პოეტი ზვიად რატიანი ბერტოლტ ბრეხტის მიერ 1935 წელს დაწერილი ლექსის თარგმანს გვთავაზობს.
მიუხედავად იმისა, რომ ლექსი გასული საუკუნის 30-იან წლებშია დაწერილი, ის საოცრად თანამედროვეა და თითქოს ჩვენზეა:
“ლუკმაპურის დაკარგვის შიშით
დღითიდღე მზარდი ზეწოლის წლებში
ზოგიერთმა გადაწყვიტა არ ეთქვა სიმართლე
მოძალადე რეჟიმის შესახებ,
რომელიც სწორედ ძალადობით ინარჩუნებს ჩაგვრის სადავეებს,
მაგრამ არც მისი ტყუილები გაევრცელებინა;
ანუ, სხვაგვარად, არ დაეგმო უსამართლობა,
მაგრამ არც გაემართლებინა, ვინც ასე იქცევა,
ერთი შეხედვით, თითქოს ყოფნის გამბედაობა
ახლაც კი, მზარდი ზეწოლის წლებში,
არ დაკარგოს სახე. არადა
სინამდვილეში მხოლოდ ცდილობს
არ დაკარგოს ლუკმაპური. ტყუილის ართქმაც
მხოლოდ სიმართლის დამალვაში ეხმარება. ბუნებრივია,
მას ეს დიდხანს არ გაუვა. მაგრამ ახლაც კი,
ვიდრე აკითხავს სამსახურებს და რედაქციებს,
კვლევით ლაბორატორიებს და საამქროებს
იმ კაცის სახით, ვინც არასდროს კადრულობს ტყუილს,
ის უკვე არის მავნებელი. ვინც სისხლიან დანაშაულს ასე ჩაუვლის,
როგორც რაღაც უმნიშვნელოს, ამით ამტკიცებს,
რომ მხეცობა ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორიც წვიმა,
და წვიმასავით გარდაუვალი.
მისი დუმილი უკვე არის გამართლება ძალადობის, მაგრამ სულ მალე
ის აღმოაჩენს, რომ უბრალოდ სიმართლის ართქმა
აღარ ყოფნის ლუკმაპურის შენარჩუნებას
და საჭიროა, თქვას ტყუილიც. მხოლოდ ისეთებს,
ვინც მზადაა, ყველაფერი გააკეთოს ლუკმაპურისთვის,
მჩაგვრელებიც ეპყრობიან მეტ-ნაკლებად ლმობიერებით.
ის თავს არ გრძნობს მოსყიდულად,
რადგან მისთვის არაფერი მიუციათ;
მისთვის, უბრალოდ, არაფერი წაურთმევიათ.
როცა მლიქვნელი ხელისუფლების წვეულებაზე
წამოდგება და პირს დააღებს სიტყვის სათქმელად
და გამოაჩენს კბილებს შორის გამოჩხერილ ხორცის
ნარჩენებს,
მისი ლიქვნაც ხდება საეჭვო.
სამაგიეროდ, გაცილებით ფასეულია
ქების მოსმენა იმისაგან, ვინც ჯერ კიდევ გუშინ ლანძღავდათ
და არც იწვევდნენ გამარჯვების აღსანიშნავ წვეულებებზე.
ის მეგობრობს ჩაგრულებთან. მას ენდობიან.
რასაც ის იტყვის სიმართლეა.
არც არსებობს რასაც დამალავს.
და ისიც ამბობს, რომ ვერ ხედავს ძალადობას,
ვერ ხედავს ჩაგვრას!
მკვლელს ყოველთვის ურჩევნია
მოისყიდოს მოკლულის ძმები
და ათქმევინოს, რომ მათი ძმა
შეიწირა თითქოს კრამიტმა,
სახურავიდან რომ დაცურდა. ეს ადვილი ტყული კვებავს იმას,
ვინც ცდილობს ლუკმაპურის შენარჩუნებას,
მაგრამ მცირე ხნით, სამწუხაროდ, რადგან მომრავლდნენ
მისნაირები. ძალიან მალე
მას მოუწევს დაუნდობელ შეჯიბრში ჩაბმა
დანარჩენებთან, ვინც ასევე თავს არ ზოგავს
ლუკმაპურისთვის.
მხოლოდ ტყუილის თქმის უნარი საკმარისი ვეღარ იქნება.
დაჭირდება ოსტატობა, და ამ საქმის სიყვარულით, ვნებით კეთება.
მდაბალი ლტოლვა, არ დაკარგოს ლუკმაპური, უნდა შეერწყას
უმღლეს სურვილს, დაეუფლოს
ბოდვის სიბრძნედ წარმოჩენის რთულ ხელოვნებას,
გაიაზროს უაზრობა,
და გამოთქვას გამოუთქმელი.
მეტიც, ყველაზე ხმამაღლა და თავგამოდებით
უნდა ადიდოს მჩაგვრელები, რადგან ჯერ კიდევ
ეჭვის თვალით უყურებენ, ჯერ კიდევ ახსოვთ,
რომ ის არც ისე დიდი ხნის წინ
გმობდა ჩაგვრას. ამიტომაც ვერავინ ცრუობს ისე უტიფრად,
ვიდრე ისინი, ვინც იციან სრული სიმართლე.
და ყველაფერი გასტანს მანამ,
ვიდრე ერთხელ გამოჩნდება ვიღაც და ამხელს
ოდინდელ წესიერებაში, ყოფილ პატიოსნებაში
და ლუკმაპურს დააკარგინებს.”