28 სექტემბერი, 2021

ილია ჭავჭავაძის წინასწარმეტყველება აფხაზეთზე

საბედისწერო დღე ილია ჭავჭავაძისთვისილია ჭავჭავაძე პირველად აფხაზეთში რომ ჩავიდა, საოცრად წინასწარმეტყველური სიტყვა თქვა:

“ბედნიერი გახლავართ, რომ ვხედავ ჩვენს საერთო მშვენიერ სამშობლოს, კალმით დახატულ კუთხეს და მის მოსახლე მშვენიერსავე ხალხს. თქვენ რომ გიყურებთ, გულს იმედი და სასოება ჩამესახა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიდის, მტერს ისე ადვილად არ დავეჩაგვრინებით…

იგი პატივისცემა, რომელიც დღეს ჩვენ გვიძღვენით, მეტის-მეტია და უნდა მიეწეროს თქვენს გულკეთილობას, რომელიც მცირეოდენ ღვაწლსაც კი დიდად აფასებს ხოლმე. მე ჩემის ამხანაგების მაგიერ და ჩემ თავად დიდს მადლობას მოგახსენებთ ამ გადამეტებული პატივისცემისათვის და ღმერთსა ვსთხოვ, გიხსნათ თქვენ, აქაური ქართველობა იმ საშინელ განსაცდელისაგან, რომელიც მე სულთამხუთავსავით თვალთ ამეტუზა, როცა აქაურობა დავიარე და დავათვალიერე.

დღეს აქამომდე ამ მშვენიერს აფხაზ-ქართველთა მიწა-წყალს ხმლით ვინახავდით და ასე თუ ისე შევინახეთ კიდეც. დღეს ხმალი ქარქაშში ჩაეგო. დღეს სხვა მტერი მოდის, როგორც ვხედავ, ისე გულ-და-გულ და პირდაპირ კი არა, როგორც პატიოსანი ხმალი, არამედ ჩუმად, ქურდულად, როგორც მაცდური და მპარავი. იგი მტერი გაიძვერა და მზაკვარია. იგი ღიმილით და ალერსით მოგექცევათ და ისე გამოგაცლით ხელიდან ამ ლამაზს, ტურფას, მდიდარს ქვეყანას, რომ პირველ ხანში იქნება მადლობელნიც გაუხდეთ.

კიდევ ვიტყვი: ღმერთმა გიხსნათ ამ საშინელ მაცდურისაგან, ღმერთმა ქმნას და თამამ ხმლისაგან უძლეველნი არ იძლივნეთ მხდალ და მშიშარ ფულისაგან და შეირჩინოთ ეს ქართველის სისხლით მორწყული მშვენიერი ქვეყანა თქვენდა სადღეგრძელოდ და თქვენთა შვილთა და მახლობელთა საბედნიეროდ და თავ-მოსაწონებლად.”