ძალიან კარგი სიახლე ნინო ხარატიშვილისგან

ძალიან კარგი სიახლე ნინო ხარატიშვილისგანქართველ მწერალს ნინო ხარატიშვილს მისი ერთგული მკითხველისთვის ძალიან კარგი სიახლე აქვს. მისი ახალი და ჯერ გამოუცემელი რომანის “The Lack of Light” – “შუქის ნაკლებობა” საავტორო უფლება, წიგნის გამოცემამდე, უკვე შეიძინა ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და უმთავრესმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინზმა“.

სასიხარულო ინფორმაცია გვანცა ჯობავამ გაგვიზიარა:

“დიდი სიხარულით მინდა გაგიზიაროთ, რომ ნინო ხარატიშვილის ახალი და ჯერ გამოუცემელი რომანის “The Lack of Light” საავტორო უფლება, წიგნის გამოცემამდე, უკვე შეიძინა ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა, უმთავრესმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინზმა“! „ჰარპერ კოლინზმა“ ხალხო, გესმით ეს რას ნიშნავს? მსგავსი რამ ქართულ ლიტერატურას არ ახსოვს! ეს ნიშნავს, რომ ნინოს ამჟამინდელი წარმატება მონაგონი იქნება, ეს ნიშნავს, რომ მისი წარმატება ჩანჩქერივით გადაეშვება მაღალი კლდიდან და მოედება ყველას და ყველაფერს, ერთი წუთითაც კი არ მეპარება ამაში ეჭვი! და ეს არა მხოლოდ ნინოსთვის მისალოცი ამბავია, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ქართული ლიტერატურისთვის!

და არ იკითხავთ წიგნი რაზეა? ქეთო, ნენე, დინა და ინა – თბილისში, სოლოლაკის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში მცხოვრები ოთხი ქართველი გოგო, ქვეყანაში, რომელმაც სულ ახლახანს მოიპოვა დამოუკიდებლობა, ქვეყანაში, სადაც ძალადობა და ქაოსი სუფევს, ქუჩის გარჩევები, სამოქალაქო დაპირისპირება, შიმშილი, სიცივე, მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი 90-იანი წლები და მისი მთელი ტრაგედია.

ახალი რომანის საავტორო უფლება აშშ-ს გარდა, ჯამში უკვე ცხრა ქვეყანამ შეიძინა და მათ შორისაა, ცხადია, საქართველოც და გამომცემლობა „ინტელექტი“!

წიგნის გამოცემამდე ვიწყებთ თარგმანზე მუშაობას, წიგნის მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე იქნება!

მოემზადეთ ნინოსთან ერთად ახალი საოცარი თავგადასავლისთვის!”