9 აგვისტო, 2021

ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ

„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ პროექტი „ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ“, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავსა და ოკუპაციის 100 წლის თარიღს ეძღვნება 30 ივლისს დაიწყო და მისი პირველი ეტაპი, გუშინ, 8 აგვისტოს, სიმბოლურად 2008 წლის ომის დღეს კარალეთის დევნილთა დასახლებაში დასრულდა.

ლიტერატურული, სახელოვნებო და შემეცნებითი ღონისძიებები საოკუპაციო საზღვრისპირა დასახლებებში ხორციელდება, რომლის ფარგლებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი აქტივობები:

თეატრალიზებული კოსტიუმირებული პერფორმანსი „უკანასკნელი დედოფალი“ (1801 წლის ანექსიის თემაზე);

საჯარო ლექცია – „ანექსია-ოკუპაცია-9 აპრილი – მწერლობის რეფლექცია ისტორიაზე“;

ლიტერატურული ინტერმედია „25 თებერვალი – 9 აპრილი“;

შეხვედრა მწერალთან – თანამედროვე ავტორები ოკუპაციის შესახებ.

პროექტის განხორციელების არეალს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო საზღვრისპირა დასახლებები; ტირძნისში გამართულ ღონისძებაში ჩართული იყო პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი, ტყვიავში – მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, ხოლო კარალეთში – პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი წარსდგა ადგილობრივი აუდიტორიის წინაშე. ღონისძიებების მხატვრულ ნაწილში კი ჩართული არიან მსახიობები: გიორგი იარაჯული, თეკა კოხრეიძე, თამარ ადამია, გიორგი გურული, ნინა ჯაოშვილი, ასმათ ქურციკიძე და სიმბოლურად ცხინვალის დევნილი თეატრის მსახიობი თაია გოგიძე.

პროექტის მიზანია, ანტისაოკუპაციო თემატიკაზე მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, ისტორიის გადააზრების ხელშეწყობა, ისტორიული და ისტორიაზე რეფლექსირების შესახებ ინფორმაციულობის დონის გაზრდა, ალტერნატიული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თემატიკაზე მორგებული სახელოვნებო, ლიტერატურულ და შემეცნებით აქტივობებზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში.

მეორე ეტაპით დაგეგმილი აქტივობები უკვე სექტემბრის თვიდან გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.