26 აგვისტო, 2021

ნოდარ დუმბაძის “ჰელადოსის” საოცარი ისტორია

მწერალი ნოდარ დუმბაძე თავის ნაწარმოებებში მკითხველს ყოველთვის რეალურ პერსონაჟებზე მოუთხრობდა.

შემოქმედის შვილი, ქეთევან დუმბაძე “ჰელადოსის” შექმნასთან დაკავშირებულ საოცარ ისტორიას იხსენებს:

“მარტო ვიყავი ოთახში, როცა მამა შემოვიდა. ქაღალდების დასტა საწოლზე დააგდო და მითხრა:
– მამა, წაიკითხე.
– აბა რას ვიზამ-მეთქი, – ვუპასუხე და წაკითხვა დილისთვის გადავდე.
– არა, მამა, ახლა წაიკითხე, – მითხრა.
თვითონ კუთხეში, საწერ მაგიდასთან ჩამოჯდა და იქიდან მიყურებდა. მთხოვა, ხმამაღლა წამეკითხა. მთელი მოთხრობა ლამის ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ბოლოში რომ გავედი, ავღრიალდი.
– როგორ მოკალი, მამა, იანგული?
– ეს მინდოდა, მამა, მეტი არაფერი, – გამომართვა ფურცლების დასტა და წავიდა, დაიძინა.
ჩემმა მტერმა დაიძინოს ისე, იმ ღამით მე რომ მეძინა. ყველა პერსონაჟი ჩემთვის ნაცნობი იყო და ასეთ ფინალს არ ველოდი…”