6 ოქტომბერი, 2021

გია მურღულიას შეკრებილი უკარგესი წერილები

ფილოლოგი გია მურღულია გვთავაზობს ყველაზე გულწრფელ წერილებს, რომლებიც 6-დან 10 წლამდე ბავშვებმა ღმერთს მისწერეს:

“წლების წინ, ერთ მშვენიერ დღეს, რიგაში ასეთი რამ მოიფიქრეს:

6-დან 10 წლამდე ბავშვებს სთხოვეს, ღმერთისთვის წერილი მიეწერათ.

ეს ბევრმა გააკეთა. ჩემთვის საინტერესო ნაწერებს გაგიზიარებთ – მათში ბავშვურ, გულუბრყვილო გულწრფელობასთან ერთად ძალიან ღრმა ადამიანური სიბრძნე და სევდაც ჩანს:

“ეკლესიებში კი სანთლებს ყიდიან – ეს შენი ბიზნესია?” (მე-2 კლასი)

“ძვირფასო ღმერთო, გევედრები, ისე გააკეთე, რომ ბებიით დაწყებული და სპილოებით დამთავრებული ყველა ბედნიერი, გამოკვებილი და ჩაცმულ-დახურული იყოს.” (მე-2 კლასი)

“ნებას დამრთავ, რომ არ მოვკვდე?” (1-ლი კლასი)

“ადამიანები ცოდვებისაგან კი არა, მარტოობისგან დაიხსენი.” (მე-4 კლასი)

“რატომ არის, რომ გაზაფხულზე, როცა საღამოს ცაში ვარსკვლავებს ანთებ და დედამიწაზე კი თბილი ქარი და სიჩუმეა, ხანდახან ტირილი მინდა?” (მე-2 კლასი)

“მამაჩემმა რამე დაგიშავა, ასეთი უიღბლო რომ არის?” (მე-3 კლასი)

“თუ რამე მტკივა, იმას ნიშნავს, რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ?” (მე-4 კლასი)

“რატომ შექმენი სამყარო ისეთი, რომ თუ დედა ტირის, ისიც ტირის?” (მე-3 კლასი)

“მანახე ერთი ანგელოზი მაინც.” (მე-2 კლასი)

“ვისურვებდი, რომ ჩემი დაბადების დღე წელიწადში ხუთჯერ იყოს. არა საჩუქრების გამო – უფრო ხშირად ვნახავდი მამაჩემს.” (მე-4 კლასი)

“უფალო, ქრისტეს გულისთვის, რამე გაიმეტე ჩემთვის.” (1-ლი კლასი)

ლექსი დავწერე. მგონი, სამარცხვინოა. არავისთვის მიჩვენებია, შენ კი, ღმერთო, გაჩვენებ:
დიდები ცრემლებით ტირიან,
დიდები თვალებით ტირიან,
პატარები ტირიან გულით,
ისინი სიცოცხლით ტირიან,
მაგრამ თუ დიდი პატარასავით ტირის,
ესე იგი, ის ნამდვილად ტირის.

ბავშვი არ არის მხოლოდ “მომავალი”, რომელიც ოდესმე მოვა – ისინი უკვე ახლა ცხოვრობენ.

და მათ დაეჯერებათ.”