8 ოქტომბერი, 2021

ოთარ იოსელიანის უცნობი სასამართლო

ბევრმა არ იცის, რომ უნიჭიერეს რეჟისორს ოთარ იოსელიანს ფილმისთვის “გიორგობისთვე” სასამართლო მოუწყეს.

ეს ისტორია დავით ჯაფარიძემ გაიხსენა:

“ფაქტს, რომ ოთარ იოსელიანის ფილმის “გიორგობისთვე”-ს ეკრანებზე გამოჩენამ განსაკუთრებით აღაშფოთა მეღვინეები და რომ მათ ამასთან დაკავშირებით წერილები გააგზავნეს საქართველოს ცკ-ასა და მინისტრთა საბჭოში, მშრომელთა და მეღვინეთა წერილები ცკ-ასა და მინისტრთა საბჭოში ნამდვილად მისდიოდათ, მაგრამ მათივე დავალებით. ცკ-ა და მინისტრთა საბჭო ავალებდა ქვემდგომ ორგანიზაციებს, რომ რიგით მოქალაქეებს, მათ შორის მეღვინეებსაც გაეგზავნათ აღშფოთებული წერილები ფილმის შესახებ.

ფილმის “გიორგობისთვე” მეორე რეჟისორი იყო აწ განსვენებული ავთო მაჩაიძე. 40-ოდე წლის წინ ავთომ ჩემთან საუბრისას გაიხსენა ფილმთან დაკავშირებული ერთი ისტორია:

ფილმი ახალი გამოსული იყო, როცა ოთარმა მითხრა, ხვალ თელავში უნდა წამომყვე, იქ ამხანაგური სასამართლო (იყო ასეთი სასამართლო სსრკ-ში) იმართება “გიორგობისთვესთან” დაკავშირებით. მევენახეები და მეღვინეები აღშფოთებულები და შეურაცხყოფილები არიან და ჩემ გასამართლებას ითხოვენ.

დილიდან გავემგზავრეთ კინოსტუდიის “კოლხოზნიკით”. დაიწყო სასამართლო, გამოვიდა ერთი მევენახე და ილაპარაკა როგორი ცუდია ფილმი. ოთარმა მოსამართლის ნებართვით რამდენიმე კითხვა დაუსვა მომჩივანს, გამოირკვა, რომ გლეხს ფილმი ნანახი არ ჰქონდა. მეორე მომჩივანის შემთხვევაშიც იგივე რომ გამეორდა და სასამართლოს ფარსის სუნი აუვიდა, მოსამართლემ სხდომა გადადო რაღაც საბაბით.

გარეთ რომ გამოვედით, ჩვენთან მოვიდნენ იქაური მეღვინეები, რომლებიც დაბარებული ჰყავდათ ფილმის გასაკრიტიკებლად. მათ დიდი მადლობა გადაუხადეს ოთარს ასეთი კარგი და მართალი სურათისათვის, ფილმში ნაჩვენები პრობლემა ჩვენც ძალიან გვაწუხებს, მაგრამ ხელ-ფეხი შეკრული გვაქვსო.

მერე გულით გვთხოვეს რესტორანში სუფრა გვაქვს დაკვეთილი და წამობრძანდითო. ოთარმა მადლობა უთხრა, ქალაქში გვეჩქარებაო, მაშინ მოცდა გვთხოვეს და ცოტა ხანში მობრუნდნენ, “კოლხოზნიკი” ღვინითა და პურ-მარილით აგვივსეს და ისე გამოგვისტუმრეს!”