საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ყოველწლიური პროექტის „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ჯილდოს ” „საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის – ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით“ დაჯილდოების ცერემონია, სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, 12 სექტემბერს, 15 საათზე, მთაწმინდის პანთეონში გაიმართება.
ყოველწლიურად პრემიის ლაურეატს, წლის პრეტენდენტებს შორის კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ავლენს „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები 9-კაციანი სარეკომენდაციო საბჭო: ლია სტურუა (პოეტი), კონსტანტინე გამსახურდია (დიპლომატი, პოლიტიკოსი), დიმიტრი შველიძე (ისტორიკოსი, თსუ-ს პროფესორი), ბაღათერ არაბული (პოეტი, გამომცემელი), ივანე ამირხანაშვილი (ლიტერატორი, „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორი), ნინო ზაუტაშვილი (ტელეწამყვანი, მედია-პროდიუსერი), ნინო სადღობელაშვილი (მწერალი, დრამატურგი), გიორგი სავანელი (რეჟისორი, საზოგადოებრივი აქტივისტი), დეკანოზი გიორგი წეროძე (კაპელანი, ფილოსოფოსი).
ფონდის ყოველწლიური ჯილდო წინა წლებში მინიჭებული აქვთ:
კათოლიკოს -პატრიარქ ილია II-ს – 2017 წელს.
მწერალ როსტომ ჩხეიძეს – 2018 წელს.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“ – 2019 წელს.
ილიკო და ნინო სუხიშვილებს – 2020 წელს.
ვინ გახდება „საზოგადოების განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის – ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ მეხუთე ლაურეატი?
წლევანდელი ლაურეატის ვინაობა, 12 სექტემბერს გახდება ცნობილი.
ეს აქტივობა გაიმართება არა საჯარო რეჟიმში, ღია სივრცეში, პანდემიური რეგულაციების დაცვით და დაესწრებიან მხოლოდ ორგანიზაციის წევრები, პრემიის სარეკომენდაციო საბჭოს წევრები და წლევანდელი ლაურეატი, საზოგადოებას კი, შეეძლება თვალი ადევნოს პრემიის გადაცემის ცერემონიას ორგანიზაციის სოციალური გვერდების ლაივ-რეჟიმში:
https://www.facebook.com/ილია-ჭავჭავაძის-საქველმოქმედო-ფონდი-955231141205055
პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო, მიმდინარე წელს ორგანიზატორებმა პროექტის „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა სხვა საჯარო ღონისძიება გააუქმეს და ყოველწიური პროექტის მსვლელობაში წყვეტა რომ არ ყოფილიყო, მხოლოდ ერთი აქტივობა – ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით დაჯილდოების ცერემონია შედგება.