შესანიშნავი ბესიკ ხარანაული

შესანიშნავი ბესიკ ხარანაულიპოეტი ბესიკ ხარანაული თავის ერთ-ერთ ლექსს გვიზიარებს. “ნეტა ვიყო მე ტრიკოების ფაბრიკის მუშა” – ასეთია ლექსის სახელწოდება, რომელიც ნამდვილად საყურადღებო გზავნილია ჩვენთვის:

“ნეტა ვიყო მე ტრიკოების ფაბრიკის მუშა,
ამცდებოდა ეს მწარე ცხოვრება,
ამცდებოდა ეს ტყუილები,
ქალისა, კაცისა,
ეს ახალგაზრდებიც,
უჯრებივით ახალ-ახლები რომ იღებიან _
ცარიელებია!
ნეტა ვიყო მე ტრიკოების ფაბრიკის მუშა,
თავდახრილი, წყნარი გამომჭრელი,
სულ არ ვიცხოვრებდი,
სულ ვიოცნებებდი,
ჭრელი პეპლებით მექნებოდა თავი გავსილი,
ხან ერთს, ხან მეორეს გავეკიდებოდი,
დავიზეპირებდი მათი გაშლილი ფრთების ბიბილოებს,
რომ ზედამერთო ტრიკოების მაქმანებისთვის.
ნეტა ვიყო მე ტრიკოების ფაბრიკის მუშა,
ყოველი ხაზი ძაფის შემდეგ
ვიქნებოდი უფრო მართალი,
ვიდრე ვიყავ წინა სტრიქონში.
ყოველ შეცდომაზე უფრო წარმოვჩინდებოდი,
მივხვდებოდი, რომ ვვითარდები:
რომ შეცდომა ღირსებაა ეკლიან გზაზე,
ვინც ტრიკოებს თხზავს ოცნებაში, ჰაერში, პეპლებში,
და დაეძებს აქამდის არარსებულ თარგს,
რომ მასზე გამოჭრას ფრთოსნებივით ჭრელი ტრიკოები.
რაც უფრო მცირეა საგანი,
მით უფროა სიმართლეზე დამოკიდებული,
ეს ვისწავლე მე ნემსისა და ყაისნაღისგან,
მაგრამ ათ კაცში ერთს რომ მოეწონოს, ესაა კანონი,
ხოლო თუ იმას მიაღწიე,
რომ ას კაცში ერთს მოეწონა,
მაშინ, მიიღე, რომ ნამდვილი ტრიკოების მწიგნარი ყოფილხარ.
ხომ გინახავთ მონაზვნების სატრაპეზოდ გაშლილი სუფრა _
წალკოტია, ნახატია, სასწაულია,
მიკარება როგორ გაბედო?
ასეთია ზოგჯერ ტრიკოც ჩემგან გამოჭრილი,
გაიფიქრებ – ვინ უნდა ატაროს?
მხატვრულობა არ იწყება, მაკრატელს რომ აიღებ ხელში,
მხატვრულობა არ იქმნება, ქარგვას რომ იწყებ.
მხატვრულობა მოდის შორიდან,
მრავალ მგზავრს შეხვდება, მათში წინაპრებსაც,
როგორც ნაწერი
კალმის წვერიდან კი არ იწყება – ჩამორბის მწვერვალზე.
– ამიტომაც, ატლასებში ჩარგე თავი, შენ ჩემო თავო,
არა ხალხში, არა ცხოვრებაში.
თუ სააბრაშუმე ძაფი გაგიგორდა
დაიხრები და მშვიდად აიღებ,
ცხოვრებაში კი,
რაზე დაიხრები რომ მრავალგზის არ გაიხედო.
ცხოვრება ტკბობაა და არ აღება,
არავინ იცის, რა ტკბილია მცირე საგანი,
ქარისაა ყველაფერი, რაც კაცზე მეტია.
კაცს კარგი შვილი თუ ჰყავს სახლში,
გარეთ აღარ გავა,
არ დაიწყებს კარგის ძებნას, ჰაერში, სივრცეში,
არ იფიქრებს _
ნეტა მომცა მაკრატელი, შვილს გამოვჭრიდი!
კარგი შვილი თუ ჰყავს, გარეთ აღარ გავა _
მე კი წინ მიდევს ათასფერი ჩითი და ატლასი
და მიჭირავს ხელში მაკრატელი,
რომ თარგი გამოვჭრა ჩემი ოცნებიდან.
ნუ შეიშმუშნები, ლაპარაკი არაა შენზე და ჩემზე,
ლაპარაკია მზეთუნახავებზე,
ნუ იეჭვიანებ, ლაპარაკია ახალ მოდელებზე.
ნეტა ვიყო მე ტრიკოების ფაბრიკის მუშა,
აღარაფერი იქნებოდა ჩემთვის საოცნებო,
გოგოებო,
მე ვარ მოცვის ფოთლების ჩაი _
როცა მოგინდებათ არასასურველმა სტუმარმა რომ დაიგვიანოს,
შესვით ორი სამი ჭიქა მოცვის ჩაი და ათი დღე გინდ იხტუნეთ,
გინდ ისიყვარულეთ.
ნეტა ვიყო მე ტრიკოების ფაბრიკის მუშა,
აღარაფერი იქნებოდა ჩემთვის დაფარული.
მეცოდინებოდა ვინ რას ფიქრობს,
ვინ რითი სუნთქავს,
სული და სუნი ერთი არის ადამიანის.
ნეტა ვიყო მე ტრიკოების ფაბრიკის მუშა,
მიმტან-მომტანი ძაფის, ნემსის, აბრეშუმის,
სატინის, ჩითის,
რომ კიბე-კიბე ავიმაღლო ნიჭის წყალობით
და ტრიკოების გამომჭრელის პატივი მერგოს.
_ სად მუშაობთ თქვენ?
რომ მკითხავენ,
დამცინავი ღიმილით ვეტყვი:
_ ტრიკოების გამომჭრელი ვარ!
გაიღიმებენ, რათქმაუნდა, რაგინდ კუშტებიც,
ყველას თავის ტრიკო წარმოესახება…
ჩემი დახატული ტრიკო ჰკიდია სარეცხის თოკზე!
ჩემმა ოცნებამ შექმნა ეს ტრიკო,
ჩემმა მრავალდაღლილმა თვალმა,
ჩვენს ბოტანიკას მუხლებამდე ტრიკო რომ ეცვა,
იმ სახელმწიფომ.
თავის ძაგება უფრო შვენის კაცს, ვიდრე ქება,
ტრიკოში კი ყველა მართალია.
თუ პატრონი განსაცდელშია,
მისი ტრიკოც არის გასაჭირში,
თუ პატრონს ულხინს,
ტრიკოც ხარობს,
პატრონი თუ ხურს, ტრიკოც მხურვალეა…
ნერვიულის ტრიკო კი არასდროს შრება.
მთელი ცხოვრება ქალის სხეულს ვათავისუფლებ,
რათა მეტი სივრცე მივანიჭო.
არ ვივიწყებ უფრო ძველ დროს _
სიშიშვლეზე უკეთესი შესამოსელი ქალს რომ არ ჰქონდა,
არც ჭირდებოდა, არც მოუხდებოდა,
რადგან ქალები
სიშიშვლეში არიან ერთმანეთზე უკეთესები.
ნეტა ვიყო მე ტრიკოების ფაბრიკის მუშა,
ადამიანს გამოვიცნობდი,
ვიტყოდი _ სიყვარულს კაცი ემალება,
როგორც კურდღელი.
ამ დროს კი ტრიკოებში სულ თამაშია,
როგორც კაცის თავში, როგორც მის სხეულში,
კაცი საკვირაოდ გამოწყობას ტრიკოთი იწყებს.
მაკრატელს რომ ხელში ვიღებ, სულ ვფიქრობ ხოლმე,
თუ ფარჩისაგან ასე კოხტა ტრიკო იჭრება,
რატომ არ უნდა იჭრებოდეს ადამიანი,
რა მოხდება რომ ჩვენ თვითონ შევიქმნათ თავი:
გაჩენის შემდეგ სულ წვალობს ჩემი ძმობილი ჭიჭო
და თავის თავში ვერ შეუღწევია,
რომ რომელიღაც ჭანჭიკს მოუჭიროს,
და რომელიღაც საერთოდ გააქროს.
მოდი შევქმნათ ჩვენი საამო ადამიანი,
გამოვჭრათ და მოვაგვირისტოთ,
რომ იყოს ის ისეთი კაცი,
როცა ჯერ არ იყო ქვეყანაზე არც გემოვნება,
არც ფორმები რომ ბოჭავენ თავისუფლებას.
ყველამ იცოდა თავის უსწავლელ ცოდნით:
ვინც თამაშობს ის ყველაფრის თანაზიარია!
ამიტომაც უყვარს სხეული, რაშიც საზღვრულია.
ნეტა ვიყო მე ტრიკოების ფაბრიკის მუშა!
აჰა, ავიღე ხელთ მაკრატელი,
მსურს ჰაერიდან გამოვჭრა ტრიკო,
ავაგე ნემსზე შვიდფერი ძაფი,
მაგრამ მოვიწყინე, ცრემლები დავყარე:
ჯერ შორსა ვარ ჩემ ოცნებისგან.
რაკი ქალს ჰაერისგან ტრიკოს ვერ შევუქმნი,
სჩანს, ქალი ისე ჯერ არ მყვარებია.
როცა სიფაქიზე გაკლია, ფარდას ნუ ეხები.”