11 აგვისტო, 2021

ზაირა არსენიშვილი – გვიან აღმოჩენილი ხელოვანი

მწერალი, კინოდრამატურგი და მუსიკოსი ზაირა არსენიშვილი მკითხველმა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა.

შემოქმედის რომანი “ვა სოფელო: კახური ქრონიკები” – განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა პოპულარული. მასში აღწერილია გასული საუკუნის 20-50-იანი წლების თელავი ძალიან საინტერესო ადამიანური ისტორიებით, სტალინური ეპოქის ტერორით, რეპრესიებით…

„უფალო, კვლავაც გევედრები,
მესაჭეობას ნუ მიანდობ ბრიყვს და უმეცარს,
ვის ტვინშიაც ჩიტი ნისკარტს ვერ დაისველებს“ – ეს მცირე ამონარიდია ზაირა არსენიშვილის რომანიდან.

მწერალმა მასში საკუთარი ცხოვრების ეპიზოდები გააერთიანა – 5 წლის ასაკში მამა დაუხვრიტეს, დედისერთა გოგონაზე ამ ამბავმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საკუთარი ოჯახის შექმნაზე არ უფიქრია, არც საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციაზე უზრუნია, ამიტომაც მისი ნაწარმოებები მკითხველმა გვიან წაიკითხა.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ სწორედ მისი სცენარების მიხედვით არის გადაღებული ფილმები “როცა აყვავდა ნუში”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “აურზაური სალხინეთში”, “ვალსი პეჩორაზე”, “დღეს ღამე უთენებია”, “ორომტრიალი”…

ზაირა არსენიშვილი წლების განმავლობაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში უკრავდა და მუსიკის პედაგოგადაც მუშაობდა.

უნიჭიერესი ხელოვანი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზაირა არსენიშვილი თავის საყვარელ თელავში დაკრძალეს.