“ჰერალდიკა და ისტორიულ პირთა პორტრეტები” ხელოვნების სასახლეშია

"ჰერალდიკა და ისტორიულ პირთა პორტრეტები" ხელოვნების სასახლეშია29 ოქტომბრიდან ხელოვნების სასახლე უმასპინძლებს მხატვარ-ილუსტრატორი და ჰერალდიკოსი ზაქარია (ზაზა) კიკნაძის პერსონალურ გამოფენას სახელწოდებით: “ჰერალდიკა და ისტორიულ პირთა პორტრეტები”.

მხატვარი დაიბადა თბილისში 1966 წელს. იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ხატვისა და ხელოვნების ისტორიის პედაგოგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საშუალო სკოლებში. აფორმებდა წიგნებს. 1990-იანი წლებიდან იყო სიმბოლიკის სახელმწიფო კომისიის წევრი. არის საქართველოს დღევანდელი ჰერალდიკურ-ვექსილოლოგიური სიმბოლიკის (გერბი, დროშა) კონცეფციის ერთ-ერთი თანაავტორი.

ამ კონკრეტული სერიის შექმნა განაპირობა ავტორის ინტერესმა საკუთარი გენეალოგიისა და წინაპრების მიმართ. ავტორმა გაითვალისწინა ევროპის სხვა ქვეყნებში მიღებული ტრადიცია, რომლის თანახმადაც წარსული ეპოქის წარმომადგენლებს ანაქრონისტულად და ხშირად იმ რეგიონისთვის არადამახასიათებელ სამოსელში გამოწყობილებს გამოსახავდნენ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისტორიული პირების გამოსახვის მსგავსი იდეა საქართველოში დღემდე არ განხორციელებულა.

ისტორიულ პირთა პორტრეტების უმრავლესობა, გამოსახული პირების თანადროული პორტრეტების არ არსებობის გამო, ავტორის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს. ზოგი პირი მართლაც მისი პერიოდისთვის დამახასიათებელ ისტორიულ სამოსელშია გამოწყობილი, ზოგიც კი ისეთი სამოსელში, რომელიც საქართველოში ან საერთოდ არ იყო გავრცელებული და ან კიდევ ძალზე უმნიშვნელოდ იხმარებოდა.

პორტრეტებზე განთავსებული წარწერები მეტწილად შუა საუკუნეების ლათინურ ენაზეა.

გერბებზე მუშაობისას, ავტორმა ძირითადად XVl-XVlll საუკუნეების ევროპისთვის დამახასიათებელ მანიერიზმისა და ბაროკოს სტილებზე შეაჩერა არჩევანი. საგერბე ფარების უმრავლესობა ავტორმა ზემოთქმულ პერიოდში პოპულარული კარტუშების ფორმით გამოსახა. გერბების უმრავლესობა ეყრდნობა ისტორიულ გერბთა ან სრულ და ან კიდევ ნაწილობრივ შემადგენლობას. გამონაკლისს მხოლოდ ჯორჯაძეთა გერბი წარმოადგენს. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ სადღეისოდ თავად ჯორჯაძეთა ისტორიული გერბის მოძიება ვერ მოხერხდა, ავტორმა თავს სრულიად ახალი გერბის შექმნის უფლება მისცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ისტორიულ ქართულ გერბთა უდიდესი უმრავლესობა თვითმინიჭებული იყო და უზენაესი ხელისუფლების მიერ არ იყო დამტკიცებული. ხშირად ეს გერბები პატრონის პირადი ნებით იქმნებოდა და იცვლებოდა და ჰერალდიკისთვის არადამახასიათებელ ელფერს იღებდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ავტორის მთავარ მიზანს, გერბების ჰერალდიკის კანონებთან სრულ თანხვედრაში მოყვანა და მათი ვიზუალური სახის გამოსწორება წარმოადგენდა.

ავტორის კონცეფციის თანახმად, გერბებს, შესაბამისი გვარების ერთი ან რამდენიმე წარმომადგენლის პორტრეტი ერთვის.

"ჰერალდიკა და ისტორიულ პირთა პორტრეტები" ხელოვნების სასახლეშია

"ჰერალდიკა და ისტორიულ პირთა პორტრეტები" ხელოვნების სასახლეშია

"ჰერალდიკა და ისტორიულ პირთა პორტრეტები" ხელოვნების სასახლეშია

"ჰერალდიკა და ისტორიულ პირთა პორტრეტები" ხელოვნების სასახლეშია