5 სექტემბერი, 2021

ჯანსუღ კახიძის საოცარი შესრულება

მაესტრო ჯანსუღ კახიძე არა მარტო არაჩვეულებრივი დირიჟორი იყო, არამედ შესანიშნავი მომღერალიც.

ია ხურციძე გვიზიარებს ვიდეოჩანაწერს, რომელიც 1993 წლით არის დათარიღებული და უძღვნის ყველას, ვისაც ხელოვნება უყვარს:

“1993 წლის 12 დეკემბერი. ამ დღეს ჩვენმა ასოციაცია „მოწამეთამ“ და საკონცერტო ფირმა „კლასიკამ“, თბილისის ოპერის თეატრში გამართა საზეიმო კონცერტი , რომელიც მიეძღვნა სამ ლეგენდარულ ხელოვანს – ნინო რამიშვილს, ოდისეი დიმიტრიადს და ზურაბ ანჯაფარიძეს. მათ იმ საღამოს გადაეცათ ახლად დაწესებული პირველი „ღირსების ორდენები“.

დღესაც თვალწინ მიდგას გადაჭედილი დარბაზი, კოტე მახარაძის გამორჩეული ხმა (მას მიჰყავდა საღამო), თვალცრემლიანი აუდიტორია და დაუსრულებელი ოვაცია…

კონცერტის შემდეგ ჩვენ სახლში გაიმართა ვახშამი, რომელიც სამოყვარულო კამერით გადაიღო ჩემმა ძმამ – გია ხურციძემ. სამწუხაროდ, იმ წვეულების სტუმართაგან, დღეს ბევრი ცოცხალი აღარ არის. სულ ახლახან ჩვენგან წავიდა გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული მუსიკოსი, ყველასთვის საყვარელი, ქალბატონი ნანა დიმიტრიადი, რომელიც იმ დღეს თავის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და შესანიშნავ აკომპანირებას უწევდა განუმეორებელ ნადეჟდა ხარაძეს და ბრწყინვალე მეცო-სოპრანოს ცისანა ტატიშვილს.

ამ საღამოს ამშვენებდა უდიდესი მაესტრო – ჯანსუღ კახიძე, რომელმაც, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულად და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინტერპრეტაციით შეასრულა „მოვა მაისი“.
ეს ჩანაწერი გვინდა გავუზიაროთ ყველას, ვისაც უყვარს ხელოვნება და კიდევ ერთხელ მოვიგონოთ ის დაუვიწყარი ადამიანები, რომლებიც ამშვენებდნენ ამ ქვეყანას.”