8 აგვისტო, 2021

საშა გველესიანი 8 აგვისტოზე

მსახიობი და პოეტი საშა გველესიანი 8 აგვისტოს ლექსს უძღვნის:

“აგვისტოს 8

აგვისტო — რაფასთან მარტო ხარ.
თამბაქო ილევა
და იცი ვინ გტკივა, არ იცი რატომ
და სადამდე,
სისხლშია პასუხი, შეკითხვაც
სისხლია — დილემა,
რომ ეს დღეც, უხმო და უსისხლო
ხვალისთვის გადადე.
რაფაზე — თორმეტი ნამცეცი,
ქვადქცეულ არტოსის,
რომ გწამდა და მაინც სახეზე
ეჭვია მენცარის,
აგვისტო. დღეს, ტკივილს ღიღინი
უხდება მარტოსი,
შენ კიდევ წვიმასთან გამშრალი
დგახარ და მზეც არის.
აგვისტო. ჩურჩულებ, ჩურჩულიც
სიჩუმის შიშია,
წვიმებმა წაშალეს გზები
და არ იცი ვის ელი,
გეშლება სიცოცხლე, არ იშლი,
სიკვდილს არ გიშლიან,
დგახარ და ვერ იტყვი, წვიმის
თუ შენია სისველე.
აგვისტო. ამინდმა ქალაქი ალმაცერ
არანდა,
დააჩენ მინაზე, თითებით
ნახატი სიზმრების,
საათებს, წუთებს და წამებს
და აგრაფებს, არადა
მოგბეზრდა სიკდილის აზმები,
ზმნები და ,,იზმები”.
ტრივიალ—ურია — იღლები
გადახნულ ამბებზე,
მჟავეა სიტყვები — ,,დაგღალე
დედაო მარიამ,
კერპივით დგახარ და საკუთარს,
შენს თავსაც აბეზრებ,
აგვისტო. წვიმაა, რის წვიმა,
რა წვიმა — ძმარია…
ჩვევაა, რას იზამ, დროა და…
არც — შენი, არც — ჩემი
და ეს ცა, მიწამდე ღმერთივით
დასულიც, რომ ასე
აახვევს ლაჟვარდს და მიწასთან
მარტოკა დარჩები
და მშვიდი აგვისტო მშვიდადვე
იმღერებს რომანსებს.
ილევა თამბაქო ღარიბი სიკვდილის
პეშვიდან,
საფლავებს, თორმეტი სიტყვა
და ,,ათოვეს ვარდები…”
არ იცი ვინ გტკივა და იცი,
შეშლიდან სადამდე,
სველი ხარ და აქვე, ჩარაზულ სარკმელთან
მთავრდები,
რომ ეს დღეც, უხმო და უსისხლო
ხვალისთვის გადადე.”