროს. თავად დავითმა ზენასამყაროული გამოცხადებით პასუხი მიიღო ამაზე, მაგრამ ჩვენ კი ვიცით?

მართლაც რა არის “სვეტი ღმრთივბრწყინვალე და მირონმდინარე,” რომელიც ზეციდან ნათებად გადმოვიდა წმინდა ნინოსა და მისი დობილი-მოწაფეების ერთობლივი ლოცვისას, მას შემდეგ, რაც მეშვიდე სვეტი თეთრებში მოსილმა ჭაბუკმა, დიდი ალბათობით მთავარანგელოზმა, ზეცად აღმართა? რომელმაც ელვისებურად გააცისკროვნა კედარისგან გამონათალი სვეტიც და მის ძირში დაკრძალული სიდონიას უხრწნელი ცხედარი საუფლო კვართით ხელში?

ცხოველი ანუ ცოცხალი სვეტი, ისევე როგორც საუფლო კვართი ერთი სუბსტანციითაა მოქსოვილი: ესაა ღმერთის, როგორც სამყარომდე არსებული და სამყაროს შემოქმედი პირველარსის უქმნელი მადლი და ენერგია.

სვეტში იმანენტურადაა მოცემული მამა, როგორც სამყაროს შემოქმედი და სუვერენი; ძე, როგორც ზენასამყაროული სიყვარული, რომელიც სიცოცხლის ფენომენში მანიფესტირებს; და სულიწმინდა, რომელიც ჭეშმარიტების სულია და ყოფიერების მირიადი ფორმის წარმომქმნელი.

სვეტი ღვთის სულია, რომელიც შესაქმისას სამყაროულ წყლებზე იძროდა.

სვეტმა აღმართა ადამიანი ისე, როგორც დღეს არის: ფეხებით მიწაზე და თავით ვარსკვლავეთისკენ.

სვეტი უქმნელი ზენა ნათელია, რომელიც წინ უძღოდა ეგვიპტიდან უდაბნოში გასულ მოსესა და მის ერს.

სვეტი ძლიერებაა დავით მეფსალმუნის სამეფოსი. იგი ისრაელს, იუდეას და სამარიას იფარავს წარმართების სამხედრო ძლიერების წინაშე.

სვეტი სოლომონის სიბრძნეა, ტაძარში ქვის ორ სვეტად, “იაკინად” და “ბოასად” ჩამოქნილი, რაც სპირიტუალურზე და მატერიალურზე, შემოქმედზე და მის მადიდებელზე მიანიშნებს.

სვეტი ელია წინასწარმეტყველის ეტლის ცეცხლოვანებაა, რომელსაც ზეცად მიჰყავს იგი.

სვეტი ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა და იოანე ნათლისმცემელის შთამაგონებელია, მომავალი ზეციური სასუფევლის ქვეყნად გარდამოსვლის საკითხზე.

სვეტმა დააფიქრა ბერძენი ფილოსოფოსები ძის მომავალ განკაცებაზე.

სვეტი მართალი საქმისთვის აჯანყებულ მაკაბელთა შემართებაა.

სვეტი ნათებაა გოლგოთის თავზე. სვეტი ძალაა, რომელმაც განახორციელა ღმერთკაცის სხეულის აღდგომა მისი საფლავიდან და მთელი კოსმოსის ტრანსფიგურაცია, რამაც ტაძრის კრეტსაბმელი ორად გააპო.

სვეტი ქალწული მარიამიას მიერ თქმული ლოცვაა, რომელიც შემოქმედისკენ მიიქცევა.

სვეტი თორმეტ მოციქულზე გადმოსული მადლია: ერთის მხრივ თითოეული მათგანის ინდივიდუალობის გამომხატველი, მეორის მხრივ ზოგადად ღმერთკაცებრივი სიბრძნისა. ამიტომაც სვეტიცხოვლის ტაძარი თორმეტი მოციქულის სახელობისაა.

სვეტი კრებითი სიბრძნეა, რომელიც ერთობლივი მედიტაციით, ლოცვით, მსჯელობით, ანალიზით და სინთეზით მიიღწევა მსოფლიოს შვიდ საეკლესიო კრებაზე.

სვეტი იხილა კაპადოკიელმა ნინომ, ჩვენი ქვეყნის მფარველმა ანგელოზმა. ამით იგი სრულიად განსაკუთრებულია წმინდანთა შორის.

სვეტი თორნიკე ერისთავის და ქართველთა სამხედრო კორპუსის წარმმართველია ჰალისის ბრძოლაში, რასაც შედეგად მოყვა ათონის მთაზე ქართული ლავრის დაარსება.

სვეტია ის “მარტივი და სრული სამმზე”, რომელსაც დავით აღმაშენებელი თავისი ამქვეყნიური სიცოცხლის მწუხრზე ევედრება სულიერი მხედველობის განათლებას.

სვეტი გაერთიანებული საქართველოს პირველმიზეზი და საყრდენია. იგი დავით აღმაშენებლის და თამარის სამხრეთ- და ჩრდილოკავკასიური იმპერიის უხილავი ხერხემალია.

უსასრულოდ შეიძლებოდა გაგრძელება. რაც დრო გადის, სვეტი მით უფრო მეტად უნდა აღიმართოს ადამიანების მართებული საქმეებიდან, აზრებიდან თუ სიტყვებიდან. ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთ ლექსში ადამიანი თავადაა მოუდრეკელი და შეუმუსვრელი სვეტი ცასა და მიწას შორის.

დაე, აღიმართოს იგი ყველა ჩვენგანის, ასევე ყველა ჩვენი მოკეთეს ცხოვრებასა თუ საქმიანობაში, შინ თუ გარეთ. გილოცავთ!”