თბილისში უნიკალურ შენობას ანგრევენ

თბილისში უნიკალურ შენობას ანგრევენთბილისში, რუსთაველის გამზირის 54 ნომერში მდებარე უნიკალურ შენობას ანგრევენ.

ინფორმაციას ხელოვნებათმცოდნე ნინა ყიფშიძე ავრცელებს:

“რუსთაველის მოედნისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საჰაერო-საბაგირო გზის რეკონსტრუქციის პროექტის ნებართვა, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, 2021 წლის 15 ივნისს გაიცა.

პროექტი ითვალისწინებს საბაგიროს ახალი, წრიული სისტემის მონტაჟს (21 გონდოლა, საათში 1100 მგზავრის გადაყვანა), საბაგიროს ისტორიული, ქვედა სადგურის (არქიტექტორი კონსტანტინე ჩხეიძე, 1959 წ., გამტარიანობა – 300 მგზავრი/სთ) გაფართოებას და რეკონსტრუქციას, ახალი ტექნიკური ნაწილის მშენებლობას და შუალედური 5 საყრდენი ანძის დამონტაჟებას, რომელთაგანაც სამი მჭიდროდ დასახლებულ განაშენიანებაში უნდა განლაგდეს.

მშენებლობის ნებართვისათვის გაცემული საექსპერტო დასკვნა ეყრდნობა არაკვალიფიციურ, კატეგორიულად მიუღებელ სახელოვნებათმცოდნეო კვლევას; კვლევაში საბაგიროს ქვედა სადგურიდან უშუალო სიახლოვეს, რუსთაველის 54-ში, მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა სრულიად იგნორირებულია;

გამომდინარე აქედან, არ არის ჩატარებული შენობის წინასწარი ექსპერტიზა, სტრუქტურული ანალიზი, არ არის შეფასებული რუსთაველის 54-ში მდებარე ძეგლისათვის მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბი, კერძოდ, კი იმ რისკების ზეგავლენა, რასაც გამოიწვევს სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები, სადგურის რეკონსტრუქცია და გაფართოება, საბაგიროს ხაზის ექსპლუატაციით გამოწვეული მუდმივი ვიბრაცია და რყევა. დამტკიცებული პროექტი არ შეიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისგან დაცვის არც ერთ ღონისძიებას.

ვასილ გაბაშვილის სახლის სახელით ცნობილი, ორსართულიანი ნაგებობა, XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის მაღალმხატვრულ შენობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, (არქიტექტორი – კორნელი ტატიშჩევი, 1897 წ); ნეობაროკული სტილის, უხვი ნაძერწობით დაფარულ მთავარ ფასადს ქვის ცოკოლზე დაყრდნობილი ხის ორ იარუსიანი აივანი ამკობს. სწორედ აღნიშნული ხის აივნის მოწყობის კონსტრუქციული თავისებურება განაპირობებს შენობის ტიპოლოგიურ უნიკალურობას. ცალკე აღნიშვნის ღირსია სახლის ასევე ნეობაროკული პარადული სადარბაზო, რომლის ნატიფად შესრულებულ არქიტექტურულ მორთულობას ანალოგი თბილისურ სადარბაზოებს შორის არ მოიძებნება.

დღეისათვის დაწყებულია პროექტით დაგეგმილი, ეკატერინე გაბაშვილის ქ. 6-ში მდებარე შენობების დემონტაჟი. სადემონატაჟო სამუშაოებით გამოწვეული რყევების შედეგად ძეგლის ავარიულ სადარბაზოში ნალესობა უკვე ცვივა. ამის გარდა, ძეგლისთვის საფრთხეს წარმოადგენს საბაგიროს ახალი ანძა და ტექნიკური შენობა, რომელიც მისგან მხოლოდ 7 მეტრით იქნება დაშორებული.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო მოვითხოვთ – დაუყონებლივ შეჩერდეს დაწყებული სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები, ჩატარდეს რუსთაველის 54-ში მდებარე ძეგლის სტრუქტურული ანალიზი, შეფასდეს ახალი მშენებლობით გამოწვეული ზეგავლენის რისკები და ზედმიწევნით ზუსტად დაიგეგმოს ყველა ის ღონისძიება, რაც დაიცავს რუსთაველის 54-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შემდგომი დაზიანებებისგან. “