13 აგვისტო, 2021

სოფო გაგოშიძე: “გათავისუფლებული ვარ ხელოვნების მუზეუმიდან”

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა სოფო გაგოშიძე გაათავისუფლა:

“მივიღე შეტყობინება, რომ გათავისუფლებული ვარ ხელოვნების მუზეუმიდან, სადაც 2012 წელს პრაქტიკანტად მივედი, ერთ წელიწადში კი მუშაობა დავიწყე არქიტექტურული ფრაგმენტების ფონდში. 2018 წლამდე, ფონდის კურატორმა, ნინო დოლიძემ და მე მთელი ფონდი თავიდან დავამუშავეთ, აღვრიცხეთ, დიგიტალიზაცია გავაკეთეთ და მასალა სამ დამატებით ოთახში გავშალეთ.

გარდა იმისა, რომ ამ დაწესებულებაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ხელოვნების მუზეუმმა და იქ მომუშავე კეთილგანწყობილმა, თავისი საქმის პროფესიონალმა ხალხმა შემაყვარა ჩემი პროფესია.

2018 წელს შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისა და მუზეოლოგიის განხრით, ნიუ-ჯერსის რატგერსის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩავაბარე. მოვიპოვე ამერიკული დაფინანსება და დროებით წამოვედი აშშ-ში, იმ იმედით, რომ აქედან დაბრუნებული კვლავ ჩემ საყვარელ მუზეუმში გავაგრძელებდი მუშაობას.

გამიხარდა, რომ ჩემი ამერიკაში სწავლის პერიოდში საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა შემინარჩუნა სტატუსი, უხელფასო თანამშრომლად ვირიცხებოდი და ვამაყობდი, რომ კონფერენციებზე, ვორკშოპებსა თუ სხვა საქმიან შეხვედრებზე ჩემი სახელის ქვეშ, რატგერსის უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეწერა. ვწუხვარ, რომ ეს ასე აღარ იქნება.

P.S. ამერიკაში ყოფნის განმავლობაში მუზეუმიდან ხელფასს არ ვიღებდი და გაუგებარია, რა კომპენსაციაზეა საუბარი დირექტორის წერილის ბოლოს

P.P.S. ჩემი ამჟამინდელი სამუშაო ადგილი აშშ-ში, ზიმერლის ხელოვნების მუზეუმის საბჭოთა ნონ-კონფორმისტული ხელოვნების ფონდში, არ მაძლევს უფლებას, რომ ამაზე ხმა არ ამოვიღო.”