“დიდოსტატის მარჯვენას” მთავარი საიდუმლო

"დიდოსტატის მარჯვენას" მთავარი საიდუმლოკონსტანტინე გამსახურდიას რომანის “დიდოსტატის მარჯვენას” მთავარ საიდუმლოს მისი შვილიშვილი – უმცროსი კონსტანტინე გამსახურდია გვიზიარებს:

“კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოები „დიდოსტატი“ ისტორიული რომანი ეგონათ და ჰგონიათ. მაგრამ ასე არ არის. მასში ისტორიული ფონი და ქარგა მხოლოდ გამოყენებულია ძირითადი სათქმელისთვის. მეფე გიორგის აღსარება-ანდერძი ბევრ მწარე სიმართლეს შეიცავს. ერთგან ვკითხულობთ:

„ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი – სარკინოზებს.

როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას. ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდით ბასილი კეისარს.“ – ამბობს მომაკვდავი მეფე გიორგი.

ვინ არის „მოღალატე?“ – რას ნიშნავს „ღალატი?“ თან დააკვირდით საკმაოდ დახვეწილ კონნოტაციას – „საკუთარი თავის მოღალატეები.“

„ღალატი“ დღეს არის პირდაპირი გაგებით სრულიად შეგნებული მავნე და დესტრუქციული ქმედება. თუმცა არის მეორენაირი – აგრესიული ანტისახელმწიფოებრიობა, როგორც საკუთარი თავის ღალატი. პირველი უმცირესობაა, მეორე უმრავლესობა.

ამიტომაც თავიდანვე მინდა ადვოკატურად ვთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს შეუგნებლად ხდება. ანუ მათ „არა იციან, რას იქმან“. ცხადია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის შემთხვევები, როდესაც „იციან“.

თუ საკმაოდ საფუძვლიანად არ ვიცით, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები და როგორი სახელმწიფო გვინდა, ის გვექნება ისევ ისეთი, რისი კმაყოფილიც ვერ ვიქნებით.

სახელმწიფოებრიობის სწორი შეგრძნებაც ნიჭია. ოღონდ რასაც ქვემო ჩამოვთვლი, უბრალოდ დაუშვებელია – ის ჩვენ აგვაფეთქებს:

ქრონიკული ოპონირება – ანტისახელმწიფოებრივი;
თანამდებობაზე ყოფნა (არც თუ იშვიათად) – ანტისახელმწიფოებრივი;
რადიკალიზმი სახელისუფლებო რგოლებში – ანტისახელმწიფოებრივი;
რადიკალიზმი ქუჩაში – ანტისახელმწიფოებრივი;
პარტიულობა – ანტისახელმწიფოებრივი;
უპარტიობა და ზეპარტიულობაც – მარტივად შეიძლება იყოს ანტისახელმწიფოებრივი;
დისიდენტობა და სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა – ანტისახელმწიფოებრივი;
ჟურნალისტიკა და მასმედია – მეტწილად ცდილობს იყოს ანტისახელმწიფოებრივი;
არასამთავრობოს წესით და რიგით სასარგებლო გარჯა – ხშირად ანტისახელმწიფოებრივი;
საზოგადოების მხრიდან კრიტიკა და საზოგადოებრივი აზრი – ხშირად ანტისახელწიფოებრივი; იმიტომ, რომ გადამეტებული შეიძლება იყოს.
ბიზნესი (არაერთგზის გვინახავს) – ანტისახელმწიფოებრივი;
პატრიოტიზმი, ეროვნულობა და საკუთარი ქვეყნის სიყვარული – ჩვენში ისიც შეიძლება რიხინით წავიდეს ანტისახელმწფოებრივ რელსებზე;
განათლება – ანტისახელმწიფოებრივი;
ლიბერალიზმი – ანტისახელმწიფოებრივი;
კონსერვატიზმი – ანტისახელმწიფოებრივი;
თავისუფლების და ლიბერტარიანიზმის ქადაგება – შეიძლება იყოს მძვინვარედ ანტისახელმწიფოებრივი;
სეკულარიზმი – შეუძლია მიიღოს ანტისახელმწიფოებრივი ელფერი;
რელიგიურობას და რწმენას – შეუძლია გახდეს ობსკურანტულად ანტისახელმწიფოებრივი;
თვით ისტორიული სიმართლის კვლევას – შეუძლია მიიღოს ანტისახელმწიფოებრივი ნიშნები;
ხელოვნება – აქ ისედაც კარგ ტონად ითვლება ანტისახელმწიფოებრიობა;
სამხედრო მომზადების, ადამიანში ბავშვობიდანვე ვაჟკაცური სულის აღზრდის ჩამორჩენილობად მონათვლა ისეთ რეგიონში, როგორშიც ცხოვრება გვიწევს – სადაც ჩვენს სრულიად ფანტასტიურ მიდამოებს ლამის ყოველი მხრიდან ნიანგის შურიანი, ლირწი ნდომით აღსავსე მზერები მოშტერებიან – ანტისახელმწიფოებრივია;
ქუჩაზე და „კაიბიჭობაზე“ შეჩერება არც ღირს – ეს ისედაც; ფორმიანი კაცის მიმართ ზიზღი მათი დანატოვარია. (არადა უნდა ვილოცოთ, რომ კარგად იყვნენ ჩვენი პოლიციელები, სპეცრაზმელები, სამხედროები, მაშველები, მესაზღვრეები, უსაფრთხოების მუშაკები)…

გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა.

ამიტომაცაა, რომ ღალატი დღეს შეგნებული აგენტურულ საქმიანობასთან ერთად ნიშნავს: 1. სისხლში გამჯდარ ანტისახელმწიფოებრიობას, ან 2. ვიღაცის წისქვილზე უნებლიედ წყლის დამსხმელ „სასარგებლო იდიოტობას“.
ჩემო ძვირფასო და მრავალჭირნახულო ერო, მესმის, რომ ეს მარტო შენი ბრალიც არ არის.

ეს პირველი და მეორე დამონების პერიოდების ხანგრძლივმომქმედი, მემკვიდრეობით მიღებული შედეგები გვახსენებენ თავს – 1801-1917 და 1921-1990 წლების. ამასთავე 1992 წლის გადატრიალების შედეგებიც.
აგრესიული მეზობელი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები უკეთ იცნობენ ჩვენს ხასიათს, ვიდრე თავად ჩვენ ვიცნობთ. მათ იციან, რაზე როგორი რეაგირება გვექნება. მოკლედ, „ვიცი ამ ქვეყნის ტყუილ-მართალი, / ჩემი თავისა არა ვიცი რა“, როგორც ფრანსუა ვიონი წერს.

უმთავრესი დაკვეთა ამ ეტაპზე არის სამოქალაქო დაპირისპირება. დიდძალი თანხაა ამაზე გამოყოფილი. შემდეგ ჯერზე კი სხვა ამბებსაც მოიფიქრებს კრიმინალური ფანტაზია.

მოვიკრიბოთ ძალა: წინ უმძიმესი, მეტად თუ არა, არანაკლებ რთული პერიოდები და უღელტეხილებია.
პ.ს. ამირანის ლეგენდა ამბობს, რომ ჯაჭვი წვრილდება, წვრილდება და როცა ესესაა უნდა გაწყდეს, ისევ ჩვენივე მოდგმის მჭედლები დასცხებენ უროებს გრდემლებზე, რომ მონობის ჯაჭვი ისევ გამთელდესო…”