20 სექტემბერი, 2021

ტარიელ ჭანტურიას ყველაზე ტკბილი მიძღვნა

პოეტ ტარიელ ჭანტურიას შემოქმედებაში ძნელია დაასახელოთ ფავორიტი ლექსი, რადგან მის პოეზიაში ლექსთა უმრავლესობა განსაკუთრებულია.

“არტ ინფო” გთავაზობთ პოეტის ულამაზეს ლექსს დედაზე:

“ყოველთვის,
როცა მერცხლები წავლენ…….
ყოველთვის,
როცა ფიფქები მოვლენ………
გულო! რამხელა მოწყენას ავლენ!
გულო! რამხელა სინანულს ავლენ!
დედას მაგონებს მე ყველა ფიფქი,
სიცივეც
ქარიც,
გრიგალიც,
თოვლიც…..
….გარეთ ქარბუქი არხევდა ჭადრებს,
მინებზე ზამთარს ხატავდა რთვილი,
დედა წვებოდა ყველაზე ადრე,
რომ მე ლოგინი მქონოდა თბილი,
ყველაზე ადრე დგებოდა დილით,
ცოცხლით ოთახის სიჩუმეს გვიდა,
ბავშვს ხომ უნდაო საუზმე თბილი,
– სადილი გვინდა…….რაღაცა გვინდა…….
და მოკვდა იგი, გამრჯე და შემძლე,
მას დარდად გაჰყვა ფიქრები ჩემზე.
არა, აღარ ზის ის საჩეჩელთან
ათოვს დედის გულს, თოვლივით სუფთას.
ის ადრე მოკვდა, ვინ იცის ჩემთვის
ცივი სამარის გათბობაც სურდა……..
და მუდამ, როცა მერცხლები წავლენ,
ყოველთვის, როცა ფიფქები მოვლენ,
გულო!რამხელა მოწყენას ავლენ,
გულო! რამხელა სინანულს ავლენ,
მე ეს სიცივე მაგონებს დედას
დედის ჭაღარას მაგონებს თოვლი….”