25 სექტემბერი, 2021

თემურ წიკლაურის დაუჯერებელი გამბედაობა

მომღერალ თემურ წიკლაურის ცხოვრებაში არაერთხელ იყო პერიოდი, როდესაც მან დაუჯერებელი გამბედაობა გამოიჩინა.

“არტინფო” გიამბობთ ხელოვანის ერთ-ერთ ისტორიას.

როდესაც კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ მიუზიკლი “ფიროსმანი” დაწერა და მთავარი როლის – ნიკალას შესრულება თემურ წიკლაურს ანდო, მომღერალმა სულით ხორცამდე გაითავისა დაკისრებული მისია.

თემურ წიკლაურმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად მიახლოებოდა უნიჭიერესი მხატვრის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას, მის გაუსაძლის ყოფას, უკიდურეს სიღატაკეს და გაჭირვებას, ამიტომაც დაუჯერებელი გამბედაობა გამოჩინა – 21 დღის განმავლობაში განერიდა ყველას და ყველაფერს, მხოლოდ წყალს იღებდა, უარი თქვა საკვებზე, მხოლოდ წიგნებს კითხულობდა. თბილისის ძველ უბანში – ავლაბარში კიბის ქვეშ იცხოვრა, როგორც სულმნათმა ფიროსმანმა.

მხოლოდ ამის შემდეგ უნიჭიერესმა მომღერალმა თავს უფლება მისცა ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილ მიუზიკლში მიეღო მონაწილეობა და ალბათ სწორედ ამიტომაც, ასეთი წინამოსამზადებელი პერიოდის წყალობით, თემურ წიკლაურის ფიროსმანს უდიდესი წარმატება ხვდა წილად.