ოტია იოსელიანი სამშობლოზე

ოტია იოსელიანი სამშობლოზემწერალ ოტია იოსელიანს სამშობლოზე და მის სიყვარულზე თუ ჰკითხავდით, უმოკლეს პასუხს გაგცემდათ: “სამშობლოს სიყვარულზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ” – “სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა” – დააყოლებდა.

“არტ ინფო” გთავაზობთ ოტია იოსელიანის ჩანაწერებს სამშობლოზე:

“…სამშობლოს სიყვარულს უნდა ვქმნიდეთ. რა იგულისხმება “ვქმნიდეთ”-ში? “საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ!”. საქმემან შენმან უნდა გამოაჩინოს სამშობლოს სიყვარული, რომ თქვან (შენ კი არა), – ჰყვარებიათო!

… ჩვენ კი ვამბობთ: შენი ცხოვრების გზას შენ უნდა ეწიო, შენი საქმისა და მომავლისა შენ იცი, არჩევანი შენზეაო. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, შენ რაც გეადვილება და მოგეპრიანება, ის აკეთო და ისე იშრომ-იღვაწო. არჩევანი იმაზე უნდა შეაჩერო, რაც შენს ქვეყანას წაადგება….

თუ ქვეყანას ციხე-გალავანი აქვს ასაშენებელი, უსათუოდ კირითხუროდ სჭირდები; თუ ხალხი რწმენადაკარგულია, ეკლესია-მონასტერი უნდა ააგო; თუ მშიერია – ოფლითა შენითა მოიწიო პური არსობისა; თუ მოყვასი ფეხშიშველია, წუღა-მესტები უნდა აგვირისტო; თუ თავშიშველი – ნაბდის ქუდი უნდა მოთელო…

ყოველნაირ საქმეს ცოდნა, ერთგულება და სიყვარული აკეთებს. თუ რაიმეს სიყვარულით არ აკეთებ, ჭაპანწყვეტა და ტანჯვაა. დილიდან საღამომდე ქვისა და ლოდის თრევა და უროს ცემა დამქანცველია, მაგრამ თუ შენი გათლილი და სიმწრით აზიდული ქვა, ჩუქურთმად თუ არა, იმ ჩუქურთმის ძირში მაინც დაიდგა, ტაძარს რომ ამშვენებს და თვალსა და გულს ახარებს, შრომა, წვალება დღესასწაულია!…

მშობლის, დედმამიშვილის, ნათესავ-მეგობრების სიყვარული გადაუხდელი ვალია, მაგრამ რაც სამშობლოს სიყვარულს გადარჩება, ის უნდა გაუნაწილო.

სამშობლოს შენი შესაძლებლობების ლომის ულუფა ეკუთვნის. ვისაც უყვარხარ, შენიანები – ცოტას დაგჯერდებიან, ან ესეც არ უნდათ, თუ ქვეყნის შვილად ივარგებ. ამაზე მეტი ზრუნვა და ამაგის დაფასება არც უნდა ინდომონ.

იცოდე!

თუ ქვეყნის ციხე-გალავანი დანგრეული გაქვს და შენ შენს ბუნაგს იშენებ, მტრისათვის აშენებ!

ღმერთმა შენ შენი სამშობლოს შვილად გაგაჩინა და სხვისთვის რომ სდომებოდი, იმ ქვეყანაში მიგავლენდა. როგორც დედას, ასევე ვერც სამშობლოს აირჩევ!…”