2 აგვისტო, 2021

ლიანა ისაკაძე – ვიოლინოს დედოფალი

ლიანა ისაკაძეს თავისუფლად შეიძლება ვიოლინოს დედოფალი ვუწოდოთ – მის ხელში ეს მუსიკალური ინსტრუმენტი კიდევ უფრო ჯადოსნური ხდება და ათასობით მსმენელის დატყვევებასაც ახერხებს. ხელოვანის მთავარი საიდუმლო კი საკუთარი საქმის უსაზღვრო სიყვარულია.

მუსიკოსი თავის პირველ ნაბიჯებს მუსიკალურ სამყაროში ყოველთვის დიდი სიყვარულით და სიამოვნებით იხსენებს:

“პირველი ჩემი სიტყვა იყო არა “დედა”, არამედ ფრაზა “მე ვიმღერე”. სამი წლის ასაკში უკვე ვქმნიდი პატარა ნაწარმოებებს, თან ისე, რომ ნოტებიც კი არ ვიცოდი. დედა ყველაფერს იწერდა.

20 წლის შემდეგ მაჩვენა ეს ჩანაწერები და გავოცდი, როდესაც აღმოვაჩინე მათ შორის ბახის საფორტეპიანო პრელუდიის პატარა ნაწყვეტი. როგორც ჩანს, ეს ნაწარმოები ბავშვობაში რადიოში მოვისმინე და ფორტეპიანოზე რომ დავუკარი, მეგონა ჩემი ნაწარმოები იყო. მაშინვე გადაწყდა, რომ ფორტეპიანოზე დაკვრას ვისწავლიდი, მაგრამ მოხდა საინტერესო ფაქტი: გამოცდის დღეს ავად გავხდი და მისვლა ვერ შევძელი.

ერთ კვირაში ტარდებოდა გამოცდები ვიოლინოზე დაკვრის მსურველთათვის. მევიოლინე ლეო შიუკაშვილმა მომისმინა და თავის კლასში ამიყვანა. ერთ წელიწადში სოლოკონცერტი ჩავატარე, ორი წლის შემდეგ კი ორკესტრთან ერთად დავუკარი…

მუსიკის გარდა, მიყვარს ცხენით ჯირითი. ვგიჟდები ცხენებზე, მიყვარს გიტარაზე დაკვრა და მანქანით სწრაფი სიარული. როდესაც ჩემს აგარაკზე მივდივარ, ავტობანზე საათში 200 კილომეტრითაც მივქრი. საერთოდ მიყვარს გარისკვა. რისკი საჭიროა არა მარტო ცხოვრებაში, არამედ მუსიკაშიც. სცენაზე კარგ გამოსვლას შთაგონება სჭირდება და თუ ეს გაქვს, მაშინ ნებისიმერი ლაფსუსი, არასწორად აღებული ნოტი, ან თუნდაც ტექნიკური შეცდომა მეასეხარისხოვანია.”