23 სექტემბერი, 2021

გრიფით საიდუმლო წერილი ოთარ იოსელიანზე

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ რეჟისორ ოთარ იოსელიანზე გრიფით საიდუმლო წერილი არსებობს, რომლის ავტორიც ალექსი ინაურია.

კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ავტორი, საბჭოთა საქართველოში მუდამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული. მისი შემოქმედებით აღშფოთებულები იყვნენ საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია საქართველოს სსრ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ალექსი ინაურის მიერ საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისადმი საიდუმლო გრიფით მიწერილი წერილი. იგი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს ოთარ იოსელიანის შემოქმედებასთან დაკავშირებით. განხილვის თემად იოსელიანის მიერ გადაღებული ფილმი „გიორგობისთვე“ იქცა. ფილმმა განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია მეღვინეებში. მათ გააგზავნეს მიმართვა საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში.

ალექსანდრე ინაურის წერილი დათარიღებული 1970 წლის 25 თებერვლით.

„რეჟისორმა ოთარ დავითის ძე იოსელიანმა „ქართული ფილმისა“ და სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების“ სტუდიაში შექმნა მთელი რიგი კინოსურათებისა, რომელთა იდეოლოგიური ზღვარი არ პასუხობს საბჭოთა შემოქმედებითი ნაწარმოებისთვის წამოყენებულ მოთხოვნებს.

მის მიერ გადაღებულ ფილმში „საპოვნელა“, ღირსებების პარალელურად, საჭიროა აღინიშნოს უცნაური წინააღმდეგობრივი ფერები სამანქანო ტექნიკისა, რომელიც სრესდა ნარგავებს. ეს მომენტი მაყურებლის განზოგადებულ წარმოსახვაში უარყოფითად შეიძლება იყოს აღქმული…

ფილმი „აპრილი“, ამ ფილმმა მოახდინა მძიმე უჩვეულო შთაბეჭდილება. ნაჩვენები იყო რაღაც გაუგებარი და პათოლოგიური სამყარო. ფილმის ყველა მოქმედი გმირი იყო მახინჯი და მოხუცი. რასაკვირველია ფილმი დახურეს, სახელმწიფომ იზარალა 65.577 მანეთით…

ფილმი „თუჯი“ ახდენს ძალზედ პირქუშ და უსიხარულო შთაბეჭდილებას. ფილმის ძირითადი თემა – შრომა, ნაჩვენებია, როგორც გაცილებით მძიმე, ვიდრე სინამდვილეშია…

ნიჭიერი რეჟისორის სახელს ამოფარებულმა იოსელიანმა შექმნა მთელი რიგი ნაწარმოებებისა, რომლებმაც სახელმწიფოს მატერიალური ზარალის გარდა იდეური მავნებლობაც მიაყენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ იოსელიანი არ დაიშვას დამოუკიდებელ სარეჟისორო მუშაობასთან.”