27 სექტემბერი, 2021

უმნიშვნელოვანესი ჯილდო დემნა გვასალიას

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ დიზაინერს დემნა გვასალიას უმნიშვნელოვანესი ჯილდო გადაეცა.

27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთიდან დევნილი დიზაინერი საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ბალენსიაგას მოდის სახლში გაიმართა.

დემნა გვასალიას არასდროს ავიწყდება თავისი სამშობლო, მას აფხაზეთის თემაზე კოლექცია აქვს შექმნილი, რომელსაც მოდის კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მისცეს.

1993 წელს დიზაინერი 12 წლის იყო, როდესაც სოხუმი დაბომბეს და მისი ოჯახი ათასობით ადამიანთან ერთად საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა:

“27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ომის დაწყებიდან 13 თვის და 13 დღის შემდეგ სწორედ ამ დღეს დაეცა სოხუმი…

მე ვერ ვხვდებოდი, რატომ ტიროდა მაშინ დედაჩემი…

27 სექტემბერი საქართველოში გლოვის, ხსოვნის და იმედის დღეა!”