ოტია იოსელიანის ყველაზე გულწრფელი წერილი

ოტია იოსელიანის ყველაზე გულწრფელი წერილიმწერალ ოტია იოსელიანს მკითხველის სიყვარული არასოდეს აკლდა. ეს კი მისი გულწრფელი შემოქმედების დამსახურებაა.

“არტ ინფო” გთავაზობთ წერილს, რომელიც მწერლის თბილისში პირველ ვიზიტს შეეხება და ყველაზე გულწრფელია:

“თბილისში პირველად როცა ჩავედი და მოთხრობები ჩავიტანე, ტალახი მქონდა მუხლზე. ტალახს ახლაც არ ვიცილდებ, მიყვარს ქართული მიწა.

სკოლაში სამიანებს მიწერდნენ, ობოლი ვიყავი და იმიტომ. თორემ ისიც არ მეკუთვნოდა. უმაღლესში არ მისწავლია. იქ ვინ შემიშვებდა? და ამ დროს მიმაქვს მოთხრობები. რაშია საქმე? წიგნი მე არ მქონდა წაკითხული.
პირველი წიგნი ჩემი დაწერილი წავიკითხე. იქამდე არ მქონდა. წაიკითხეს მოთხრობები და გაოგნდნენ. აბა, ეს ვინ დაწერა? მე დავწერე, არადა, არავითარი პირობა არ გამაჩნდა იმისი, რომ ეს დამეწერა. დაიბნენ. კი, ეს დასაბეჭდია, მაგრამ დაიცა,…იქნებ რაღაცას ეშმაკობს? საიდანმე ხომ არ ქაჩავს? იქნებ ენები იცის და არ გვიმხელს?

ჟურნალ “დილის” რედაქტორი ნონეშვილი იყო და მისი მოადგილე გახლდათ მაყვალა მრევლიშვილი. გამიშვეს მრევლიშვილთან. მაყვალა მეკითხება: “შვილო, ოტია, შენ თუ ყურს არ უგდებ ამ ცხოვრების წარმავალობას, შენგან დიდი მწერალი დადგება” და მისახელებს რაღაც ფრანგულ ჟურნალს, ხომ არ მიგიღიაო? მაშინ კი არა, ახლაც არ ვიცი რა ჟურნალზე მეკითხებოდა.

მოკლედ, ვერაფერი გაარკვიეს. ჟურნალის ყველა ნომერს თვის ბოლოს კოლეგია არჩევდა. მეორე დღეს ეს კოლეგია იკრიბება. მათ შორის იყო აკაკი ბელიაშვილი და გამაგზავნეს მასთან. მივედი. ვინ ხარო? ესა და ესა-თქო. რა გინდაო? რა ვიცი, თქვენთან გამომაგზავნეს-თქო. ხომ არაფერს წერო? კი ბატონო, მე ვუთხარი. მომეციო. წაიკითხა. კიდევ ხომ არ გაქვსო? კი ბატონო. ყველა ჯიბეში მქონდა. იკითხა, იკითხა და წადი ახლა შენ. მე მკითხონ იმათმაო. ბელიაშვილმა არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ დაიწყეს ბეჭდვა და რასაკვირველია, მერე ეჭვი აღარავის შეპარვია…”