14 სექტემბერი, 2021

მერაბ კოსტავა ჟურნალისტებზე

პოეტი, მუსიკათმცოდნე და ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა ჟურნალისტებზე ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში წერდა:

“ჭეშმარიტი ჟურნალისტობა უღრმეს კავშირშია რწმენასთან და ქრისტიანობასთან. იგი პრაქტიკული, ყოფითი ქრისტიანობის თანაარსია. ამიტომაც ლახვარივით უნდა ილესებოდეს თავისუფალი ჟურნალისტის სიტყვა და კალამი. ამ სიტყვის მსახური დაუყოვნებლივ უნდა მიეშურებოდეს ყველაზე მწვავე და საჭირბოროტო ფაქტების მოსაძიებლად, მათ გასაშუქებლად, პირუთვნელობისა და მიუკერძოებლობის ნათელში. ციხე, სასამართლო, ნებისმიერი ინსტანცია, ადამიანისა და ერის უფლებათა დარღვევის ხელისშემწყობი, მისთვის დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან მცირედქმედითია ჟურნალისტი, ჭეშმარიტ სამართალდამცველად თუ არ იქცევა, ამაოდ დამაშვრალი, მარტოოდენ ცარიელი ფაქტების აღმნუსხველად, ან მოლაყბედ დაშთება იგი.

ამიტომაც მელნად მან საკუთარი სისხლი უნდა იხმაროს და უდრტვინველად შესწიროს ნებისმიერ უსამართლობასთან ბრძოლას. უფალს უნდა შესთხოვდეს სიმართლის მსახურების მადლსა და ძალას, როგორი ხიფათიც არ უნდა მოელოდეს ცხოვრების გზაზე, თუნდაც არ უწყოდეს, რომ სიმართლისათვის დევნილებს ეკუთვნით სასუფეველი ცათა, რომ საქმით მეტყველი სიმართლის მსახურება უკვე დედამიწაზევე დამკვიდრებაა სასუფეველისა, რომ სიმართლე თავად სასუფეველის ერთ-ერთი სინონიმია, რადგან დაუსრულებელი ცხოვრებით მხოლოდ მართალნი განისვენებენ.“