26 ოქტომბერი, 2021

ბიძინა კვერნაძის “ასეთია ქურდი კაცის ბედი”

სიმღერა “ასეთია ქურდი კაცის ბედი” გენიალურმა კომპოზიტორმა ბიძინა კვერნაძემ ფილმისთვის “განაჩენი” დაწერა.

პოეტ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინკის ტექსტზე შექმნილ სიმღერას რეჟისორ ლევან ხოტივარის ფილმში მსახიობი ირაკლი უჩანეიშვილი მღერის.

როგორც მოსალოდნელი იყო, კომპოზიტორის ეს სიმღერა აკრძალეს, თავად ბიძინა კვერნაძე კი აკრძალვას სასწაულებრივად გადაურჩა:

“ბევრი სპექტაკლი გამიფორმებია მუსიკალურად, დამიწერია სიმღერები ფილმებისთვის, მაგრამ ის რაც სიმღერაზე “ასეთია ქურდი კაცის ბედი” მოხდა…

ფილმში საჭირო იყო ქურდი კაცის სიმღერა დამეწერა… მეც დავწერე პეტრე გრუზინსკის ლექსზე “ასეთია ქურდი კაცის ბედი”. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ სიმღერას ასე აიტაცებდნენ.

არ დაიძრა მთელი კრიმინალური სამყარო ჩვენკენ?!.. მოდიოდნენ ჩემთან ავტორიტეტები, ატანდნენ მოსაკითხს… რამდენჯერმე მოსულან და უთქვამთ, თქვენ ოღონდ გვითხარით და თუ ვინმე მოსაკლავია, დღესვე მოკვდებაო… არავინ მყავს მოსაკლავი და მე ხომ არ მომკლავთ-მეთქი, – ვპასუხობდი. ხან ღამეც მოსულან ჩემთან…

ამ სიმღერის გამო ძლივს გადავრჩი აკრძალვას. თვითონ სიმღერა კი აუკრძალავთ…

აკრძალონ, რა ვქნა. როგორიც ვარ, ეგეთი ვარ, რაც უნდა თქვან ჩემზე, ვერაფერს დამაკლებენ…”