17 ოქტომბერი, 2021

სამაგალითო მებო ნუცუბიძე

მომღერალ მებო ნუცუბიძეს უკვე მესამედ ეპატიჟებიან რუსულ მუსიკალურ შოუში “Ну-ка, все вместе!”

“ამ საშინელი რუსული შოუდან უკვე მესამედ მწერენ. შარშან და შარშანწინ უბრალოდ დავსინე. წელს კიდევ მომწერეს და უკვე ამოვიდა ყელში.

ჩემთვის, თითქოს ელემენტარულია, რომ წინასწარვე უნდა ხვდებოდეს ადამიანი ჩემს უარყოფით პასუხს, ვერც უნდა ბედავდეს მოწერას.

რა მინდა იმ ქვეყანაში, რომელმაც ჩემი ნათესავები სახლებიდან გამოყარა და რომლის აგრესიის გამოც უშუალოდ ჩემი ოჯახის წევრები დაიღუპნენ პოსტ-ტრავმული შედეგებით? ან იმ ხალხთან რა მესაქმება, ამ ყველაფერზე რომ თვალს ხუჭავს და რაღაც აბსურდებს გაიძახის?

ოდესმე ყველამ ხომ უნდა დავუფიქსიროთ, რომ არ ვართ მათი კარის მსახურები, მომღერლები თუ მოცეკვავეები?

თუმცა, სამწუხაროდ, ამ სითავხედის საფუძველს ჩვენც ვაძლევთ, ხაჭაპურებით და ნანაინანაინანებით.”

“არტინფო” გთავაზობთ მიმოწერის თარგმანს:

“გამარჯობა! მე ზოია შპაკოვსკაია ვარ, ტელეკომპანია “Россия 1”-ის მუსიკალური შოუს “Ну-ка, все вместе!” ქასთინგ რედაქტორი . გვინდა, ჩვენს შოუში მონაწილეობა შემოგთავაზოთ. იქნებ, დეტალურად განგვეხილა?

– გამარჯობა საქართველოდან.

თუ არ იცით, მინდა, გითხრათ, რომ ჩემი ქვეყნის ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერაა ოკუპირებული. ჩემთვის სრულიად მიუღებელია, დავუკრა და ვიმღერო იმ ოკუპანტ ქვეყანაში, რომელმაც მოკლა და ახლაც კლავს და აპატიმრებს საქართველოს მოქალაქეებს. რუსეთს ამჟამად ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული.

ინტერესის გამო, გადავხედე თქვენი შოუს რამდენიმე ეპიზოდს და სულაც არ გამკვირვებია, რომ ქართველებს მუდამ “ხაჭაპურისა” და “ნანაი-ნანაი-ნანას” ხალხად წარმოაჩენთ. მსგავსი არასწორი სტერეოტიპებით შექმნილი კარიკატურული სურათები ჩემთვის სრულიად მიუღებელია.

მე ჩემი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ვარ და არ მინდა, იმ შოუში მივიღო მონაწილეობა, რომელიც ჩვენს მემკვიდრეობასა და ღირებულებებს ამცირებს.

მადლობა და ნახვამდის მანამ, სანამ ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ.”