30 აგვისტო, 2021

რეზო თაბუკაშვილის საამაყო სიჯიუტე

რეჟისორი რეზო თაბუკაშვილი თავისი სიჯიუტით არაერთი საამაყო საქმის მოთავე გახლავთ.

მისი ერთ-ერთი ასეთი სიჯიუტის შესახებ ისტორიკოსი გიორგი კალანდია მოგვითხრობს:

“ისტორია XIX საუკუნეში დაიწყო, როცა ერთ-ერთი აღდგომის წინა დღეს, სიონიდან ძვირფასი რელიქვია, კერძოდ აღსავლის კარის ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი ფარდაგი გაიტაცეს.

ეს ხატებად ქცეული ქსოვილი, იგივე კრეტსაბმელი 1773 წელს მოუქარგავს და სიონისათვის შეუწირავს ქეთევანს, მეფე ერეკლეს მამიდაშვილს… ბევრი ეძებეს თუმცა უნიკალური საგანძურს ვერსად მიაგნეს….

ამბავი 1937 წელს გერმანიაში გაგრძელდა… ბერლინში ამ დროს ერთი ცნობილი სომეხი კოლექციონერი გარდაიცვალა და გამოცხადდა, რომ მისი გერმანელი მეუღლე მთელი კოლექციის გაყიდვას აპირებდა. ბედნიერი შემთხვევით კოლექციას ქართველი ემიგრანტები თამარ და აკაკი პაპავები გაეცნენ, შედეგი გამაოგნებელი იყო, რადგან გასაყიდად გამზადებულ ნივთებს შორის ქართულწარწერიანი ფარდაგი აღმოჩნდა. ნივთის ფოტო და აღწერილობა ქართველებმა ექვთიმე თაყაიშვილს ლევილში გაუგზავნეს…. ექვთიმემ „მღელვარე წერილი“ გაგზავნა ბერლინში: “ეს ფარდაგი სწორედ საკურთხევლის ის გადასაფარებელია, გასულ საუკუნეში რომ მოგვპარეს სიონიდანო“.

ექვთიმეს წერილის წაკითხვის შემდეგ თამარ და აკაკი პაპავებმა გაყიდეს ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეძლეს, ისესხეს, რისი სესხებაც მოახერხეს და დიდი ვაჭრობის შემდეგ კოლექციონერის ქვრივისაგან 20 ათას დოლარად საქართველოდან გატაცებული ნივთი შეიძინეს…

თამარ პაპავა ამბობდა: „იმ აფორიაქებულ ბერლინში გრიგოლ რობაქიძე, მიხაკო წერეთელი და ვიკტორ ნოზაძე, იმხანად გერმანიაში მცხოვრები სხვა ქართველებიც ორი წლის განმავლობაში როგორც ეკლესიაში, ისე დადიოდნენ ჩვენთან, სადაც ხატად ესვენა სიონის განძთაგანიო. მაგრამ 1938 წელს ქსოვილი უსაფრთხოებისათვის ჰამბურგის ბანკს მივაბარეთ შესანახად“.

მალე ევროპას მეორე მსოფლიო ომის ქარტეხილმა გადაუარა. 1943 წელს ჰამბურგი სასტიკად დაიბომბა, ბანკის შენობა მთლიანად ნაცარტუტად იქცა, მაგრამ შენობიდან გადარჩა ერთადერთი პატარა სეიფი, სწორედ ის, სადაც ქართული კრეტსაბმელი ინახებოდა. პაპავებმა სულზე მიუსწრეს და წმინდა ნივთი ისევ შეინარჩუნეს…

გერმანიის შემდეგ ნივთმა გეზი არგენტინისაკენ აიღო, 1950 წელს პაპავების ოჯახი ბუენოს-აირესის მახლობლად, პატარა ქალაქ ლომას-დე-სამორაში დასახლდა, კრეტსაბმელმაც სწორედ იქ დაიდო ბინა.

1987 წელი.. რეზო თაბუკაშვილი ლომას-დე-სამორაშია, პაპავების სიძე ლეო ჭეიშვილი მას დაუვიწყარ და ძვირფას სიტყვებს ეუბნება: „ეს ფარდაგი… ამ ადგილას 39 წელიწადია არის დასვენებული. რასაკვირველია, გვიჭირს იმის მოცილება და ამ ადგილზე სიცარიელის ყურება. ეხლა გვინდა ეს ჩვენი სამკაული, ეს ჩვენი საუნჯე, ეს უნიკალური განძი საქართველოისა გადმოგცეთ და ჩაგაბაროთ. და მიიტანოთ, როგორც თქვენი საკუთარი გული… იცოცხლოს საქართველომ მარადის….“

ფარდაგი სამგზავროდ მოამზადეს.. რეზო თაბუკაშვილი ამ მომენტს კინოფირზე იღებდა, კრეტსაბმელის სახლიდან გამოტანის ცერემონიალი თითქოს საყვარელ ადამიანთან გამოთხოვების მომენტს ჰგავდა…. გზა დიდი და რთული გამოდგა, კრეტსაბმელის სამშობლოში დაბრუნებას როგორც მოსალოდნელი იყო მღელვარება და განსაცდელი არ ასცდენია: „ზოგიერთებმა ამ ისტორიულ ქსოვილის ერმიტაჟში გაგზავნა უფრო მიზანშეწონილად ჩათვალეს“. მაგრამ რეზო თაბუკაშვილმა არ დათმო, უკან ერთი ნაბიჯით არ დაიხია… რეჟისორის „სიჯიუტემ“ გაჭრა, საუკუნე-ნახევრის განშორების შემდეგ ძვირფასმა კრეტსაბმელმა სიონის საკურთხეველზე გაათია ღამე, საქართველოს კათალიკოს პატრიაქრის ილია მეორის გადაწყვეტილებით, განძი საქართველს ხელოვნების მუზეუმს გადაეცა. ის დღემდე იქ ინახება. დანარჩენი ჩემს წიგნში „ქართველები მსოფლიო იტორიაში“. ტომი მე-15.”