12 აგვისტო, 2021

საიუბილეო მონეტა – დიდგორი 900

მხატვარ-ჰერალდიკოსმა მამუკა გონგაძემ დიდგორის ბრძოლის 900 წლის იუბილეს მონეტა მიუძღვნა:

“გილოცავთ დიდგორობას!

საიუბილეო მონეტა – დიდგორი – 900

ეს მონეტა ეძღვნება დიდგორის ბრძოლას, საქართველოს მეომრებს და დავით მეფეს!

პირადად მივიჩნიე თავი მოვალედ შემექმნა მონეტა მიძღვნილი ამ მოვლენისადმი, ჩვენი უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლისადმი, რომელმა 1121 წლის 12 აგვისტოს მოიპოვა უმნიშვნელოვანესი სამხედრო გამარჯვება და ქვეყანა აქცია რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ, რამდენიმე საუკუნით განიმტკიცა საგარეო უსაფრთხოება, რამაც თავის მხრივ უზრუნველყო საზოგადოების მდგრადი კულტურული და ეკონომიკური აღმავლობა, გზა გაუხსნა დედაქალაქის თბილისში გადმოტანას.

მას შემდეგ შემდეგ 900 წელი გავიდა, ჩვენი ქვეყანა დღესაც იგივე გამოწვევების წინაშეა.
დიდი პასუხსიმგებლობაა ასეთ მონეტაზე მუშაობა, ძალიან ბევრი ესკიზი გაკეთდა, თითოეული დეტალი, იქნებოდა მხედარის ფიგურა, აღჭურვილობა თუ ისტორიული ფაქტი, ამონარიდი თუ ტერმინი კონსულტაციების გზით შეთანხმდა შესაბამის უმაღლესი რანგის სპეციალისტებთან.
ამოცანად დავისახე რომ მონეტა ტრადიციული კომპოზიციით აგებულიყო. ყოფილიყო მკაცრი, სადა, ერთგავარად მშრალი, მაგრამ ამავე დროს ინფორმაციული და სახელმწიფოებრივი ისტორიული სიმბოლოებით გაჯერებული.

შუბლი (ავერსი) – ხმალშემართული მხედარი – „მესიის მახვილი“ საბრძოლო აღჭურვილობით, და უნაგირზე ჯდომის მანერითაც სრულად ასახავს იმ ეპოქას. მუზარადი – გვირგვინის სინთეზი, ხაზს უსვამს მის ტიტულს. უკან მრგვალი ბეჭედია გამოსახული – რევერსი დავით მეფის მონეტისა. როგორც წესი, იმ ეპოქაში მონეტის რევერსზე გამოისახებოდა მეფის ბეჭედი, შესაბამისი სიმბოლოთი „წრეში ჩასმული ჯვარი“ და ტიტულატურით – „ დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“
მხედარი საბრძოლველად მოუწოდებს ლაშქარს, რომელიც სიმბოლურად ცერად აღამართული შუბებითაა გამოხატული, შუბთაგან პირველზე ორკუწუბოიანი საქართველოს დროშა ფრიალებს, ჯვარი და ოთხი წრე, რომელიც საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო დროშის წინამორბედია.
დიდგორის ველის სიმბოლურად აღმნიშვნელ კვარცხლბეკზე ამოტვიფრულია ასომთავრული – დიდგორი და 1121

ზურგზე (რევერსზე) – წარწერების საშუალებით გადმოვეცი დიდგორის ბრძოლა. მემატიანის შეფასება – „ძლევაი საკვირველი“ და ნაწყვეტი უმთავრესი ლეგენდიდან: “წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას“.

ეროვნული სახელმწიფოებრივი მიკუთვნებულობის დასტურად დატანილია – გერბი ზედწარწერით „საქართველოსი“ – წმინდა გიორგი, წინამძღოლი და მფარველი სრულიად საქართველოსი და ქართველი მხედრობისა.

მონეტის გული და არშია მორჩილული ბურთულებისგან შექმნილი წრითა არის გამოყოფილი, სადაც დატანილია ლათინური წარწერა Georgia და მოჭრის თარიღი – 2021

მონეტა მოიჭრა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიეტუვის ზარაფხანაში, რომელცი ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, თავისი ნოვაციური მიდგომებით, ტექნოლოგიებით და ხარისხით.
დიდგორის საიუბილეო მონეტა სრულიად არასამთავრობო ქართული პროექტია, ასევე პირველად მისი საბოლოო სახე გახლავთ ე.წ „ანტიკვარული“ ანუ დაძველებული, რაც ჩემი აზრით განსხვავებულ ხასიათს სძენს მონეტას.
იმედი მაქვს მომავალში მრავალ თემატურ, საიუბილეო და სამახსოვრო ქართულ მონეტას შევქმნით მათ შორის ამავე თემაზე.

საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი
საერთაშორისო ჰერალდიკური აკადემიის ასოცირებული წევრი
მხატვარი – ჰერალდიკოსი
მამუკა გონგაძე

პროექტის მომზადებაში დახმარებისათვის დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებს ბატონებს: მამუკა წურწუმიას და დავით ჩხეიძეს.”