20 ოქტომბერი, 2021

ლევან თედიაშვილის წარმატების საიდუმლო

მიუხედავად იმისა, რომ ლევან თედიაშვილი პროფესიონალი მსახიობი არ არის, მის მიერ შესრულებული როლები არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზებითა და პრემიებით აღინიშნა.

გიორგი შენგელაიას ფილმში “ხარება და გოგია” მან გოგია კენკიშვილის როლი შეასრულა. რეჟისორს ყველაზე მეტად ფილმში მონაწლეობაზე სწორედ ლევან თედიაშვილის დათანხმება გაუჭირდა.

იმ პერიოდში მოჭიდავე სოფელ კაკაბეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. როდესაც გიორგი შენგელაიამ კაკაბეთში ჩააკითხა და ვერანაირად ვერ მიაღწია შეთანხმებას, ისიც კი უთხრა, 6 ათას მანეთს ჰონორარს გადაგიხდიო. 1985-86 წლებში 6 ათასი მანეთი კარგი ფული იყო. გამოიღო ლევანმა სეიფიდან 8 ათასი მანეთი, დაუდო გიორგის და უთხრა: – აიღე ეს ფული და თავი დამანებეო.

ფილმში “ხარება და გოგია” შესრულებული როლისთვის ტაშკენტის მსოფლიო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ლევან თედიაშვილმა “ოქროს პრიზი” დაიმსახურა.

1993 წლის 22 სექტემბერი მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე და ტრაგიკული აღმოჩნდა – აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი. საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ვახტანგ თედიაშვილი 1998 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ლევან თედიაშვილი კვლავ დაუბრუნდა გადასაღებ მოედანს და წელს მონაწილეობა მიიღო რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმში “მეოთხე ბრაიტონი”. ტრიბეკას კინოფესტივალზე იგი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს.

მწერალი ნუგზარ შატაიძე ლევან თედიაშვილთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებდა და მისი წარმატების საიდუმლოსაც გასცემდა:

“ერთხელ ლევან თედიაშვილს ვკითხე, მაინც რა იყო, რატომ გახდი მოჭიდავე-მეთქი? იმიტომ, რომ ქათმის ხორცი მიყვარდაო. გამიკვირდა, ქათმის ხორცი რა შუაშია-მეთქი?

გეტყვიო: ,,დედაჩემი ქათამს მარტო მაშინ დაგვაკვლევინებდა, სტუმარი რომ მოგვივიდოდა, მაგრამ იმ ქათმის მე მარტო ერთი ბარკალი მხვდებოდა. ჰა, ჰა, ერთი ბარკალი და ერთიც ფრთისძირი. არადა, ძალიან მიყვარდა, ვგიჟდებოდი ქათმის ხორცზე.

ერთხელ რაიონის მოზარდ მოჭიდავეთა ნაკრებში ამიყვანეს. შეკრებაზე ვართ. სადილის დრო რომ მოვიდა, შეგვიყვანეს სასადილოში და წინ ნახევარი შემწვარი ქათამი დამიდეს. მორიდებით ვიკითხე – ბოდიში, მაგრამ ესა სუ ჩემია-მეთქი? შენია, მა ვისიაო!…

აი, სწორედ მაშინა ვთქვი გულში – მორჩა, თქვენ მე აქედან ვეღარ მომიშორებთ-მეთქი!”