31 ოქტომბერი, 2021

ბესიკ ხარანაული: “დავიღალე!”

პოეტი ბესიკ ხარანაული ათასობით ერთგულ მკითხველს საკუთარ მოსაზრებას უზიარებს:

“დავიღალე სიცოცხლისგან

დავიღალე თრობისაგან,
დაცემა-ადგომისაგან,
დავიღალე თხრობისაგან,
ღვთის კარს სიტყვის თხოვნისაგან,
თქმისაგან და ვერ თქმისაგან,
სისხლით სიტყვის თხევისაგან,
ლოდინისგან, თმენისაგან,
შურისაგან, ენისაგან,
ამდენ ყრუ მსმენელისაგან,
ამდენ ბრმა მხედველისაგან,
ბოროტისა მორევისგან,
სიძულვილის ცელისაგან,
დავიღალე სიცოცხლისგან,
იქნებ წამიყვანდნენ სხვაგან,
იქნებ არ შემიგინებდნენ
ჩემი სიყვარულის საგანს,
იტყოდნენ-თუ, ეს ერთია,
წამოსული მრავალთაგან,
მრავალ ცრემლმდინარეთაგან,
მრავალ მგლოვიარეთაგან,
იტყოდნენ-თუ,
– ჩვენი არის,
ამას რა უნდოდა სხვაგან!
მომხედვენ, მომასვენებენ,
ნაავადარს, ნაწვავ-ნადაგს,
წვიმითა და ქარ-სავარცხლით
ჩამომწმენდდნენ ტანზე ნაგავს.”