10 ოქტომბერი, 2021

ლექსები ზამთარზე

ოთარ ჭილაძე:

გინდა თუ არა, მაინც მოვა გულქვა ზამთარი.
ვეღარ შეასწრებ მელნის ზღვაში… ქაღალდის ნავით,
ანუ – ზღვიანად, ნავიანად – გადასახლდები
იქ, სადაც თოვლის მედიდური ერთფეროვნებით
გადაშლილია ყველაფერი და კაცის თვალი,
ნასროლ ქვასავით იკარგება თეთრ სიჩუმეში…
გინდა თუ არა, მაინც მოვა გულქვა ზამთარი.

ნოდარ დუმბაძე: ზამთარი

ბიჭოს, რა თოვლი მოვიდა,
ნეტავ საიდან მოვიდა
იმდენ ხანს დააგვიანა
ალბათ ძალიან შორიდან.
აუ რამდენი ფიფქია
ფიფქები ქარში მიქრიან
ასე ლამაზი თუ იყო
ზამთარი არ მიფიქრია.
ეი, ბეღურა მავთულზე
მობუზული რომ ზიხარო,
ჩემს აივანზე მოფრინდი
საკენკი გადმოგიყარო,
ცოტათი გათბი, დანაყრდი
და მერე ერთად ვიხაროთ.

 

ტერენტი გრანელი: “მოდის ზამთარი”

მოდის ზამთარი სუსხით და თოვლით
მოდის ნაზი და მშვიდი ფანტელით
იტყვის: ვერაფერს მივაღწევ მოვლით
ამიტომ უნდა მოვიდე თოვლით

მოდის ზამთარი გვიყინავს ხელებს
ულევ თოვლს მისცემს მყინვარ-წვერებს
ჩვენ ჩავეხუტებით გავათბობთ გულებს
ასე გადავიტანთ ზამთრის სუსხებს

ზამთარი მოიტანს ლამაზ ფიფქებს
ბავშვები ვაკეთებთ ულევ გუნდებს
ასე ვატარებთ ჩვენ უკვე ზამთრებს
და ველოდებით გაზაფხულის სურნელს.

 

მაყვალა მრევლიშვილი: “ციგაობა”

გაჰკრა ბაბუა ზამთარმა,
ზეცა გაფხრიწა ნეკითა,
დაეშვა თოვლის ფანტელი,
ერთმანეთს გამოეკიდა.
მეცნო მრავალი შრიალა,
მსუბუქი ფრთების ფარფატი.
დაიგო თეთრი ფთილების
მოუთელავი ნაბადი.
აბა, გიყვარდეს სრიალი!
სამ-სამი ერთად ვეშვებით.
მაღლიდან გუნდებს გვაყრიან
ნაძვები სავსე პეშვებით.
რტოდან ჩიტუნას აფრენით
თოვლის ბზე ჩამოგვეყარა,
ამ აღმა-დაღმა სრიალში
ჩემი მგონია ქვეყანა!

 

მაყვალა მრევლიშვილი: “ფიფქები”

თოვლის ნამცეცა ფიფქები
ყინვის ალერსით ვალმასობთ,
ციდან იმიტომ ვიფრქვევით,
ზამთარი გაგილამაზოთ.
ხელიხელგადახვეულებს
მიწისკენ მოგვიხარია,
ჩქარი ფერხულით ვეშვებით
გნატრობდით დიდი ხანია.
თეთრად დავფარავთ მიდამოს
ჩვენი ქათქათა კაბებით,
შორიდან ნამგზავრები ვართ,
შრიალით ჩავინაბებით.
მოარბენინეთ, ბალღებო,
ციგა და თხილამურები,
იჟრიამულეთ, გაგვართეთ
თქვენი ფაქიზი სტუმრები.
თორემ თუ ნისლი განაზდა,
ზამთარი, მბრწყინავთვალება,
აიკრავს გუდა-ნაბადს და
წლის სავალს გაგვეპარება.
ჩვენ კი თბილ სხივებს შევრჩებით
სათუთი, სიფრიფანები,
მზის გულზე სადმე შევშრებით
ან ცვარად ჩავექანებით.
ჯერ კი ხელგადახვეულებს
სიმღერით მოგვიხარია,
ჩქარი ფერხულით ვეშვებით,
გნატრობდით დიდი ხანია.

 

ვაჟა ფშაველა: “ზამთარი მთაში”

ჩამოგვითოვა ქედები
თეთი დახურა მანდილი,
თოვლი ბარადაც გვეწვია
დიდი არა აქვს მანძილი.
სამგლოვიაროდ იმოსვის
ჩვენის სოფლების მიდამო;
უსიამოვნო ამბავი
მიწას ეუწყა ციდანო.
დაღონებულა ტყე-ველი,
დაღონებულან ჩიტები,
ვეღარ ლაღობენ, დაწყნარდენ
ის მგალობლები, ცქვიტები.
ირემმაც ფერი იცვალა,
მთას უცქერს გაშტერებული,
უკვირს, რა ექნა ბალახი:
სამყურა გახელებული.
შველმა მოძებნა მაყვალი,
ზაფხულში დაწუნებული,
ჰკორტნის, არ სწუნობს ეხლა-კი
თვალ-მარდი, გახუნებული.
დატკბა და ძვირად დაფასდა
ბუხარი გახურებული,
გაწმინდა მონადირემაც
სიათა დაჟანგებული.
აქამდის მოცლით არ იყო
საქმისგან დაბანდებული.
წრიაპებს ეძებს ბერიძე,
ხუჩებს წნავს გაჩქარებული.
წავა და დასდევს ირმებსა
მთა-მთის პირთ გამალებული,
თუ მოჰკლავს, გამობრუნდება,
შინ მოდის გახარებული.
წინ ცოლი მიეგებება,
ქმარს ნაბადს უგებს კერაზე,
დააძრობს ფეხთით საცმელებს,
იქვე გადაჰფენს ძელაზე;
არ ზარობს, ცოლი მზად არის
გაყინულის ქმრის შველაზე.
გაჩაღებული ცეცხლია…
მხრებზე მოახვევს დურასა.
ერთს ყანწს არაყსაც მოუტანს,
ბერიძე გადიწურავსა.
დალაღებული ბალღები
გაიძახიან „ურასა“.
აშიშინდება მწვადები
წვენის წვეთ-წვეთად დენითა.
ბალღებს ჩიჩია ალაღებს,
ტუჩებს ილოკენ ენითა.
კატაც მიმჯდარა კერას პირს
თავის ულვაშით, წვერითა.
ისიც მოელის ერთს ჩიჩქსა,
რომ გაისველოს პირია.
სახლის ბოძებიც ხარობენ,
დღეს იმათთვისაც ლხინია:
მათზეა ასოდ აქნილი
ხარი-ირემი ღვინია.
ყველაცა ხარობს სახლშია,
რაღაა გასაჭირია.
ხორცი ბევრი და ნაფქვავი,
შეშაც დერეფანს მრავალი,
კიდევაც დარჩა ტყეებში
ხარ-ირმებისა ნავალი.
დაუკარ, ბიჭო, ჩონგური,
უთხარ თავგადასავალი, –
დაჰმღერე ძველი ამბავი
მამა-პაპისა მრავალი.
თოვლო, ითოვლე, ითოვლე,
მთა-ბარს ჩააცვი სუდარა;
ყინვა, ქარი და ნამქერი
ზამთრის წესია მუდამა.