20 აგვისტო, 2021

რეზო ჩხეიძის უცნობი ამბავი

კინორეჟისორ რეზო ჩხეიძეზე მისი შემოქმედების გულშემატკივრებმა თითქმის ყველაფერი იციან, თუმცა არის ამბები, რომლებიც საზოგადოებისთვის უცნობია.

მათ შესახებ კინოდოკუმენტალისტი ოლიკო ჟღენტი გვიამბობს:

“2015 წელს გარდაიცვალა რეზო ჩხეიძე… პანაშვიდების დროს, ბუნებრივია, წამოიჭრა საკითხი, თუ სად დაკრძალულიყო დიდი კინორეჟისორი და საზოგადო მოღვაწე… საზოგადოების ნაწილმა – რამდენიმე პატივსაცემმა პიროვნებამ და, მათ შორის, ხელოვანებმა, გამოთქვეს აზრი, რომ ეს ადგილი მთაწმინდის პანთეონი ყოფილიყო. ამ მიზნით, საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა, წინადადებით მიემართა პირადად პატრიარქისთვის… თუმცა, როგორც ვიცი, პატრიარქის რეზიდენციაში შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა პანაშვიდი ჩაატარა და რეზო ჩხეიძე… დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალა…

მე აქ არ ჩამოვთვლი იმ დამსახურებებს, რაც რეზო ჩხეიძეს მიუძღვის ქვეყნის წინაშე, როგორც არამხოლოდ კინოხელოვანსა და საზოგადო მოღვაწეს, არამედ, როგორც პროვნებას და მოქალაქეს… შეგახსენებთ მხოლოდ იმას, რომ რეზო ჩხეიძის პირადი დამსახურებაა, როცა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, თავიანთ დისიდენტურ და ანტისაბჭოთა ფილმებს იღებდნენ სერგო ფარაჯანოვი და ოთარ იოსელიანი, ასევე ბევრი ის ქართველი კინორეჟისორი, რომელთა ფილმებმა საერთაშორისო აღიარება მოუპოვა ქართულ კულტურას და ქართულ კინოხელოვნებას…

რეზო ჩხეიძე, როგორც კინოსტუდია “ქართული ფილმის” ხელმძღვანელი, ყოველთვის იყო ხელისუფალთაგან “შერისხული” და “განკიცხული” რეჟისორების ქომაგი და დიდი გულშემატკივარი, ეს მაშინ, როცა სერგო ფარაჯანოვს, როგორც ყოფილ პატიმარს – ახალნასამართლევსა და “სხვაგვარად მოაზროვნეს”, საერთოდ ჩამორთმეული ჰქონდა კინოში მუშაობის უფლება, ოთარ იოსელიანს კი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ… ამ ფონზე, ისინი რეზო ჩხეიძის პირადი მხარადაჭერით, კინოსტუდია “ქართულ ფილმში” იღებდნენ ფილმებს, რომლებიც დღეს მსოფლიო კინოს კლასიკას წარმოადგენს.

ცნობილია, თუ რამდენ ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორს დაეხმარა იგი საკუთარი შემოქმედების რეალიზებაში და, საერთოდ, რეზო ჩხეიძის სახელს უკავშირდება ქართული კულტურისა და ქართული კინოს პოპულარიზაცია ჩვენი ქვეყნის გარეთ… ქართული კინოს ფენომენის აღიარება…

ისიც მახსოვს, “თვითმფრინავის ბიჭების საქმეში” როგორც დაუდგა გვერდით მიშა კობახიძეს – მისივე დაარსებული გაზეთის “ქართული ფილმის” ფურცლებიდან რეზომ პირადად მიმართა ხელისუფლებას ღია წერილით (სახელისუფლო გაზეთები ამ წერილს არ დაბეჭდავდა), სადაც დაგმო ე.წ. მე-8 პოლკის გამოყენების ფაქტი… ამ საქმეშიც მან ღირსეული პოზიცია დაიჭირა….

ისიც ცნობილია, პირადი პასუხისმგებლობისა და რისკის ფასად, თუ როგორ მოახერხა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანა იმ დროს ტაბუირებული ფილმის – “მონანიების” ფირის კოლოფები….

ჩემი აზრით, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ იქ, სადაც დაკრძალულია მიხეილ ჭიაურელი, სერგო ზაქარიაძე, ნოდარ დუმბაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, რეზო გაბრიაძე…. მათ გვერდით ნამდვილად უნდა იყოს რეზო ჩხეიძის ადგილიც! მას არანაკლები ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის ქართული კულტურის წინაშე! მშვიდად განისვენოს მისმა სულმა!”