7 ოქტომბერი, 2021

გაიცანით უნიჭიერესი ალექსანდრე მიშელაშვილი

უნიჭიერესი ალექსანდრე მიშელაშვილის ორ სტრიქონში მთელი სამყაროა ჩატეული.

უმოკლეს ფრაზებში მას ადამიანებისთვის მთავარი სათქმელი შესანიშნავად მიაქვს:

***
ხარის რქებზე რომ სალოცავად სანთლებს აანთებ,
ყელთან მიტანილ დანას როგორ არ მიენდობა?!
ალბათ, ფიქრობს, რომ ამ დასაბმელ ბაწარს შეაჭრი.
***
ნუ წამოგცდება მთის ნაკადულთან,
რომ გზად იმდენად გაიზარდა,
ბავშვი დაახრჩო.
***
შვილიშვილების მოლოდინში
დაპატარავდნენ,
თავშესაფარში მოქსოვილი
შალის წინდები.
***
ხე რომ ფუღუროს ფუტკარს დაუთმობს
და თაფლის გამო ძირში მოჭრიან,
ღმერთო, სხვა ხეებს სიკეთისა არ შეეშინდეთ!
***
სამი დღე წვიმდა,
გამოქვაბულში ჩამობერდა
თეთრი პეპელა.
***
როგორი სუფთა გული გაქვს, მთაო,
მხოლოდ და მხოლოდ შიგ გამოვლილმა
წყარომ თუ იცის.
***
არ გადაწმინდო მწვერვალებს ნისლი,
გაყინულ ერთურთს დაინახავენ.
***
ან წვიმის წვეთებს
გული როგორ არ გაუტყდებათ?!
ზოგს ოკეანე ელოდება,
ზოგს – დახეთქილი მიწის ნაპრალი.
***
ღმერთი კი ერთ დღეს
უსათუოდ სუყველას გვკითხავს,
ეს ჩიტებით სავსე უღრანი,
კაცის შესვლაზე,
რატომ ჩუმდება და იმალება.
***
ათას მდინარეს, ათასი მთვარე,
ჩამოაქვთ ზღვისკენ,
ზღვაში კი მაინც ერთი მთვარეა.
***
ლომის ღრიალზე ჭრიჭინები მაინც მღერიან,
რომ შეახსენონ,- მბრძანებელი მხოლოდ ღმერთია.
***
როგორ მარტო ხარ, ადამიანო,
რომ მოიგონე,
კოშმარების
წყლისთვის მოყოლა.
***
თაფლს რომ მალავდი,
ვერც გაიგებდი ალბათ, ყვავილო,
ფუტკარს რომ სულში არ ჩაეხედა.
***
კრავების საზრდოდ
ამოსულ ბალახს
ბატკნისთვის ყელში გამოსმულ
დანას შეაწმენდენ.
***
ნუ ეყუდები წაქცევისას
მუხას, წიფელო,
ტყე დაინახავს,
– მხარში დგომისთვის
როგორ მოჭრიან.
***
ქსანზე „მესაზღვრემ“
ძაღლი ჩაცხრილა,
რადგან ჩვენ ნაცვლად უღრენდა იგი.
***
ყვავილის თვალწინ
უნდა მოკვდეს ყველა პეპელა,
თორემ სამ დღეში
მიტოვებას დააბრალებენ.
***
ყველა ყვავილის სათქმელს ამბობს ალბათ ყაყაჩო,
როცა მოწყვეტ და სისხლისფერი ხელები გრჩება.
***
ხელგამოწვდილი ვეტერანი ორდენებს მალავს
ქვეყნის სახელის მოსაფრთხილებლად.

***
იქნებდა თოვლში ამოხეთქვაც ღირდა ყვავილო,
მშიერ მოხუცებს საჭმლის ფასად რომ გაეყიდე?!
***
იქნებ სამშობლო ბალახისგან უნდა გვესწავლა?!-
ცელის ხმაურზე გარბოდეს ყველა
და ფესვებმა არსად გაგვიშვას.
***
რა უდარდელად მიფარფატებ სეტყვის ღრუბელო,
თითქოს სხვა ლეწდეს ობლის ქოხზე ისლის სახურავს.
***
შვილთა ლოდინში,
რეცხვაში გაცვდა
ის თეთრეული,
დაკრძალვის ღამეს
რომ დაიწუნეს.
***
გამოქვაბულში ღამურებთან შეფრენილო ციცინათელავ,
იქნებ არც იცი, რომ სინათლეს ემალებიან?!
***
მზეც რომ ჩაიდგა უმანკო სულში,
ფიფქები მაინც მკვლელად ჩაგთვლიან.
***
ხმელი ხე ფოთლებს ვეღარ დაკარგავს,
იქნებ შვებაა ესეც ერთგვარი?!
***
ზამთრის ტკივილიც საჭიროა,
ალბათ, ტყემლებო,
ნაძვები თქვენებრ ვერასოდეს
იყვავილებენ.
***
ნაძვი, რომელზეც შაშვი გალობდა,
ოთახში შუშის ჩიტებით მოვრთეთ, –
ნუთუ ბედნიერ წელს ველოდებით?!
***
ბედი თქვი თორემ,
პურის ყანაში
ყვავილებიც
სარეველაა.
***
ატყევებულა მიტოვებულ სოფლისკენ გზები,
მოღალატენი უკან აღარ დამიბრუნდნენო.