22 აგვისტო, 2021

კონსტანტინე გამსახურდიას ძალიან კარგი ჩანაწერი

კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას რომანების გარდა, არანაკლებ საინტერესოა მისი ჩანაწერები, სადაც იგი თავისი ნაწარმოებების შექმნის ისტორიებზე გვიამბობს.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ:

“…მე არა მწამს მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ფანტაზიისაგან გამოკვებილი ხელოვნება… მუდამ სინამდვილისაგან ამიღია ჩემი შემოქმედების პოეტური ანდაზა. არც ერთი ლანდშაფტი, არც ერთი ტიპი, არცერთი სახე მხოლოდ ფანტაზიით არ მომიგონია…

„დიონისოში“ ძველი რომაული სახლის აღწერა დამჭირდა, სპეციალურად შემისწავლია რომაული სახლის გეგმები, მუზეუმებსა და ფილოლოგიურ ნაშრომებში. რომაული ლარესის კულტს რომიდან ინდოეთამდის მივსდიე.

ტაია შელიას გველების ამბავი ზოგი ჩემს ბავშვობაში გამიგონია, ზოგიც ქართული მითოლოგიიდან ამოვკრიფე. ასევე პატიოსანი თვლების მნიშვნელოვანი სახელები ძველი ქართული წყაროებიდან ვისესხე… ამის შემდეგ საჭიროდ დავინახე ქართული ენის ალოგიური ბუნებიდანაც ამეღო ხარკი. ბუნებრივად ძველი კარაბადინებისა და შელოცვების შესწავლა დამჭირდა (ზოგიერთებს ეგონათ, მე თავათ მწამდა თითქოს ეს შელოცვები).

ჩემი ნოველა „ტაბუ“ ასე დავწერე: ერთ საღამოს მეგობრისას შევიარე. ჩემი მასპინძელი ფრიად საამური მოუბარი იყო და ძველი საქართველოს ყოფის კარგი მცოდნე. ბერიკაცს საუბრის დროს სიტყვა „ზანდაროზი“ წამოსცდა. ამ სიტყვას მე საბასგანაც ვიცნობდი, მაგრამ წინათ ყურადღებაც არ მიმიქცევია მისთვის. იმ ხანებში ერთი ინგლისელი მოგზაურის დღიურს ვკითხულობდი და მე მას ვუამბე: აფრიკელ ველურებს ზოგიერთი ცხოველის სახელის ხსენება ეკრძალებათ და, ისევე როგორც ჩვენში, მათაც ტაბუ ჰქონიათ-მეთქი. ნაშუაღამევამდის ვისაუბრეთ ძველი აზნაურების გარყვნილებასა და ნადირობათა გამო. მე დიდი ხნიდან გუმანი მქონდა, სულ სხვა ასპექტით გამეშუქებინა ქართული ბატონყმობა, ვიდრე ეს ილიას და ტეტიათ მოტრფიალეებს სჩვეოდათ. იმავე ღამეს შინმოსულმა ელექტრო ავანთე და ანაზდეულად ხელში მოხვედრილ ქაღალდის ნაჭერზე დავწერე: ტაბუ. ზანდაროზ აღებული მიმინო… გავიდა ორი კვირა.

აქ ერთი ამბავი ფრიად საგულისხმოა: როცა ხელოვნებაში რაიმე სერიოზულის თქმას ლამობთ, არასოდეს სერიოზული ტონით არ უნდა დაიწყოთ… რუსთაველი ნადირობით იწყებს თავისი პოემის უდიდეს დრამას და შექსპირს ოხუნჯებისა და ტაკიმასხარების მთელი ლეგიონი იმისთვის სჭირია, რომ ტრაგიკული გმირების პირიდან გადმონთხეული სატირა და სიბრძნე შეამსუბუქოს. მეც ისე მოვიქეცი: მყისვე როდი დავატაკე მკითხველს ტაბუში

განცხადებული ბატონყმობის ყოფის ბარბაროსობა, აზნაურთა სიბრიყვე და მცონარობა… ეკლესიური მისტიკისაგან დაბანგული ხალხის უმეცრების საშინელება, არამედ ჯერ ცალყბა ხუმრობით და შელოცვებით მიმინოს ამბები მოვუყევი და მხოლოდ შემდეგ გავხსენი ბნელი საუკუნის ღამეული სახე. ზოგიერთნი აღშფოთდნენ, მიმინოს წასწვდნენ და ლამის არ იყო მთელი ქვეყანა არ დააჯერეს, რომ მე მიმინოები შინა მყავდეს თითქოს… მე არ ვმალავ, სხვა მწერლების დარად, მეც განსაკუთრებული ყურადღება და სიყვარული გამომიმჟღავნებია ზოგიერთ ცხოველის ან ფრინველის მიმართ. მერმე რა არის აქ გასაქირდავი?.. მე ბაყაყებსაც ვუმღერე „ტაბუში“… განა ბაყაყი არ შეიძლება, პოეზიის თემა იყოს, ისე როგორც თუნდაც ბულბული? ცხოველთა სამეფოდან მე ორი სულიერი მყავს სიმბოლოდ აღებული – მიმინო და გველი (არც ერთი მათგანი შინ არა მყავს). მაგრამ პირველი აღმაფრენის ფარეშია ჩემი, ხოლო მეორე – სიბრძნისა. სად არის აქ ქრისტიანიზმი, ან კლერიკალიზმი? ქრისტეს არასოდეს დაუსვამს ხელზე მიმინო და ქრისტიანობას მუდამ სძაგდა გველი. ვისაც „დიონისოს ღიმილი“ ყურადღებით წაუკითხავს, მას ეცოდინება, რომ ჩემს კოსმოსოფიას ქრისტიანიზმთან არაფერი აქვს საერთო. ხელს რა მიშლიდა? უმეცართა სულმოკლეობა და მეშურნეთა სისინი.

ზოგიერთ მწერლებსა და ლამაზ ქალებს ერთნაირი უბედურება სჭირთ: ვინც მათ ვერ მისწვდება, ყველა აგინებს… მე მგონია: ქრისტე არავითარი ღმერთი არა ყოფილა. ალბათ, იგი უბრალო მეიგავე ებრაელი იყო. მის დროს სხვებიც ამბობდნენ იგავებს, მაგრამ ზოგს არ გამოუდიოდა. მერმე ის იყო ცუდი მეიგავეები ამბოხდნენ და ისე მოაწყვეს, რომ იესოს იგავების გამოთქმა შეაწყვეტინეს. ამგვარმა ცუდმა მეიგავეებმა მომიშხამეს სიცოცხლე და შემოქმედების ისედაც მძიმე ტვირთი გამიათკეცეს. ამ ამბებმა დიდი მწუხარება შემახვედრა, მაგრამ მტრებიც საჭირო ყოფილან თურმე. მწუხარებამაც ბევრჯერ ამაღებინა ხელში კალამი. დედაჩემის გარდაცვალებამ „დამსხვრეული ჩონგური“ დამაწერინა.

1924 წელს ჩემი საყვარელი ძმა – ალექსანდრე მიკვდებოდა, საავადმყოფოში ვუთევდი ღამეებს. ერთხელ მომეწყინა, დარდი შემომენთო გულზე. სწორედ იმ საშინელ ღამეს დავწერე „ზარები გრიგალში“. ვწერდი და ვტიროდი…

ჩვენში ბევრს ჰგონია: პატარა ნოველლა ადვილი დასაწერიაო, რადგან ზოგიერთმა ლიტერატორმაც არ იცის, რომ ნოველლა პროზაში იგივეა, რაც ლექსთა შორის სონეტი… თითქმის ორი წლის განმავლობაში ვწერდი ნოველლას – „დიდი იოსები“. ამ ნოველლის პროტოტიპად მყავდა ჩვენს ეზოში მცხოვრები მეკურტნე, შემდეგ კი – მეეზოვე იოსებ სხირტლაძე. ეს მოხუცი ფრიად გულალალი, უთვისტომო და ლოთობისაგან სრულიად დაავადებული კაცი იყო. ელანდებოდა: თითქოს ვიღაცები ხმალში შემოაკვდა. სადღაც დიდი განძი იპოვა, ხანაც ბოლშევიკობდა… ასეთივე იდეაფიქსიც ჰქონდა აჩემებული: თითქოს ის სახლი, რომელშიც მე ვცხოვრობდი იმ დროს, მისთვის ეჩუქნოს საბჭოთა მთავრობას.”…