2 სექტემბერი, 2021

აკაკი ბაქრაძის უმნიშვნელოვანესი წერილი

“არტ ინფო” გთავაზობთ აკაკი ბაქრაძის უმნიშვნელოვანეს წერილს – “ჩვენ არ წავალთ მოსკოვში!”, რომელიც, 1990 წელს არის დაწერილი და, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია:

“მკითხველი მიხვდა, ალბათ, რომ სათაურად დასმული სიტყვები პერიფრაზია ცნობილი გამოთქმისა – “ჩვენ არ წავალთ კანოსაში”. თუმცა, ისიც შეიძლება ყველამ არ იცოდეს, რას ნიშნავს ეს და ამდენად პატარა განმარტებაა საჭირო.

შუა საუკუნეებში გერმანიაშიც ისე იყო, როგორც სხვაგან. ერთმანეთს მტრობდნენ საერო და სასულიერო ხელისუფალნი. მუდმივი შუღლი იყო მეფესა და ფეოდალებს შორის. ორ დუშმანს შუა (ერთ მხარეს – ეკლესია, მეორე მხარეს – ფეოდალები) მოქცეულ მეფეს, დრო და ჟამის შესაფერად, ხან ერთი უნდა აერჩია მოკავშირედ, ხან – მეორე. ასეც იქცეოდნენ. ეკლესიის საშუალებით ფეოდალებს ავიწროებდნენ. ფეოდალების მეოხებით ეკლესიას ბოჭავდნენ. წონასწორობა იმისდა მიხედვით იცვლებოდა, მეფეს როგორი ხასიათი ჰქონდა. მშვიდნი და ჭკუადამჯდარნი ინარჩუნებდნენ შედარებით წყნარ ურთიერთობას. ჭირვეულნი და ძალაუფლებისმოყვარულნი გამუდმებულ ჭიდილში იყვნენ.

1075 წელს ჰაინრიხ მეოთხემ (1050-1106 წწ.) მილანოში მთავარეპისკოპოსი, ხოლო სპოლეტოსა და ფერმოში ეპისკოპოსები დანიშნა. ამან რომის პაპი გრიგოლ მეშვიდე ძალიან გააბრაზა – უჩემოდ როგორ გაბედაო. მაგრამ ამჯერად მეფის თავხედობა მოითმინა და ურთიერთობა აღარ გაამწვავა. ჰაინრიხმა პაპის სიჩუმე სისუსტედ მიიჩნია. თავს გავიდა. 1076 წელს, ვორმსში, გერმანელ მთავართა კრებაზე, გრიგოლ მეშვიდე პაპის ტახტიდან გადაყენებულად გამოაცხადა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. გაცეცხლებულმა გრიგოლ მეშვიდემ ჰაინრიხ მეოთხე შეაჩვენა, ეკლესიიდან მოკვეთა და მისი ქვეშევრდომები მეფის ერთგულების ფიცისაგან გაათავისუფლა. იცოცხლეთ, ახლა კი შეშინდა მეფე. იფიქრა – პაპის წყევლას ფეოდალები ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენო, ტახტი და ქვეყანა თავზე დამექცევაო – და 1077 წელს თავზენაცარდაყრილი ეახლა გრიგოლ მეშვიდეს კანოსაში (პაპების რეზიდენციაა ალპებში) პატიების სათხოვნელად. ჰაინრიხი შეიწყალეს, მაგრამ შერცხვენილი და დამცირებული დაბრუნდა სამშობლოში.

ამის მერე რვა საუკუნე გავიდა, როცა “რკინის კანცლერმა” ოტო ბისმარკმა, 1872 წლის 14 მარტს გერმანელ ერს გამოუცხადა: “ჩვენ არ წავალთ კანოსაში”. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იმ დღიდან გერმანია აღარავის უზენაესობას არ ცნობდა. იგი იყო თავისუფალი და თავისთავადი.

შორს არ არის ის დღე, როცა ქართველმა ხელისუფალმაც უნდა თქვას: ჩვენ არ წავალთ მოსკოვში. მაგრამ ამ ქადილის ძალა ისევე უნდა შეგწევდეს, როგორც ოტო ბისმარკს. ამისათვის შექმნილ ვითარებას ფხიზლად უნდა შევხედოთ. ყველაფერი ზუსტად გავთვალოთ. ის წინააღმდეგობები ნათლად გავითვალისწინოთ, რაც თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე გადაგვეღობება. მართალია, შეცდომისაგან კაცი არასოდეს არის დაზღვეული, მაგრამ ჩვენ ჩვენი ხელი საქმეს არ უნდა დავაკლოთ.

სსრკ, როგორც ერთიანი, უნიტარული სახელმწიფო, ირღვევა. ეს აღარ არის საეჭვო. ამას არა მარტო ლიტვის გადაწყვეტილება ადასტურებს, არამედ საერთო მდგომარეობა-განწყობილებაც. ლიტვას მისი მეზობლები ლატვია და ესტონეთი მიჰყვებიან. მერე მოლდავეთი და საქართველო გაიკაფავს გზას და ასე სხვებიც თანდათანობით. მართალია, ხელისუფლება ებღაუჭება სსრკ-ის შენარჩუნებას და ნაირ-ნაირი ახალი კანონებით ცდილობს პროცესის შეჩერებას, მაგრამ ეს მომაკვდავის უკანასკნელი გაბრძოლებაა. თუმცა ეს იმას სრულებით არ ნიშნავს, რომ სსრკ სიკვდილს გულმშვიდად შეეგებება. უფრო ის არის მოსალოდნელი, რომ უკანასკნელი გაბრძოლება იქნება სასტიკი და დაუნდობელი. ხელისუფლების მზაკვრობას რომ თავი დავანებოთ, ცალკეულ, თავზეხელაღებულ, გონებაშერყეულ ტიპსაც კი შეუძლია უბედურების დატრიალება. კარგად იცით, სსრკ ტერიტორია დაფარულია ატომური ელსადგურებით, თერმობირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური იარაღის ქარხნებითა და საწყობებით. საკმარისია რომელიმე მათგანის აფეთქება და რა მოჰყვება ამას, რეი ბრედბერიც ვერ წარმოიდგენს. ყველაფერი როგორც ხალხის, ისე მთავრობის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. ორივე მხარემ თანაბრად უნდა გაიგოს დღევანდელი ისტორიული პროცესის მოთხოვნილება: ყოველი ხალხი თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა იყოს. ამ პროცესის ხელის შეშლა დამარცხებისათვის არის განწირული. ამიტომ მას ხელი უნდა შეუწყო და წინ არ გადაეღობო. ხელის შეშლა პროცესს ვერ შეაჩერებს, მსხვერპლს კი გამოიწვევს. ამის სრული გაცნობიერება აუცილებელია ხალხისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც.
დავაკვირდეთ საქართველოს კონკრეტულ მაგალითს.

დაიშალა საქართველოს კომკავშირი. ამან ქართველი ახალგაზრდობის სიხარული გამოიწვია. მაგრამ როგორ შეხვდება მას არაქართველი ყმაწვილკაცობა? აფხაზები, ოსები, რუსები უეჭველია რუსეთის კომკავშირს შეუერთდებიან. ცხადია, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ, ჩემი აზრით, დღესაც დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს ასე მოხდება. აზერბაიჯანელები და სომხები, ალბათ, ამჯობინებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის კომკავშირს შეუერთდნენ. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მათაც რუსეთის კომკავშირი აირჩიონ. ამ საქმეში მეტად აქტიურად ჩაერევიან მოსკოვის ემისრებიც.
მაშასადამე, ეროვნული ნიშნის მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდობა გაიყოფა.

უახლოეს ხანებში საქართველოს კომუნისტური პარტიის ყრილობა ჩატარდება. თუ საერთო ტენდენციას გავითვალისწინებთ, მაშინ საქართველოს კომპარტია გამოეყოფა სკკპ-ს. თუ ასე მოხდება, არც აქ არის არაფერი საეჭვო, რომ აფხაზთა და ოსთა პარტიული ორგანიზაციები დარჩებიან სკკპ-ში და არა საქართველოს კომპარტიაში. რას იზამენ აზერბაიჯანელები, რუსები, სომხები? უფრო ის არის სავარაუდებელი, რომ ისინიც სკკპ-ში ყოფნას ამჯობინებენ.

მაშასადამე, პარტიული და ეროვნული ნიშნით, საქართველოს მოსახლეობას გაყოფა ელის.

თუმცა რა დასამალია და ქართველობა უკვე გაყოფილია. ქართული ეროვნული მოძრაობის პარტიებისა და ორგანიზაციების გვერდით უკვე არსებობს სოციალ-დემოკრატიული პარტია, ორგანიზაცია “სტალინი”, იქმნება (თუ უკვე ჩამოყალიბებული არ არის) ლენინურ-სტალინური ბოლშევიკური პარტია (1936 წლის კონსტიტუციის პლატფორმაზე).

ყველაფერი ეს უთუოდ და უთუმცაოდ მეტყველებს ეროვნული მოძრაობის ყველა ორგანიზაციისა და პარტიის გაერთიანების აუცილებლობას, ერთიანი, ყველასათვის სავალდებულო, ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბების გარდაუვალობას.

1989 წლის ცნობების მიხედვით, საქართველოში სულ 5 მილიონ 400841 კაცი ცხოვრობს. აქედან ქართველი 3 მილიონ 787393 ადამიანია (გაზ. “კომუნისტი”, 1990 წ., 24 მარტი). დანარჩენ ერთ მილიონ 613248 არაქართველს მკაფიოდ, გასაგებად, დამაჯერებლად უნდა ვუთხრათ: ქართული ეროვნული მოძრაობა არ ემუქრება არც ერთი არაქართველის ეროვნულ უფლებას, ღირსებას, თავისუფლებას, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში მათ ექნებათ ყველა ის უფლება, რაც ქართველ მოქალაქეს. ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა ეროვნული დისკრიმინაციის პირობებში. მან კარგად იცის, რას ნიშნავს ეს. ამიტომ იგი არასოდეს გაიმეტებს სხვას ჩაგვრისა და დამცირებისათვის.

თამარის სამეფოში მთელი ამიერკავკასია და ნაწილობრივ ჩრდილო კავკასიაც იყო გაერთიანებული. რამდენადაც ვიცი, არც ერთ იმდროინდელ მემატიანეს (არც ქართველს და არც სომეხს, არც არაბსა და არც სპარსელს) არ დაუჩივლია, არ დაუწერია და უთქვამს – საქართველოში რელიგიურად ან ეროვნულად რომელიმე ხალხი იჩაგრებოდაო. თუკი XII საუკუნეში მოვძებნეთ თანაცხოვრების ფორმა და ენა, მე-20 საუკუნის ბოლოს რა ღმერთი უნდა გაგვიწყრეს, რომ ეს ვერ მოვახერხოთ?!

დღევანდელ ვითარებაში გადაუდებლად მოსაგვარებელია პრობლემა: საქართველოს არაქართულმა მოსახლეობამ მხარი დაუჭიროს ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, ბერძნებს, ოსებს, რუსებს, სომხებს, ქურთებს და სხვებს ეცოდინებათ, როგორია ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნაციონალური პოლიტიკა. დეკლარაციის სახით, დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს ეროვნული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, შემუშავებული ყველა ქართული პარტიისა და ორგანიზაციის მიერ. მიეცეს სათანადო ახსნა-განმარტება, მოვისმინოთ არაქართული მოსახლეობის აზრი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მკაფიოდ და უტყუარად – ვის უჭერს მხარს საქართველოს არაქართული მოსახლეობა, ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას თუ მის მოწინააღმდეგე ძალას.

ამის გარკვევა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ იქნება დამოუკიდებელი საქართველო მოწყობილი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და ეკონომიკური თვალსაზრისით.

საქართველო ადმინისტრაციულად, მისი ისტორიული პროვინციების მიხედვით, ოლქებად უნდა დაიყოს (ქართლის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს და ა.შ. ოლქები). როცა რუსთაველის საზოგადოების რეგიონალური ორგანიზაციების ამგვარი დაყოფა მოვინდომეთ, ამან სერიოზული წინააღმდეგობა გამოიწვია. კუთხურ განკერძოებულობას შეუწყობსო ხელს – შეეშინდათ. ეს მე საყურადღებო არგუმენტად არ მიმაჩნია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თუ ჩვენ მე-20 საუკუნის ბოლოს ერთიანი ეროვნული ცნობიერება არ გვაქვს, მაშინ დაღუპულა ჩვენი საქმე და ეს არის. მეორეც იმიტომ, რომ თანამედროვე ეკონომიკური სისტემა ამ განკერძოებულობის არავითარ საშუალებას არ იძლევა. პირიქით, ერთიანობას მოითხოვს. ამის ჩინებული მაგალითი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა. იქაც ისტორიული პროვინციების მიხედვით არის ადმინისტრაციულად ქვეყანა დაყოფილი. ჩვენ შეგვიძლია ამ გამოცდილების შესწავლა და გამოყენება (ამგვარი აზრი ირ. შენგელაიასაც აქვს გამოთქმული).

ყოველ ადმინისტრაციულ ერთეულს დიდი თვითმმართველური უფლებები უნდა მიეცეს. ისინი არ უნდა იყვნენ მთლიანად საქართველოს მთავრობაზე დამოკიდებული. საქართველო წარმომიდგენია რესპუბლიკად, რომელსაც პრეზიდენტი მართავს. ჩემი ვარაუდით, საქართველოს პრეზიდენტს ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეს, რაც საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს. აქ საფრანგეთის გამოცდილება შეიძლებოდა გაგვეზიარებინა.

იმ ოლქებში, სადაც ქართული მოსახლეობის გვერდით ცხოვრობს არაქართულიც, არაქართულ მოსახლეობას უნდა მიენიჭოს სრული ეროვნული თვითმმართველობის უფლება.

რა პრინციპებით და კანონებით მოქმედებს ეროვნული თვითმმართველობა, ეს უნდა შემუშავდეს ქართული ეროვნული მოძრაობისა და არაქართული მოსახლეობის წარმომადგენელთა ერთობლივი შეთანხმებით.
საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული პრინციპის სასწრაფო დამუშავება იმიტომაც მიმაჩნია აუცილებლად, რომ ამჟამად მოსკოვში, ამ კუთხით როგორც მთელ სსრკ, ისე მოკავშირე რესპუბლიკების მოწყობის ნაირ-ნაირი ვარიანტები მუშავდება. მაგალითად, ვინმე ბოლტენკოვა, მოსკოვში, სულ ახლახან გამოცემულ წიგნში – “Межнациональные отношения в перспективе” – გვიმტკიცებს, მოკავშირე რესპუბლიკების სტატუსი საერთოდ არ უნდა არსებობდესო. ვთქვათ, ამიერკავკასიაში აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი კი არ უნდა იყვნენ, როგორც სახელმწიფო ერთეულები, არამედ ამიერკავკასიას უნდა ერქვას Закавказский край, სადაც ყველა მოსახლე ერს თანაბარი სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკურ-კულტურული უფლებანი ექნებათ. ასევე ბალტიისპირეთში ესტონეთი, ლატვია, ლიტვა კი არ უნდა ფიგურირებდნენ, არამედ მათი საერთო სახელი Прибалтийский край. როცა ყველა ეროვნული სახელმწიფოებრიობა მოიშლება, მაშინ ეროვნული შუღლიც აღარ იქნებაო, – გვარწმუნებს ბოლტენკოვა.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად კრემლში კარგა ხანია გაცხოველებული საუბარია საბჭოური ფედერაციის ახლებურ ფორმაზე, ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით დაჩქარდა ამ კანონების შემუშავება-განხილვა. მართალია, ეს კანონპროექტი ჯერ საბოლოოდ მიღებულ-დამტკიცებული არ არის, მაგრამ სრულიად დაბეჯითებით წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ იგი უნდა უარყოს.
რატომ?

კანონპროექტი ითვალისწინებს საერთო სახალხო რეფერენდუმის ჩატარებას. რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ამა თუ იმ მოკავშირე რესპუბლიკას სსრკ-დან გასვლა. თუ რეფერენდუმი დაადასტურებს გასვლის სურვილს, მერე იგი უნდა განიხილოს სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ. ყრილობა უფლებამოსილია დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს სახალხო რეფერენდუმის გადაწყვეტილებას. თუ ყრილობა დაეთანხმება სახალხო რეფერენდუმის გადაწყვეტილებას, მოკავშირე რესპუბლიკა გავა სსრკ-დან. თუ არ დაეთანხმება, ვერ გავა.

რა გამოდის? მთელი ერის სურვილსა და გადაწყვეტილებაზე მაღლა დგას ყრილობის თანხმობა ან ართანხმობა. ქართველი ან რომელიმე სხვა ხალხის მისწრაფება თავისუფლებისაკენ შეუძლია ჩაკლას ეროვნულად ჭრელი შემადგენლობის ყრილობამ. ქართველი ხალხი კი არ არის გადამწყვეტი თავისი ბედის, არამედ რომელიმე ჩუვაშის ან უდმურტის ხმა. ისევე, როგორც რომელიმე ქართველი დეპუტატის ხმას შეუძლია დააბრკოლოს იმავე ჩუვაშის და უდმურტის თავისუფლების საქმე.

მეორე, რასაც კანონპროექტი ითხოვს, გახლავთ ის, რომ ამა თუ იმ მოკავშირე რესპუბლიკის ავტონომიურ ერთეულებს უფლება ექნებათ თავად გადაწყვიტონ სად დარჩნენ – იმ რესპუბლიკაში, რომელიც სსრკ-დან გადის თუ სსრკ-ში. ე.ი. ავტონომიური ერთეულები ცალკე ატარებენ რეფერენდუმს და არა მოკავშირე რესპუბლიკის მთელ მოსახლეობასთან ერთად.

გარეგნულად ეს ისე გამოიყურება, თითქოს ერთა თანასწორუფლებიანობას ითვალისწინებდეს, ნამდვილად კი მოკავშირე რესპუბლიკის ძირეულ მოსახლეობას ყველა უფლებას ართმევს. საქართველოს ბედის გადაწყვეტა ქართველ ხალხზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ აფხაზეთის ასსრ-სა და სამხრეთ ოსეთის აო-ზე. თუ ქართველი ხალხი მოისურვებს სსრკ-დან გასვლას, ხოლო აფხაზეთის ასსრ და სამხრეთ ოსეთის აო სსრკ-ში დარჩენას, საქართველო კარგავს ამ მიწა-წყალს.

ამას ემატება ისიც, რომ ამა თუ იმ მოკავშირე რესპუბლიკაში კომპაქტურად დასახლებულ სხვადასხვა ხალხს შეუძლია გამოხატოს თავისი ნება და სცნოს ან არა მიზანშეწონილად მოკავშირე რესპუბლიკის გასვლა სსრკ-დან.
შენს ერთადერთ საცხოვრისში, შენს ისტორიულ სამშობლოში რომ ყველა უფლებას ჩამოგართმევენ, ეს თურმე ხალხთა თანასწორუფლებიანობა ყოფილა.

საინტერესოა, რას იტყოდნენ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ავტორები, მათთვის ვინმეს რომ შეეთავაზებინა კანონი, რომლის თანახმად სახლის ყიდვა-გაყიდვა პატრონის უფლება კი არ არისო, არამედ – მდგმურის. ამაშიც თანასწორუფლებიანობას დაინახავდნენ?

კულუარებში ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება უნიფიცირებული არ იქნება. იგი მოკავშირეობის პრობლემას დიფერენცირებულად მიუდგება. ყველა მოკავშირე რესპუბლიკას უფლება მიენიჭება საკუთარი შეხედულებისამებრ დადოს ახალი ხელშეკრულება. ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა. არაფერი ამგვარი კანონპროექტში არ არის.

ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებაც მორიგი ტყუილი გამოდგა.

საგანგებოდ შექმნილი ყველა ბარიერის გადასალახავად უნდა გამოინახოს სათანადო ხერხები და საშუალებანი. იურიდიული ბარიერის გადამლახავი ხერხიც იურიდიული უნდა იყოს. ეკონომიკური ბარიერის დამძლევი ხერხიც ეკონომიკური უნდა იყოს. თქმა არ უნდა, როგორც კი დამოუკიდებლობას გამოვაცხადებთ, მაშინვე ეკონომიკურ ბლოკადას მოგვიწყობენ. ამას ლიტვის მაგალითიც მოწმობს. როგორ გავუძლოთ ბლოკადას? ეს პროგრამა უკვე უნდა მუშავდებოდეს. თან ერთი კი არა, რამდენიმე ვარიანტი უნდა გვქონდეს, მანევრირება რომ შეგვეძლოს.

საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა უაღრესად მძიმეა. თუ შევადარებთ მას ფინეთის ან ნორვეგიის ეკონომიკას, დავინახავთ განსხვავების თვალუწვდენელ უფსკრულს. სანამ საქართველო სსრკ-შია, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების არავითარი იმედი არ უნდა გვქონდეს. პირიქით, უფრო უარესად იქნება საქმე. რამდენადაც შეიძლება, ჩქარა უნდა დავაღწიოთ თავი საბჭოური ეკონომიკის ჩიხს, გადარჩენა თუ გვინდა. მართალია, თავდაპირველად ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ იგი უნდა დავძლიოთ, რომ ფეხზე დავდგეთ და ჭეშმარიტი ეკონომიკური სისტემა დავაფუძნოთ. აუცილებელია, ჩვენმა ეკონომისტებმა ქართველ ხალხს დღევანდელი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის უტყუარი სურათი დაუხატონ. ჯერ კიდევ კარგად არ ვიცით, რა დღეში ვართ. ჯერ კიდევ ილუზიებს ვებღაუჭებით, რაკი სუფრაზე არც შემწვარი გოჭი მოგვკლებია, არც საცივი და არც ხაჭაპურები. ღვთის მადლით, საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ კაცი ეკალათიც შეინახავს თავს და ჭინჭრის საჭამადითაც. მაგრამ რუსთაველის ქვეყანას არ ეკადრება მსოფლიოს ორღობეში ეგდოს უპატრონოდ. მდიდარ და განათლებულ კაცობრიობას, სიონის გლახასავით, კუდში მისჩანჩალებდეს.

არსებული ეკონომიკური სიდუხჭირიდან თავდახსნის ერთი გზა გვაქვს – თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღებისთანავე ეკონომიკური ვითარება უკეთესისაკენ შეიცვლება. შეცვლას დროც დასჭირდება, დისციპლინაც, თავდადებული შრომაც, მაგრამ რაც მთავარია, დასჭირდება მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გააზრებული ეკონომიკური სისტემა. როცა ველოსიპედი გამოგონებულია, მე არ ვარ ახლის გამოგონების მომხრე. ამას ქართულად ტვინისჭყლეტა ჰქვია. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია გავეცნოთ ფინურ, დანიურ, ნორვეგიულ, ჰოლანდიურ ეკონომიკურ სისტემას. ავირჩიოთ, რომელიც უფრო გამოადგება ჩვენს ქვეყანას და საქმეს შევებათ. დღეს ფართო ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენს ხალხს ჩამოთვლილი ქვეყნების ეკონომიკაზე, რომ ჭურში არ ვისხდეთ ახლის მოლოდინში. ახალგაზრდა, ნიჭიერი ეკონომისტები გავგზავნოთ იმ ქვეყნებში, რომ თავის თვალით ნახონ, რა ხდება, თავის ყურით გაიგონ, რას ამბობენ, რაზე მსჯელობენ. თავადაც შეისწავლონ და ჩვენც გვასწავლონ – როგორ მოვიქცეთ, როგორ ავაშენოთ მომავალი საქართველო.

მაგრამ სანამ ევროპაში განსწავლული ეკონომისტები დაგვიბრუნდებიან, გავკადნიერდები და ამ მიმართულებით რამდენიმე სიტყვას ვიტყვი.

მე ყოველთვის ვიყავი კერძო საკუთრების მომხრე და ასეთივე დავრჩი. მაგრამ ისიც ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს კერძო საკუთრების ეშინია.

ერთნი დამფრთხალნი არიან იმით, რომ კომუნისტების ხანგრძლივმა პროპაგანდამ ხალხს კერძო საკუთრება რაღაც სისხლისმწოველ ურჩხულად წარმოუდგინა. მეორენი დაშინებულნი არიან იმით, რომ თანამედროვე კერძო საკუთრებაზე აგებული მეურნეობის ჩვენ არაფერი გვესმის. ხომ არ მოხდება ისე, რომ უკან, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის ეპოქაში, დავბრუნდებით და მაშინ მთლად დავიღუპებით. დამერწმუნეთ, არც ერთია საშიში და არც მეორე. არც სისხლს გამოვწოვთ ვინმეს და არც უკან დავბრუნდებით.

თუ ჩვენ კოლექტივიზმი გვიყვარს და მისგან ვერაფრით გავთავისუფლებულვართ, მაშინ შეიძლებოდა ისე მოვქცეულიყავით, როგორც იაპონელები. იქაური მუშები კაპიტალისტისაგან ქარხანას ყიდულობენ. ერთად მართავენ და მოგებას თანაბრად ინაწილებენ. ასე ყოველ ქარხანასა, ფაბრიკასა თუ კოლმეურნეობაში შეიძლება დაწესდეს თვითმმართველობა.
თუ ამგვარი კოლექტივიზმიც არ გვაკმაყოფილებს, მაშინ სოფლის მმართველობას უფლებამოსილება მივცეთ, რომ მიწები გლეხებს მუდმივ მფლობელობაში გაუნაწილდეს. მისცეს მათ თავისუფალი ინდივიდუალური შრომის საშუალება. ფაბრიკა-ქარხანა კი იმ მრეწველს მივანდოთ, ვისიც სწამთ მუშებს, როგორც საქმის კაცისა. მერე, თანდათან, ამ მრეწველისაგან თანამედროვე კაპიტალისტი ჩამოყალიბდება და პირველის პატრონალიზმს დააფუძნებს. ან თავად უკეთესიც შეიძლება მოიგონოს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მშრომელს, მუშა იქნება იგი, გლეხი თუ ინტელიგენტი, მისი ნაშრომით მიღებული შემოსავალი მასვე დარჩეს და სხვამ არ მიითვისოს. ყოველი მშრომელი თავისი წლიური შემოსავლის 10″-ზე მეტს გადასახადის სახით, სახელმწიფოს არ უნდა აძლევდეს. 90″ უკლებლივ უნდა რჩებოდეს იმას, ვინც შრომობს.

როცა მოქალაქე მდიდარია, ქვეყანაც მდიდარია. როცა სახელმწიფოა მდიდარი (ან ცდილობს იყოს მდიდარი), მაშინ ქვეყანა ღატაკია. მოქმედებს თივისა და ავი ძაღლის “პრინციპი”: არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს. სახელმწიფო ბიუროკრატიაში ახშობს პიროვნების ინიციატივას, ენთუზიაზმს, ენერგიას. პიროვნება ხდება პასიური, უქნარა, გულგრილი. პიროვნებამ ეკონომიკურ საქმიანობაში შეუზღუდავად უნდა შეძლოს ნიჭის გამოვლენა, როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის.

რა თქმა უნდა, თუ გასაგებად ვთქვი და ფართო საზოგადოება ჩემს წინადადებას მისაღებად მიიჩნევს, მაშინ მას დეტალური დამუშავება დასჭირდება, რაც სამართლის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის და მრეწველობის სპეციალისტებთან ერთად უნდა მოხდეს. თუ არ მოეწონებათ, მაშინ სხვა ვარიანტები უნდა შემუშავდეს. მთავარი და არსებითი აქ ის არის, რომ დაყოვნება არ შეიძლება. თუნდაც თეორიულად, ნათლად უნდა გვქონდეს წარმოდგენილი – როგორი ეკონომიკის დამკვიდრება გვინდა. თუ ჩვენი ეკონომიკა ჩვენი პოლიტიკური დამოუკიდებლობის საყრდენი არ იქნება, ქართველი ხალხის თავისუფლებას დიდი ხიფათი დაემუქრება.
თავისუფლების შენობას ორივე ბოძი თანაბრად სჭირდება – პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც.

ნურავის გაუკვირდება და ნურც შეეშინდება, თუ აღმშენებლობის გზაზე ბევრ ქვას და ღორღს დაგვახვედრებენ, ბევრ თხრილსა და ორმოს, ბევრ ყორესა და ღობეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მტერი თავისას ეცდება. მთავარია და არსებითი, ერთმანეთს არ შევუშალოთ ხელი. შინაურმა განხეთქილებამ არ გვძლიოს. ამიტომ არის ერთიანობა საჭირო. სტრატეგიული მიზანი რომ ერთი გვაქვს, ეს არავის გაუხდია სადავოდ. მაგრამ ტაქტიკური გზების გამო კი ხშირად არის ცხარე სჯა-ბაასი. ზოგჯერ შეურიგებელიც. თითქოს ესეც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მაინც არის რაღაც დამაფიქრებელი. ქაჯეთის ციხის ასაღებად მიმავალ ტარიელს, ავთანდილს და ფრიდონს შორის თათბირი აუცილებელია, მაგრამ განხეთქილებისაგან ღმერთმა დაგვიფაროს. ნესტანის გათავისუფლება მაშინ შეიძლება, თუ ისინი ერთად შეუტევენ სხვადასხვა მხრიდან. ტაქტიკა მრავალფეროვანი უნდა იყოს, ოღონდ ერთად შეთანხმებული. ტაქტიკის ერთფეროვნება სისუსტის ნიშანია. შეუთანხმებლობა კი შიშის გამომწვევია. ამ შიშმა, სამწუხაროდ, აქა-იქ თავი უკვე იჩინა. ალბათ, არც ეს უნდა იყოს მოულოდნელი. სსრკ-ის მოქალაქისათვის შიში ბუნებრივი თვისებაა, გამომუშავებული 70 წლის მანძილზე. მაგრამ გულდასაწყვეტია ის, რომ ზოგიერთს შიში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმართ გაუჩნდა. ეს შეიძლება, ერთი მხრივ, მოუმზადებლობის ბრალიც იყოს, ხოლო, მეორე მხრივ, მტრული ძალების ჩუმი პროპაგანდისა.
გეხსომებათ, ალ. გრიბოედოვის კომედიაში “ვაი ჭკუისაგან” ჩაცკის საქციელით შეწუხებული ფამუსოვი შეშფოთებული კითხულობს – что станет говорить княгиня Мария Алексеевна.

70 წლის მანძილზე დამფრთხალი საბჭოელი მოქალაქენი წამდაუწუმ კითხულობენ – რას იტყოდა კნიაგინია მარია ალექსეევნა, ანუ კომპარტია. ახლა კომპარტიის აღარავის ეშინია. ხალხი შიშისაგან თავისუფლდება. მაგრამ ბნელ ძალებს არ მოსწონთ ეს. ისევ ისე უნდათ, იყოს ხალხი შიშით თავზარდაცემული. ამიტომ ახლა კნიაგინია მარია ალექსეევნას როლში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოყვანა სურთ. უნდათ, რომ დამფრთხალი ადამიანები კითხულობდნენ: რას იტყვის კნიაგინია მარია ალექსეევნა, ანუ ეროვნული მოძრაობა.
თავისუფლება მაშინ არის თავისუფლება, როცა არანაირი შიში აღარ არსებობს. როცა მის მაგიერ ადამიანს ამოძრავებს მორიდება, მოკრძალება, პატივისცემა.

როცა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იქნება ერთიანი და მთლიანი სტრატეგიული მიზნითაც და ტაქტიკური გზითაც,

როცა შემუშავებული გვექნება თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში ეროვნული პოლიტიკის პროგრამა,

როცა ყოველი მოქალაქისათვის ცხადი და ნათელი იქნება მომავალი საქართველოს ეკონომიკური სისტემა,
როცა კრემლის იურიდიულ მზაკვრობას დავუპირისპირებთ საკაცობრიო, ჰუმანისტური, სამართლებრივი პრინციპებით გამართულ კანონებს,

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ამაყად და რწმენით შეეძლება განაცხადოს – ჩვენ არ წავალთ მოსკოვში.”