გენიოსი იაკობ გოგებაშვილი

გენიოსი იაკობ გოგებაშვილიბევრი ქართველისთვის საფიცარ იაკობ გოგებაშვილს ქართული საზოგადოების წინაშე უდიდესი ღვაწლი აქვს.

“დედა ენის” შექმნის გარდა, მან თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში სერიოზული საგანმანათლებლო რეფორმა დაიწყო. იაკობ გოგებაშვილი გახლდათ ერთ-ერთი, რომელმაც სახალხო უნივერსიტეტის დაარსების მოძრაობა წამოიწყო. ეს წამოწყება 1918 წელს პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებით დაგვირგვინდა.

ის, რომ განათლება უმთავრესია, იაკობ გოგებაშვილის ფრაზების წაკითხვისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით:

“განათლება – ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს.

მთავარი ძალა, რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა და განათლება.

რამდენადაც უფრო დიდია ხალხის სიღარიბე, იმდენად უფრო ესაჭიროება სკოლა, რომელიც სამართლიანად ითვლება სიღარიბის უებარ წამლად.

ხალხის განათლება დედაბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობისა, ბედნიერებისა.

მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ

თუ ცოტოდნად სჯობიხარ შენს დაცემულს მეზობელსა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სიცოცხლით სავსე ხარ და აყვავების გზაზედ სდგეხარ.

შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია და, ღმერთის გარდა უსაქმო ძილისგუდა. ვინც ჰმოქმედობს, იღვწის, შეცდომას ვერასოდეს ვერ ასცდება.

ბრძენნი ამბობდნენ და ამბობენ, რომ საუკეთესო წყარო ადამიანის ბედნიერებისა მოსიყვარულე გულიაო.

როგორც ხე, მოშორებულ ფესვებს, ხმება, ისე ერი იღუპება, როცა ხელითგან ეცლება მიწა-წყალი, ტერიტორია.

სხვისი დამდაბლება ცილის წამებით ყოვლად უმსგავსო ხრიკია, რომელსაც შერცხვენა და დამდაბლება მოსდევს მისი, ვინც ამისთანა საქციელს კადრულობს.

სიყვარული შობს სიყვარულს.

ძლიერი, წმინდა სიყვარული მოყვასისადმი, თვით მოსიყვარულესაც უტკბობს სიცოცხლესა და მოყვასსაცო.

ყოველი ახალი ნაბიჯი სასიამოვნოა. იგი მოასწავებს წარმატებას, წინ მსვლელობას და სახელს უკეთებს საზოგადოებას, რომელიც, ეტყობა, სცოცხლობს, მოქმედებს და არ არის ერთს წერტილზედ გაჩერებული.”