6 სექტემბერი, 2021

გია მურღულია სწორად ცხოვრებაზე

გია მურღულიას ჩანაწერები ათასობით ადამიანის სულის წამალია.

“არტ ინფო” გთავაზობთ ფილოლოგის მორიგ წერილს, რომელიც სხვის ჯინაზე ცხოვრებას ეხება:

“საკუთარი გონებითა და მრწამსით უნდა იცხოვრო და არა სხვების ჯინაზე.

“სამაგიეროდ, მე ასე მოგექცევი!” ვერ იქნება ადამიანის ამქვეყნად ყოფნის მთავარი პრინციპი – ეს დროის ფუჭი ხარჯვაა, რადგან რაღაცას კი არ ამკვიდრებს, არამედ ანაცვლებს.

საკუთარ სიცოცხლეს, რომელიმე ნივთივით, არადანიშნულებისამებრ არ უნდა იყენებდე – განა შეიძენ

ახალთახალ მერსედესს იმისთვის, რომ მასში საკუჭნაო მოაწყო?

ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება შექმნაა და არა შეძენა.
სამყაროს შემოქმედი სჭირდება და არა შურით შეპყრობილი კაცი.

გააკეთე ის, რისთვისაც დაიბადე.
ამისთვის ყოველთვის გეძლევა ძალაც, შესაძლებლობაც და დროც – თუ რაღაცას ვერ აკეთებ, ესე იგი, არასწორი საქმისთვის ირჯები.
ნუ ჩაანაცვლებ სხვას – ეცადე, საკუთარი ცხოვრება იპოვო.

დაინახე განსხვავება სიცოცხლესა და ცხოვრებას შორის.
როგორ დაინახო?

მეორეს საზრისი და დანიშნულება აქვს, პირველი უმიზნო სიარულია – როცა არ იცი, საით მიდიხარ და რისთვის.
ამ მიზანს სხვებზე გამარჯვება ვერ ჩაანაცვლებს.”