7 სექტემბერი, 2021

ზვიად გამსახურდიას მომხრეობისთვის ნაცემი იღუმენია

მწერლისა და მთარგმნელის ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერისთვის გასული საუკუნის 90-იან წლებში არაერთი ადამიანი აითვალწუნეს. საქართველოს პრეზიდენტის მომხრეების ნაწილს სცემეს, ნაწილი სამსახურებიდან გაუშვეს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე იღუმენია სიდონიაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ზვიად გამსახურდიას მომხრეობისთვის სცემეს:

“დაახლოებით 1992-1993 წელს ავლაბრის ფერისცვალების დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია სიდონიას ზვიად გამსახურდიას მომხრეობისათვის სცემეს და გააგდეს მონასტრიდან და საპატრიარქომ/პატრიარქმა გააძევა ეკლესიიდან. მასთან ერთად რეპრესიები შეეხო ახალგაზრდა მონაზონ ეკატერინეს, წარმოშობით ქუთაისელს.

ამის მერე, კერძო ცხოვრებით ცხოვრობდა თავის სახლში დედა სიდონია. მოსაძიებელია მასზე დამატებითი ბიოგრაფიული ცნობები. არ ვიცი თუ ცოცხალია, ან როდის გარდაიცვალა.

1990-იან წლებში ერთ-ერთ ოპოზიციურ გაზეთში დაიბეჭდა მისი ინტერვიუ, ესეც მოსაძიებელია ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ფოტოზე არიან: გაბრიელ ბერი და იღუმენია სიდონია. უკან მდგომი მორჩილი სავარაუდოდ არის მორჩილი ლელა, რომელზედაც ამბობენ, რომ მან სცემა იღუმენია.

თუ დამატებითი ცნობები და მასალები გაქვთ იღუმენია სიდონიაზე, მომაწოდეთ.”