11 აგვისტო, 2021

ზურა ყიფშიძე გოგა ფიფიაზე

მსახიობი ზურა ყიფშიძე და ექიმი გოგა ფიფია ერთმანეთს რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმის “როცა აყვავდა ნუში” გადაღებებზე შეხვდნენ. ახალგაზრდა ბიჭებისთვის რეჟისორთან მუშაობა წარმატებული აღმოჩნდა – ფილმმა ზურა ყიფშიძეს დიდი პოპულარობა და აღიარება მოუტანა, გოგა ფიფია კი სხვა ფილმებშიც მიიწვიეს.

ზურა ყიფშიძე:

“იმ ფილმებიდან, რომლებშიც მონაწილეობა მივიღე, საქართველოში ყველაზე გამორჩეული მაყურებლისთვის ლანა ღოღობერიძის “როცა აყვავდა ნუშია”.

ეს ფილმი გამორჩეულად უყვართ, ალბათ იმიტომ, რომ პირველი ფილმია ახალგაზრდობის მტკივნეულ პრობლემებზე.

არადა, ნერვებს მიშლის ჩემი გმირი – გაპრანჭული, გატყლარჭული ბიჭი ბაკენბარდებით. იყო დრო, თვითონ ვერ ვიტანდი ეგეთ ტიპებს. ვინც მიცნობდა შეიძლება ეფიქრა, ზუსტად ზურაზეა ეს ფილმიო, ამ დროს არ იყო ასე.

სხვათაშორის, გოგა ფიფია უფრო თავქარიანი იყო, ვიდრე მე, ფილმში ჩვენი გმირები კი პირიქით – მე თავქარიანი ვარ, გოგას გმირი – მშვიდი, მორცხვი და მორიდებული.”