მერაბ კოსტავას არაჩვეულებრივი ისტორია

მერაბ კოსტავას არაჩვეულებრივი ისტორიამერაბ კოსტავას ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს პოეტი თინათიან მღვდლიაშვილი იხსენებს:

“ერთხელ, შეღამებულზე, სახლისკენ მიმავალ მერაბს, იქვე, რუსთაველის ძეგლთან მდებარე შადრევანთან ჩამომჯდარი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი შეუნიშნავს. შეცოდებია, ფეხზე წამოუყენებია და სახლში წაუყვანია. აღშფოთებულა ქალბატონი ოლღა, აქაოდა, ეს ვინ არისო? მერაბს უთქვამს: ცოდოა, დედა, უგონოდ არის, რაღაც ფათერაკს გადაეყრება, მოუარე და მერე დააძინეო. ქალბატონ ოლიკოს შვილს თხოვნა შეუსრულებია…

შუაღამისას, მერაბის დედას, აივნიდან, რაღაც უცნაური ხმები გაუგია, წამომდგარა, აივანზე გასულა და, რას ხედავს? მერაბს იმ ქალის დასვრილი თხელი კაბა გაურეცხავს და უთოთი აშრობდა თურმე… გაოცებული დედისთვის კი უთქვამს: დილით ეს სუფთა კაბა ჩააცვი ასაუზმე და ისე გაუშვი, ცოდოა, ჭუჭყიანი კაბით ხომ ვერ გავა ქუჩაში, ხალხი რას იტყვისო?…

აი, ასეთი ღვთისნიერი კაცი გახლდათ დიდი მერაბ კოსტავა. ასევე, დიდი ქალბატონი გახლდათ ცხონებული ოლღა დემურია-კოსტავა, რომელსაც შვილივით ვუყვარდი და მერაბის სულიერ დად მთვლიდა. არ ვიცი, რამ გამახსენა ეს ამბავი. თუმცა, რატომაც არ უნდა გამხსენებოდა?

ეს ამბავი ქალბატონმა ოლიკომ გამანდო და, გამოგიტყდებით, ავტირდი… დიახ, ამ ძლიერ, უშიშარ გმირს ოქროს გული უფეთქავდა!.. მერაბს უფალი, სამშობლო და ადამიანები მთელი არსებით უყვარდა. გასაოცარია, მაგრამ, პირადი მტრებიც კი ებრალებოდა. მერაბ კოსტავა, უპირველესად, ადამიანი იყო და სხვათა ადამის დროინდელ ცოდვებს არ განიკითხავდა. საინტერესოა, რამდენი მამაკაცი მოექცეოდა საბრალო, უმწეო ქალს ისე, როგორც მერაბ კოსტავა მოექცა? პირადად, მე, არ ვიცი!..

მოკლედ, მერაბ კოსტავა – სხვა ხედვით!..

მერაბ კოსტავა – საქართველოს ეროვნული გმირი, ქართველი რაინდი, დევნილი და მოკლული სიმართლისათვის!..

უფალმა აცხონოს დიდი ქართველები!..
* * *
მერაბს გზაზე
ხბომ კი არა,
იმპერიამ გადაურბინა!”