3 სექტემბერი, 2021

“წითელქუდა” ცნობილი მწერლებისგან

ყველამ კარგად ვიცით, რომ ზღაპარი “წითელქუდა” შარლ პერომ დაწერა, მაგრამ თუ გვიფიქრია როგორ დაწერდნენ ამ ზღაპარს ცნობილი მწერლები? ჯეკ ლონდონი, უმბერტო ეკო, ერიხ მარია რემარკი, ფიოდორ დოსტოევსკი, ვიქტორ ჰიუგო, ჩარლზ ბუკოვსკი…..

აი, როგორ დაწერდნენ ცნობილი მწერლები “წითელქუდას”:

გაბრიელ გარსია მარკესი
გავა დრო და დახვრეტის მოლოდინში მგზნებარე სევდით ატანილ დიეგო ხოსე არკადიო აურელიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მგელს მხოლოდ ურსულა გებრიელიტა დომინგა დე ლოს რემედიოს პიედრა სანტა ლუჩია წითელქუდას მძფრი, ურცხვი მზერა გაახსენდება და სიესტების მწველი ღამეების გამოძახილი მამლების ჩხუბს რომ უყურებდნენ, ის წითელქუდა და ბებია ერთად…

ჯეკ ლონდონი
წითელქუდა ხომ მისი რასის ღირსეული წარმომადგენელი იყო. მის ძარღვებში ჩქეფდა ჩრდილოეთის დამპყრობელი თეთრკანიანების ძლიერი სისხლი. წითელქუდა თვალის დაუხამხამებლად ეკვეთა მგელს და ერთი ძლიერი, კლასიკური აპერკოტით ყბა მოამტვრია. შეშინებული მგელი გაიქცა, წითელქუდამ კი ის თავისი მშვენიერი, ქალური ღიმილით გააცილა.

ფიოდორ დოსტოევსკი
ხურვებაშეპყრობილი მგელი ციებიანივით კანკალებდა და მას ელოდა.
მთელი ღამე ბოლთის ცემასა და ჩაის სმაში გაატარა.
არ იცოდა უყვარდა იგი თუ სძულდა.
მიიღებდა მას თუ დაამცირებდა. მართლაც, განა ღირს შეიყვარო არსება, რომლის დამცირებაც გსურს?!

ერიხ მარია რემარკი
– მოდი ჩემთან, – მშვიდად წარმოთქვა მგელმა.
წითელქუდამ ორი ჭიქა აავსო კონიაკით და მგელს სასთუმალთან მიუჯდა. ისინი ხარბად ისუნთქავდნენ კონიაკის ნაცნობ არომატს. ამ არომატში იყო ჩაქსოვილი მოწყენილობა და დაღლილობა, რომლებსაც მზის ჩასვლის იერი დაჰკრავდა. კონიაკი იყო თავმოყრილი მთელი ცხოვრება.
– მოვალ, – უპასუხა წითელქუდამ, – სხვა გზა ხომ არც ერთს არ გვაქვს. არც მე და არც შენ მომავალი არ გვაქვს.
მგელი დუმდა. ის წითელქუდას ნათქვამს ეთანხმებოდა.

გი დე მოპასანი
მგელი მას შეხვდა. ის უყურებდა წითელქუდას, როგორც გამოცდილი პარიზელი გარყვნილი მამაკაცი უყურებს პროვინციიდან ჩამოსულ გოგონას, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს საკუთარი თავი უმანკოდ წარმოჩენას. მაგრამ მამაკაცს მისი უმანკოების გოგონაზე მეტად ნამდვილად არ სჯერა და უკვე თვალწინ უდგება, თუ როგორ იწყებს მის გახდას, როგორ აცლის ფენებად ტანსაცმელს იქამდე, სანამ გოგონა მხოლოდ თხელი პერანგის ამარა არ რჩება, რომელიც თვალსაჩინოდ წამოაჩენს მისი სხეულის ფორმებს.

ალბერ კამიუ
დღეს წითელქუდა მგელს შეხვდა, ან იქნებ გუშინ, ზუსტად არ ვიცი. აბსოლუტურად ჩვეულებრივი დღე იყო, სამყარო როგორც ყოველთვის ჩუმი და ყრუ. წითელქუდამ შეაღო კარი და დაინახა საწოლზე წამოწოლილი მგელი და მის ყოფიერებაში შეამჩნია ამაოება. წითელქუდა მივიდა მგელთან და მოსპო, თვითონ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ვიქტორ ჰიუგო
წითელქუდა აკანკალდა. მან საშინელი მარტოობა იგრძნო. ის მარტო იყო, როგორც ნემსი უდაბნოში, როგორც მტვერი ვარსკვლავებს შორის, როგორც არენაზე ლომებთან საბრძოლოდ გამზადებული გლადიატორი.

რადიარდ კიპლინგი
– ჩვენ ერთი სისხლის ვართ! – დაუყვირა წითელქუდამ მგელს, – წარმატებულ ნადირობას გისურვებ!

ონორე დე ბალზაკი
მგელმა ბებიის სახლს მიაღწია და დააკაკუნა. კარი გაკეთებული გახლდათ XVII საუკუნეში მცხოვრები უცნობი ხელოსნის მიერ. მან კარი გამოთალა იმ დროისათვის ძალზედ მოდური კანადური მუხისაგან, მისცა მას კლასიკური ფორმა და ჩამოჰკიდა რკინის ანჯამებზე, რომლებიც, თავის დროზე იქნებ კარგად მუშაობდნენ კიდეც, მაგრამ დროს თავისი ნიშა დაეტყო და ახლა საშინლად ჭრიალებდნენ. კარზე არ იყო არავითარი ორნამენტები და ჩუქურთმები, მხოლოდ მარჯვენა, ქვედა კუთხეში ოდნავ ემჩნეოდა პატარა ნაფხაჭნი, რომელზეც ამბობდნენ, რომ თავად სელესტენ დე შავარდმა – მარია ანტუანეტას ფავორიტმა და წითელქუდას დიდი ბაბუის ბიძაშვილის შვილიშვილმა გაფხაჭნა დაშნით. სხვა მხრივ კი, კარი ჩვეულებრივი იყო და არ ღირს მასზედ დაწვრილმანება.

ჩარლზ ბუკოვსკი
ამ ნაბიჭვარმა მგელმა, პატარა ძუკნა წითელქუდა მაინც ჩაითრია და ააკივლა.

უმბერტო ეკო
რომაელთა მიერ აშენებულ ტრიერის გზაზე, რომელიც უკვე მრავალ საუკუნეს ითვლიდა და სადაც ლილიმონეს დიდებულ ტაძარში ინახებოდა წმინდა ლებონტი ეპიგეოსის მესამე თავის ქალა, თამამად მოაბიჯებდა როზენკროიცერთა ორდენის უკანასკნელი რაინდი წითელქუდა. გუდაში ეწყო სამი ბოთლი საზედაშეო, ბურგუნდიული ღვინო და წმინდა ფრანცისკეს მონასტერში ახლადგამომცხვარი სეფისკვერები, როცა ბებიის გოთიკურ ქოხამდე მიაღწია და მგელი დაინახა, ანარქისტი ჰანს კროიმანის მიერ დამზადებული ლურსმნებით სავსე პატარა ასაფეთქებელი მოწყობილობა შეუგდო ყვირილით „დიდება წმინდა ინკვიზიციას“

უილიამ ფოლკნერი
პარმაღზე მდგომი წითელქუდა ისევ კარისკენ შეტრიალდა, ახლა ის და ჯიუტი, უხილავი ქარი იმ ორ არსებას ჰგავდა, ერთდროულად რომ ცდილობდა ერთსა და იმავე, ერთადერთ კარში შეღწევას, ოღონდ მას სინამდვილეში შიგნით არც არაფერი ესაქმებოდა, მაგრამ მაინც, წითელქუდა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მგელს და უთხრა: შეუძლებელია ჭეშმარიტების მზერა, იგი აბრმავებს, უმზერს ერთი და ერთ ფაზას ხედავს მისას, უმზერს მეორე და ხედავს მეორეს. მაგრამ თუ ამათ შევაერთებთ, მივიღებთ მთლიან ჭეშმარიტებას, თუმცა თითოეულმა მათგანმა ვერ შეძლო მისი მთლიანობაში დანახვა.

ვლადიმერ ნაბოკოვი
ის იყო წითელქუდა, უბრალოდ წითელ ქუდა, წითელი ქუდითა და მხოლოდ ხუთი ფუტი, ის იყო სახლში წითო, სკოლაში წითელა, ბებიასთან ქუდა. მაგრამ მგლის მკლავებში ის ყოველთვის იქნება წი თელ ქუ და…