4 აგვისტო, 2021

ფსევდოისტორიული ზღაპრები დავით აღმაშენებელზე

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მეფეზე – დავით მეოთხე აღმაშენებელზე, დეკანოზ ილია ჭიღლაძის განცხადებით, ფსევდოისტორიული ზღაპრები ვრცელდება:

“სადღეისოდ ქართველ ხალხში ფართოდ გავრცელებულია რიგი მოარული ფსევდოისტორიული ზღაპრები, რაც ისტორიის არ ცოდნის და საისტორიო-სამეცნიერო ლიტერატურის უცოდინრობის სავალალო გამოხატულებაა.
ჩამოვთვლი ამ პოპულარული სისულელეების ტოპ ათეულს:

1. სტალინი ფარული მორწმუნე და ეკლესიური იყო, ყაზანის ხატი შემოატარა ვერტმფრენით ლენინგრადის თავზე და ა.შ. – სინამდვილეში ეს ყველაფერი 1980-იან წლებში კგბ-ს მიერ გამოგონილი და გავრცელებული ზღაპრებია რუსული საბჭოური იმპერიის აპოლოგიისა და რომანტიზებისათვის მასებში, ხოლო რეალურად სტალინი იყო მებრძოლი ათეისტი, სამღვდელოების მასობრივი დამხვრეტი და ტაძრების გამანადგურებელი 1943 წლამდე, ხოლო 1943 წლიდან გადარჩენილი საეკლესიო ინსტიტუცები კგბ-ს სტრუქტურად აქცია და თავის პოლიტიკურ ამოცანებს დაუქვემდებარა;

2. “აღმაშენებელმა უღირს სამღვდელოებას ქუსლები დააჭრა.” – სინამდვილეში მან სამღვდელო ხარისხებიდან განკვეთა უღირსი სასულიერო პირები ყოველგვარი სადისტური სასჯელების გარეშე. აღმაშენებლის სადისტ ტირანად წარმოჩენა და ამით ტრაბახი იმას ნიშნავს, რომ ერის დიდ ნაწილს აღმაშენებელზე სამეცნიერო და ღირებული ლიტერატურა არ აქვს წაკითხული და ზღაპრებით იკვებება.

3. “თხოთის მთაზე მირიან მეფეს ნადირობისას მზე დაბნელდა.” – სინამდვილეში მირიანს თვალთ დაუბნელდა, მსგავსად პავლე მოციქულის მოქცევისა დამასკოს გზაზე. ამას ამბობს ყველა ძველი ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები. ეს შეცდომა ისტორიკოსებსაც კი ხშირად ემართებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ წყაროებს არ კითხულობენ, ან ვერ უკვირდებიან.

4. აღმაშენებლისა და ჭყონდიდელის დიალოგი ერის ღირსების დაბრუნებაზე არცერთ ისტორიის წიგნში/წყაროში არ ფიქსირდება, სასიამოვნო ბელეტრისტიკაა, მაგრამ არ ვიცი ეს საიდან მოიგონეს, ეგებ სადმე მხატვრულ ლიტერატურაშია.

5. “ქართველ ჯარისკაცებს ომში ვაზის ყლორტი მიჰქონდათ, რომ მათ საფლავზე ვაზს გაეხარა.” – ლამაზი ფანტაზიაა, მაგრამ მტკნარი სისულელე.

6. “ხინკალი მონღოლებმა გვასწავლესო” – ასეთი აბსურდი იშვიათი ტყუილია. მომთაბარე მონღოლებმა ხორბლის და პურის კულტურაც კი არ იცოდნენ, არამცთუ ხინკალი, რომელიც ხორბლის ფქვილის ცომისაგან მზადდება. ამასთან ხინკალი საქართველოს მთიანი კავკასიონის იმ რეგიონების ტრადიციული კერძია, სადაც მონღოლები არ შესულან და არც გაბატონებულან: ხევი, მთიულეთი, ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი. ხოლო სადაც ბატონობდნენ: აღმოსავლეთ საქართველოს ბარი და სამხრეთ საქართველო, ასევე სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ირანი და სხვა, იქ არ გავრცელებულა ხინკალი. რა გამოდის, ის მოსახლეობა, სადაც ბევრად მძიმე და დიდხნოვანი იყო მონღოლთა ბატონობა, იმდენად უნიჭოები იყვნენ, ხინკალი ვერ ისწავლეს და მაინცადამაინც მთიულებმა და ხევსურებმა ისწავლეს?! აბსოლუტური აბსურდია.

7. ბოლო პერიოდია გავრცელდა ახალი ზღაპარი და ერთმა ძალიან ცნობილმა პოლიტიკურმა პირმაც გააჟღერა: 400 წელი დავიწყებული იყო დავით აღმაშენებელი საქართველოში და მერე აღიარეს ქართველებმაო. ღმერთი, ხატი, საიდან ეს სისულელე და ისტორიის წყაროების უცოდინრობა?! 400 წლის მერე, მე-16 საუკუნეში ჩნდება მისი ეპითეტი “აღმაშენებელი” წერილობით წყაროებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამოკიდებულება გადაფასდა დავითის პიროვნებისადმი და მერე აღიარეს მისი სიდიადე და მანამდე ვერ ხედავდნენ, მთელი მე-12 და მე-13 საუკუნის ქართული წერილობითი წყაროები დავითის სიდიადეს და განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს, ხოლო მე-14 და მე-15 საუკუნეში მწერლობის დიდი წყვეტაა საქართველოში და უმცირესი რამ შემოგვრჩა იმ პერიოდის წერილობით წყაროებიდან. რომ იცოდე ეს ყველაფერი, უნდა წაიკითხო დავითის გარდაცვალების შემდგომ ხანებში დაწერილი “ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი” და თამარის ორი მატიანე, ლაშა-გიორგის მატიანე და ა.შ. ესე იგი “ქართლის ცხოვრების” კორპუსში შემავალი ნაშრომები, ამის მერე ასეთ სისულელეს აღარ იტყვი კაცი.

8. “მეფე მირიანმა ბევრი სისხლი დაღვარა ქართველთა გაქრისტიანების დროს” – ესეც მოარული ახალი ზღაპარი. საისტორიო წყაროები კი გვამცნობენ მხოლოდ: მთიელთა მოქცევისას “მცირედ წარმართა მახვილიო”, თანამედროვე ჭკვიანებმა მახვილის მცირედ გამოყენება დიდ სისხლისღვრად გადააკეთეს, ნუ ფანტაზიორობას ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ ისტორიის წყაროებს ვერ შეცვლი და ყალბი ისტორიის შეთხზვა ცუდი ამბავია.

9. “ყველა მსოფლიო საიდუმლოება ქართულ ენაში და ანბანშია თავმოყრილი” – კომენტარიც ზედმეტია ამ ულტრანაციონალისტურ მეზღაპრეობაზე.

10. ქალდეველები (შესაბამისად ებრაელთა ბიბლიური მამამთავარი აბრაამი, ისააკი, იაკობი, ასევე მათი შთამომავლები მარიამ ღვთისმშობელი და უფალი იესო ქრისტე) ქართველები იყვნენ. ქალდეველები სემიტური მოდგმის ხალხი იყო, მათგან მომდინარეობენ ებრაელები და ასირიელები, ერაყის, ძველი ბაბილონის ასირიელებს დღესაც ქალდეველები ეწოდებათ, ქართველებთან არანაირ ეთნიკურ და ენობრივ ნათესაობაში არ არიან.”