17 სექტემბერი, 2021

გენიალური მიძღვნა იაკობ გოგებაშვილს

“დედა ენის” ავტორს იაკობ გოგებაშვილს გენიალურ ლექსს უძღვნის პოეტი შოთა ნიშნიანიძე:

გოგებაშვილის “დედა ენა”

“ღმერთს როდი შერკინებია, ბიბლიურ სეხნიასავით,
სიტყვას კალამი გაუნთო, როგორც ვაზის რქას სასხლავი.
– ეს წიგნი ერის ბურჯია! – ხარობენ მამა-პაპანი,
ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, ერის მეც ვზიდო ჭაპანი.
მოფრინდა შავი მერცხალი ჭიკჭიკით, ყელმოღერებით
და წიგნში, როგორც ბუდეში, ჩაფინა იის ღერები.
პაწია წიგნი ბედ-იღბლით კიდობანს გამოემგვანა
და, რაც შიგ გადანახულა, ის გადაარჩენს ქვეყანას.
მე კი მგონია, ფრესკებზე ყრმა რომ ზის დედის კალთაში,
თუ “დედა ენას” მივუტანთ, დიდივით კრძალვით გადაშლის,
თითს გააყოლებს ასოებს: ვაზის ლერწს, ნამგალს, ნიამორს,
ენას ქართულად აიდგამს და იტყვის: აი, იაო.
იდიდე წიგნო, იდიდე, ქართული სულის ლაზათო,
ღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.”